სოფიო შაფათავამ გერმანიის ტურნირის წყვილთა ბადე მოიგო

AutoSharing Option
სოფიო შაფათავა გერმანული ჰეხინგენის ჩოგბურთელ ქალთა 60 000-იან ტურნირში მონაწილეობდა. წყვილებში იტალიელ კამილა როსატელოსთან ერთად მან ყველა მეტოქეს აჯობა.

წინა კვირას ვწერდით, რომ ქართულ-იტალიურმა ტანდემმა გერმანული ბატალიების სტარტზე მე-4 ნომრად განთესილი ტერეზა მდრეზა (ხორვატია) და ჩანთალ სკამლოვა (სერბეთი) ჩამოიშორა გზიდან.

მეოთხედფინალური შეხვედრა უკრაინელ ალონა ფომინასა და პოლონელ მაგდალენა ფრეჩთან საათსა და 13 წუთს გაგრძელდა, შაფათავამ და როსატელომ ორ სეტში გაიმარჯვეს - 7:5, 6:3. ნახევარფინალში ისინი მეტოქეობას უწევდნენ რუმინელებს - ნიკოლეტა დასკალუსა და კრისტინა დინუს. ქართველ და იტალიელ ჩოგბურთელებს გასამარჯვებლად სამი
სეტი და 81 წუთი დასჭირდათ - 6:3, 4:6, 14:12. ბევრი იყო წუნი: კარპატელებმა ექვსი ბრეიკპოინტიდან სამჯერ მიაღწიეს წარმატებას, სოფიომ და მისმა მეწყვილემ კი - ოთხჯერ, ოღონდ - თერთმეტიდან.

გუშინ ფინალში შაფათავა-როსატელოს პირისპირ დადგნენ გერმანელები - რომი კოელცერი და ლენა რუეტესი, რომლებმაც ნახევარფინალში იოლად აჯობეს ამინა ანშბას და ალინა სილიჩს (ორივე - რუსეთი) - 6:2, 6:1. გადამწყვეტი პაექრობა მხოლოდ 58 წუთს გაგრძელდა, ქართულ-იტალიური ტანდემის გამარჯვებით დასრულდა და საბოლოოდ წყვილებში ტურნირის მთავარი პრიზი მოიპოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული