ზე რაგბის სერიოზული და ისე რა ნომინაციები

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშება გასულ უქმეებზე დასრულდა. წლეულს ის, როგორც არასდროს, თავბრუდამხვევი, მოულოდნელობებით აღსავსე იყო. თუმცა ფინალი სწორედაც რომ პროგნოზირებადი გამოდგა. ჰემილთონის "ჩიფსმა" დამსახურებულად გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ გახდა ამ ჯილდოს მფლობელი.

ახლა წლევანდელ გათამაშებას თავიდან ბოლომდე გადავავლოთ თვალი და გამორჩეულ მოთამაშეებსა და მოვლენებზე ვისაუბროთ.

წლევანდელი გათამაშების საუკეთსო მოთამაშის ნომინაციაში ორი ყველაზე რეალური კანდიდატურაა.

მგეზავი აარონ კრადენი და გარემარბი ბენ სმითი. კრადენი იდეალური კანდიდატურა არ არის, მაგრამ ის შეუდარებელი იყო გათამაშების დასკვნით ფაზაში. პლეი ოფში "ჩიფსის" წარმატება მისმა შესანიშნავმა თამაშმა მნიშვნელოვანწილად
განაპირობა. სმითმა კი სეზონი ძალზედ ეფექტურად წარმართა.

საუკეთესო ავსტრალიელ მორაგბედ ისევ ღვაწლმოსილ მესამეხაზელს ჯორჯ სმითს მივიჩნევდით. მას ოდნავ ჩამორჩება ბენ მოვენი. ყველაზე პერსპექტიული ავსტრალიელი მორაგბე კი კაილი გუდვინია.

წლის დანაკარგად სკოტ ჰიგინბოთამი შეიძლება განვიხილოთ. ის წლეულს "მელბურნ რებლზში" ირჯებოდა და უდროო დროს დაშავდა. არადა, მას "ვოლაბებისთვის" დიდი სარგებლობის მოტანა შეეძლო "ბრიტანელ ლომებთან" სერიაში.

წლის საუკეთესო მწვრთნელი უდავოდ დეივ რენია. მან უდიდესი სამუშაო გასწია, რათა "ჩიფსს" წარმატებისთვის მიეღწია. თუმცა, სეზონის საუკეთესო მწვრთნელად მაინც ახალზელანდიელი უორენ გეთლენდი უნდა მივიჩნიოთ, რომელიც წლეულს "ბრიტანელ ლომებს" მოძღვრავდა.

მან სარისკო და ძალზე მნიშვნელოვანი, როგორც აღმოჩნდა, დროული გადაწყვეტილება მიიღო. ავსტრალიის ნაკრებთან სერიის ბოლო მატჩში შემადგენლობაში ლეგენდარული შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი არ შეიყვანა. შედეგად, ბრიტანელებმა იოლ გამარჯვებას მიაღწიეს, რითაც გეთლენდმა დაამტკიცა, რომ თანამედროვეობის უდიდესი დამრიგებელია.

ყველაზე საოცარი მოდა: გაუგებარია ამჟამად მორაგბეები რატომ იყენებენ საკუთარ ყურებს "კაპების" ჩამოსაკიდებლად.

ყველაზე დიდი მორალური იმპულსი: წინა სეზონებისგან განსხვავებით სიდნეელმა ქომაგებმა "ვორათაზი" მოედნიდან სტვენით არ გააცილეს.

საუკეთესო მატჩად "ჩიფსისა" და "კრუსეიდერზის" ნახევარფინალური შეხვედრა უნდა ვაღიაროთ. ეს არის რაგბის ყველაზე კარგი რეკლამა. აი როგორ უნდა ითამაშო რაგბი!

ყველაზე უარესი თამაში: ასეთი, ალბათ, დაახლოებით სამია და სამივე ზე რაგბის დებიუტანტის სამხრეთაფრიკული "საუთერნ კინგზის" მონაწილეობით.

ყველაზე უაზრო გადაწყვეტილება: პრეტორიის "ბლუ ბულზმა" ნახევარფინალში "ბრამბიზთან" თავის ტაქტიკას უღალატა. მათმა კაპიტანმა დიუვალ პოთხითერმა სამჯერ არ დაარტყმევინა მორნი სტეინს საჯარიმო კარში. შედეგად პრეტორიელები საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ.

სარაგბო ჩხუბი, რომელიც არ გვინახავს: "მელბურნ რებლზის" ავტობუსში, როცა გუნდი დურბანში იმყოფებოდა, ქართლი ბეილმა და კუპერ ვუნამ იჩხუბეს. ორივე შინ გაუშვეს.

ზე რაგბის სიმბოლურ ნაკრებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფინალისტებს ჰყავთ. საუკეთესოთა შორის ჰემილთონის "ჩიფსმა" და კანბერის "ბრამბიზმა" ოთხ-ოთხი მორაგბე მიავლინა.

საინტერესოა, რომ მოწინავეთა შორის ოთხი ისეთი მორაგბე მოხვდა, რომელთა გუნდებმაც პლეი ოფში ვერ გააღწიეს. ესენია: შერკინების კვაჭი ადრიან სტარუსი (ჩიტაზი), ფულბეკი ბენ სმითი (ჰაილენდერზი) და ოქლენდის "ბლუზის" მორაგბეები, შუამარბი რენე რენჯერი და გარემარბი ფრენკ ჰალაი. საოცარია, მაგრამ საუკეთესო თხუთმეტეულში პრეტორიის "ბლუ ბულზის" არც ერთი მორაგბისთვის არ მოინახა ადგილი.

აღსანიშნავია, რომ ფლანკერის პოზიციაზე საუკეთესოდ ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" მესამეხაზელი მეთ ტოდი დასახელდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მორაგბეს, რიჩი მაქოას კონკურენტი გამოუჩნდა.

ტოდმა რიჩის არყოფნაში ყველა თავისი დადებითი თვისება გამოავლინა. ის შესანიშნავი მბოჭავია და დაცვაში გაუვალი კედელივით დგას.

როგორც უკვე ვთქვით, ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე იყო დანიდინის "ჰაილენდერზის" ფულბეკი ბენ სმითი.

მას წლეულს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ დანიდინელებმა უაღრესად ცუდად იასპარეზეს. სმითმა დამსახურებულად მოირგო ივნისის ტესტებზე "ოლ ბლექსის" კვართი და მომავალი ოთხი ერის გათამაშებაშიც მისგან მხოლოდ ეფექტურ გარჯას ელიან.

ცხადია, ყველაზე სადავო მგეზავის პოზიციაა. აქ ძალიან სერიოზული კონკურენციაა. დენ კარტერი (კრუსეიდერზი), მორნი სტეინი (ბლუ ბულზი), ქუადე კუპერი (რედსი)... სია კიდევ შეიძლება განვაგრძოთ. საუკეთესო კი, ჩემპიონის, ჰემილთონის "ჩიფსის" მგეზავი აარონ კრადენი გახდა.

თუ შარშან კრადენმა ნაბიჯი გადადგა მსოფლიოს კლასის მორაგბეობისკენ, წლეულს მან ეს სტატუსი საბოლოოდ დაიმტკიცა. აარონი დენ კარტერის "ტახტის" ღირსეული მემკვიდრე გახდა. შესანიშნავად თამაშობს ფეხით, არ აკლია შემოქმედებითი უნარი გუნდის შეტევის წარმართვისას. განსაკუთრებით ნაყოფიერად გაისარჯა ზე რაგბის დასკვნით ეტაპზე.

ასევ რთული გამოდგა ცხრა ნომრის პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა. ბრამბიზელი ნიკ ვაითი ქართლი ბეილის არყოფნაში ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა. ტაქტიკურად ძალიან კარგად აზროვნებს და სისწრაფეც არ აკლია. ერთი სიტყვით, ვილი გენიაც (რედსი) დაჩრდილა და პიტ ფან ზილიც (ჩიტაზი).

სიმბოლური ნაკრები
15. ბენ სმითი (ჰაილენდერზი), 14. ჰენრი სპეიგსი (ბრამბიზი), 13. რენე რენჯერი (ბლუზი), 12. კრისტიან ლეალიიფანო (ბრამბიზი), 11. ფრენკ ჰალაი (ბლუზი), 10. აარონ კრადენი (ჩიფსი), 9. ნიკ ვაითი (ბრამბიზი). 1. ვაით კროკეტი (კრუსეიდერზი), 2. ადრიან სტრაუსი (ჩიტაზი), 3. ბენ ტამეიფუნა, 4. კრეიგ კლარკი (ორივე-ჩიფსი), 5. სემ ვაითლოქი (კრუსეიდერზი), 6. ლიამ მესამი (ჩიფსი), 7. მეთ ტოდი (კრუსეიდერზი), 8. ბენ მოვენი (ბრამბიზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბესარიონ რატომ წერ შიგადაშიგ ბოდვებს?
რომელი ქერთლი ბილის არყოფნაში დაჩრდილა ნიკ ვაითმა ვილ გენია?
:D
გავიგეთ რომ ტურნირი არ გინახავს, თარგმნე მაინც წესიერად.
jamel
17:21 07-08-2013
0

სიახლეები პოპულარული