ფორმულა 1: იტალიური ტრაგედია სინგაპურში

AutoSharing Option
სინგაპურის სანახევროდ წვიმიან რბოლაში ლუის ჰემილტონმა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ფავორიტი გახდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

არადა, შაბათს გამართლდა პროგნოზები - "მერსედესს" გაუჭირდა საკვალიფიკაციოში "ფერარისთან" და "რედ ბულთან" ბრძოლა, ამიტომაც, ლუის ჰემილტონი და ვალტერი ბოტასი მხოლოდ მესამე რიგიდან იწყებდნენ რბოლას. პირველი და მეორე პოზიცია სებასტიან ფეტელსა და მაქს ფერსტაპენს ერგოთ, მესამე და მეოთხე - დანიელ რიკარდოსა და კიმი რაიკონენს.

ბოლო ორ სეზონში, სინგაპურის გრანპრიზე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ფინიშზე პირველი სამეული კვალიფიკიაციის პირველ ტრიოს ემთხვეოდა, მაგრამ, ამჯერად, წვიმიან რბოლაში თავიდანვე ყველაფერი
აირია.

სტარტზე ავარიის გამო, ბრძოლას პირველივე წრეზე გამოეთიშა ფეტელი, რითაც მოგებისკენ გზა გაეხსნა ჰემილტონს. ბრიტანელმა უპრობლემოდ მოიგო სეზონში მეშვიდე რბოლა და უკვე 28 ქულით უსწრებს გენერალურ კლასიფიკაციაში ფეტელს. შემდეგ მოდის ბოტასი, მაგრამ ფინელი ძალიან ბევრს - 51 ქულას აგებს ლუისთან.

პირველად ბოლო წელიწადნახევარში, "ფერარიმ" რბოლაში ქულის აღება ვერ შეძლო, რის ხარჯზეც "მერსედესმა" იტალიელებს 101 ქულით გაუსწრო.

შემდეგი რბოლა - მალაიზიის გრანპრი პირველ ოქტომბერს, კუალა-ლუმპურში გაიმართება.

რბოლის სტენოგრამა
სტარტი. რბოლა ავარიით იწყება! რაიკონენი ჯერ ფეტელს დაეჯახა, შემდეგ კი ფერსტაპენის "რედ ბულს". ორივესთვის რბოლა დასრულდა. გარდა ამისა, ძალიან დაზიანდა ფეტელის მანქანა. გამეორებისას გამოჩნდა, რომ ყველაფერი რაიკონენსა და ფერსტაპენს შორის შეხებით დაიწყო. ფინელმა სცადა "რედ ბულის" გასწრება, ამ მომენტში, ფეტელი ფერსტაპენის მხარეს გადავიდა და ჰოლანდიელს მანევრისთვის ადგილი არ დაუტოვა. საბოლოოდ, მაქსი შეეხო რაიკონენს და შემდეგ, ჯაჭვურმა რეაქციამ იმოქმედა. ამ შეჯახებაში ჩათრეული აღმოჩნდა ფერნანდო ალონსოც.

მე-3 წრე. ტრასაზე დარჩენილი ბოლიდები პეის-კართან ერთად პიტ-ლეინზე შევიდნენ. ფერსტაპენი და რაიკონენი ფეხით ბრუნდებიან ბოქსებში. ლიდერი ლუის ჰემილტონი გახდა.

მე-5 წრე. უსაფრთხოების მანქანა ტოვებს ტრასას. სტიუარდები გამოიკვლევენ მომხდარს. შესაძლოა, იყოს ჯარიმები.

მე-6 წრე. საოცარია: რესტარტის შემდეგ პირველ წრეზე, ჰემილტონმა რიკარდოს თითქმის ოთხი წამი მოუგო. ასეთი სიჩქარით, "მერსედესს" კონკურენტი არ ეყოლება.

მე-7 წრე. პრობლემები აქვს ალონსოს: მისმა გუნდმა დაკარგა ტელემეტრია, ასე რომ, ესპანელს მოუწევს ორიენტირება ბოლიდის "ელექტრო მოწყობილობების" მეშვეობით.

მე-8 წრე. ჰემილტონი სულ უფრო და უფრო სწრაფია. მისი უპირატესობა რიკარდოსთან 4.4 წამს უდრის. ბრიტანელმა ამ სხვაობას პრაქტიკულად 3 წრეში მიაღწია. ამასობაში, წვიმა შეწყდა.

