ქართველი ჩოგბურთელები: მარიამ ბოლქვაძე ბრიტანული ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა

AutoSharing Option
თბილისელმა მარიამ ბოლქვაძემ წარმატებით ითამაშა დიდი ბრიტანეთის 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

პირველ წრეში მან იზაბელ პიარნშავს სძლია, მთავარ ბადეში გასასვლელად კი გუშინ ასევე მასპინძელი ემა ჰურსტი ჩამოიშორა გზიდან. მატჩი მხოლოდ 56 წუთს გაგრძელდა და ჩვენებურმა მეტოქეს ერთადერთი გეიმი დაუთმო - 6:0, 6:1. მარიამმა ერთი, ჰურსტმა კი სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ქართველმა 10-დან 7 ბრეიკპოინტი გამოიყენა, ბრიტანელმა - ორიდან ერთი.

გუშინდელი წარმატების შემდეგ მარიამი ძირითად ბადეში გავიდა და დღეს პემრა ოზგანთან (თურქეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
თურქი ჩოგბურთელი ეყოლება სტარტზე მეტოქედ
ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების ლიდერ სოფიო შაფათავასაც, რომელიც გერმანიის 60 000-იან ტურნირში ჩაებმება. იგი ტურნირზე მე-6 ნომრად განთესილ პიეკ სოულის შეხვდება.

* * *
ბელორუსში იმყოფება საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე. გუშინ მან უზბეკ შონიგმაჯონ შოფაიზიევთან ერთად იასპარეზა წყვილებში.

ამ დუეტმა სტარტზე სათანადო მეტოქეობა ვერ გაუწია ალექსის ქენტასა (დიდი ბრიტანეთი) და ნიკოლას მორანო დე ალბორანს (ესპანეთი). ცივაძემ და შოფაიზიევმა მატჩი 51 წუთში დათმეს - 3:6, 1:6, არადა, ორთაბრძოლისას 8 ეისი მიითვალეს მეტოქის ორის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, ცივაძემ და მისმა მეწყვილემ სამი ორმაგი შეცდომა დაუშვეს, ბრიტანულ-ესპანური ტანდემი კი მხოლოდ ერთხელ შეცდა. გიორგიმ და შუააზიელმა ერთი ბრეიკპოინტი გამოიყენეს (ერთიდან), მეტოქემ კი - ხუთი რვიდან.

ცივაძე დღეს ერთეულებში გამოცდის ძალებს - ასპარეზობის მე-6 ნომერ მარატ დევიატიაროვს (უკრაინა) დაუპირისპირდება.

* * *
WTA-მ ქალ ჩოგბურთელთა განახლებული რეიტინგ-ლისტები გამოაქვეყნა. სოფიო შაფათავა 208 ქულით მსოფლიოს 249-ე ჩოგანია, რაც წინა კვირის შედეგზე 6 ადგილით უკეთესია.

ეკატერინე გორგოძე 444-ე პოზიციაზეა (-1), ხოლო მარიამ ბოლქვაძე - 460-ეზე (+5). ხუთასეულში მეტი წარმომადგენელი არ გვყავს.

წყვილთა თანრიგში ოქსანა კალაშნიკოვა 1025 ქულით 77-ე პოზიციაზეა. ამავე ადგილზე იმყოფებოდა 26 წლის ჩოგბურთელი წინა ორშაბათსაც. შაფათავა წყვილებში 296-ე პოზიციაზეა, ხოლო გორგოძე - 343-ზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული