სხვა

ავტოსპორტი

სენსაცია კლასიკურ რალიში: ესაპეკა ლაპის პირველი გამარჯვება

AutoSharing Option
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ეტაპი - ფინეთის რალი გაიმართა, რომელიც სენსაციური შედეგით დასრულდა. სამი დღის ჯამში საუკეთესო შედეგი "ტოიოტას" ახალწვეულმა, ფინელმა ესაპეკა ლაპიმ უჩვენა. ეს მისთვის არათუ პირველი მოგება იყო რალიში, არამედ, პირველი პოდიუმი.

ლაპის ბოლო დღის წინ 50-წამიანი უპირატესობა ჰქონდა და მიუხედავად მარცხენა უკანა საბურავის დაზიანებისა, უახლოეს მდევარს - "ფორდის" ბრიტანელ პილოტს ელფინ ევანსს ფინიშზე 36 წამი მაინც მოუგო. მესამე ადგილზე "ტოიოტას" კიდევ ერთი ფინელი პილოტი იუჰო ჰანინენი გავიდა.

ფინეთის რალის შემდეგ, გენერალურ კლასიფიკაციას ორი ლიდერი ჰყავს -
ბელგიელი ტიერი ნოივილი ფრანგ სებასტიან ოჟიეს დაეწია. მათ 160-160 ქულა აქვთ. 119 ქულით მესამეზეა ესტონელი ოტ ტანაკი, 112 ქულით მეოთხეზე - ფინელი იარი-მატი ლატვალა.

ჩემპიონატის დამთავრებამდე ოთხი ეტაპია დარჩენილი. შემდეგი ეტაპი 17-20 აგვისტოს გერმანიაში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"