მე-11 წრე. დანიილ კვიატმა დაამტვრია თავისი ბოლიდი. მან მაგნუსენს გაუსწრო, შემდეგ კი მეშვიდე მოსახვევში შესვლისას დამუხრუჭების დროს შეცდა. ტრასაზე ისევ გამოჩნდა უსაფრთხოების მანქანა.

მე-12 წრე. უსაფრთხოების მანქანის გამოჩენა პილოტებს საშუალებას აძლევს, ბოქსებში შევიდნენ და საბურავები გამოცვალონ. ტრასა თანდათან შრება და "წვიმის" საბურავების აუცილებლობა აღარ არის.

მე-13 წრე. ყველა პილოტი არ შევიდა ბოქსებში. მაგალითად, ჰემილტონმა და ბოტასმა გადაწყვიტეს, რომ არაფრის შეცვლა არ არის საჭირო.

მე-15 წრე. უსაფრთხოების მანქანა ტოვებს ტრასას. რბოლა საკმაოდ გაიწელა - 14 წრეს პილოტებმა 40 წუთი მოანდომეს.

მე-17 წრე. ჰემილტონმა ისევ უსწრაფესი წრე აჩვენა - 2 წუთი და 01.989 წამი. "მერსედესი" ისევ გაურბის რიკარდოს - 2.2 მათ შორის.

მე-18 წრე. მაგნუსენმა, ოკონმა და მასამ ნამდვილი ომი მოაწყვეს მე-11 ადგილისთვის. მათ ყურადღება არ მიაქციეს უსაფრთხოებას - მაგნუსენი 260 კმ/სთ სიჩქარით წავიდა გასწრებაზე და საბურავით შეეხო მასას ბოლიდს.

მე-20 წრე. 2.00,985 წამი - ჰემილტონი კიდევ უფრო სწრაფია. რიკარდოსთან უპირატესობა 5 წამამდე გაიზარდა. ჯერჯერობით, "მერსედესის" კონკურენტები უშანსოდ არიან.

23-ე წრე. გუნდები წვიმას აღარ ელოდებიან.

25-ე წრე. ჰემილტონი აგრძელებს ტემპის მომატებას - 2.00,372 წამი.

26-ე წრე. 1.59,952 წამი! ჰემილტონი, უბრალოდ, ფენომენალურია. თითქმის 7 წამს უგებს ის რიკარდოს.

28-ე წრე. 1.59,350 წამი! ჰემილტონის მორიგი სწრაფი წრე და რიკარდო უკვე 9 წამით ჩამორჩება ლიდერს.

29-ე წრე. 1.58,659 წამი! მაგნუსენი ახალი საბურავებით ყველაზე სწრაფია, ჰემილტონზეც კი! რიკარდო და ბოტასი შევიდნენ ბოქსებში.

30-ე წრე. ჰემილტონი ბოქსებშია. ბრიტანელი ტრასაზე ლიდერის რანგში ბრუნდება.

32-ე წრე. ყველაზე საინტერესო ბრძოლა ტრასაზე პალმერსა და ვანდორნს შორისაა მეშვიდე პოზიციისთვის. მათ შორის სხვაობა - 0.5 წამია.

33-ე წრე. პიტსტოპების სერიის შემდეგ, სიჩქარეები იზრდება. ყველაზე სწრაფი წრე აქვს ჰიულკენბერგს - 1.52,104 წამი.

34-ე წრე. ჰემილტონი ისევ ყველაზე სწრაფია - 1.49,453 წამი. უპირატესობა რიკარდოსთან 9.8 წამს შეადგენს. რბოლაში არანაირი ინტრიგა არ არსებობს.

36-ე წრე. ახლა უკვე ბოტასმა მიითვალა სწრაფი წრე - 1.48,238 წამი.

38-ე წრე. ტრასაზე ისევ უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა - ერიქსონმა სერიოზულად დაამტვრია მანქანა.

43-ე წრე. შედგა მორიგი რესტარტი!

44-ე წრე. ცხადი ხდება, რომ პილოტები სრულ დისტანციას (61 წრე) ვერ გაივლიან. წავიდა დროის ათვლა - მაქსიმუმ, რბოლა 2 საათი შეიძლება გაგრძელდეს. ასე რომ, ფინიშამდე დარჩა 23 წუთი.

22 წუთით ადრე. საუკეთესო დრო ჰემილტონს - 1.47,133. რესტარტის შემდეგ, ბრიტანელი ისევ დამაჯერებლად ლიდერობს.

19 წუთით ადრე. ჰემილტონი კიდევ უფრო ზრდის ტემპს - 1.46,389. 2.3 წამი რიკარდოზე უპირატესობა.

16 წუთით ადრე. ჰემილტონი სულ უფრო და უფრო სწრაფია - 1.45,656. გუნდი მას ურჩევს - ტემპი დააგდოს, მაგრამ ბრიტანელი რჩევებს არ იღებს.

12 წუთით ადრე. ბრძოლას ჩამოცილდა ნიკო ჰიულკენბერგი. ის ბოქსებში შევიდა და ტექნიკური პრობლემების გამო, ტრასაზე ვეღარ დაბრუნდა.

8 წუთით ადრე. კიდევ ერთი გამოვარდნა. მაგნუსენი ნელა ბრუნდება ბოქსებში.

6 წუთით ადრე. ჰემილტონი ლიდერობს 4-წამიანი სხვაობით. ფინიშზე ბრძოლა არ გამოვიდა.

3 წუთით ადრე. 1.45,405 - სწრაფი წრე ბოტასს.

ფინიში. ლუის ჰემილტონმა მოიგო სინგაპურის გრანპრი! ეს მისი მეშვიდე მოგებაა სეზონში და მე-60 კარიერაში.

სინგაპურის გრანპრი
მარინა ბეი. 61 წრე, 308.828 კმ
1(5). ლუის ჰემილტონი (ბრიტ, მერსედესი) 2:03.23.543
2(3). დანიელ რიკარდო (ავსტრა, რედ ბული) +4,507
3(6). ვალტერი ბოტასი (ფინ, მერსედესი) +8,800
4(10). კარლო საინსი (ესპ, ტორო როსო) +22,822
5(12). სერხიო პერესი (მექ, ფორს ინდია) +25,359
6(11). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ, რენო) +27,259
7(9). სტოფელ ვანდორნი (ბელ, მაკლარენი) +30,388
8(18). ლენს სტროლი (კან, უილიამსი) +41,696
9(15). რომენ გროსჟანი (საფ, ჰაასი) +43,282
10(14). ესტებან ოკონი (საფ, ფორს ინდია) +44,795
11(17). ფელიპე მასა (ბრა, უილიამსი) +46,536
12(19). პასკალ ვერლაინი (გერ, ზაუბერი) 2 წრე

ფინიშზე ვერ მივიდნენ
13(16). კევინ მაგნუსენი (დან, ჰაასი) 8 წრე
14(7). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ, რენო) 10 წრე
15(20). მარკუს ერიქსონი (შვედ, ზაუბერი) 23 წრე
16(13). დანიილ კვიატი (რუს, ტორო როსო) 48 წრე
17(8). ფერნანდო ალონსო (ესპ, მაკლარენი) 50 წრე
18(1). სებასტიან ფეტელი (გერ, ფერარი) 58 წრე
19(2). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ, რედ ბული) 58 წრე
20(4). კიმი რაიკონენი (ფინ, ფერარი) 58 წრე

საერთო ჩათვლა
1. ჰემილტონი - 263 (7 მოგება)
2. ფეტელი - 235 (4)
3. ბოტასი - 212 (2)
4. რიკარდო - 162 (1)
5. რაიკონენი - 138
6. ფერსტაპენი - 68
7. პერესი - 68
8. ოკონი - 56
9. საინსი - 48
10. ჰიულკენბერგი - 34
11. მასა - 31
12. სტროლი - 28
12. გროსჟანი - 26
14. მაგნუსენი - 11
15. ალონსო - 10
16. პალმერი - 8
17. ვარნდორნი - 7
18. ვერლაინი - 5
19. კვიატი - 4

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 435
2. ფერარი - 373
3. რედ ბული - 212
4. ფორს ინდია - 113
5. უილიამსი - 55
6. ტორო როსი - 40
7. ჰაასი - 35
8. რენო - 34
9. მაკლარენი - 11
10. ზაუბერი - 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული