"ჩიფსმა" ზე რაგბის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო

AutoSharing Option
ახალზელანდიური ჰემილთონის "ჩიფსი" მეოთხე გუნდია ზე რაგბის ისტორიაში, რომელმაც საუკეთესო გუნდის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

აქამდე ეს ავსტრალიურმა ბრისბენის "რედსმა", ახალზელანდიურმა ოქლენდის "ბლუზმა" და სამხრეთაფრიკულმა პრეტორიის "ბლუ ბულზმა" შეძლო.

ზე რაგბის წლევანდელი გათამაშების ფინალში "ჩიფსმა" საკუთარ სტადიონზე ავსტრალიურ კანბერას "ბრამბიზს" უმასპინძლა და 27:22 დაამარცხა. ნახევარფინალისაგან განსხვავებით, როცა ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთან" მატჩში ჰემილთონელებს ფავორიტებად არ მიიჩნევდნენ, ამჯერად, "ჩიფსისგან" ყველა გამარჯვებას ელოდა.

თუმცა მატჩის მსვლელობისას მოვლენები ისე განვითარდა, რომ ადვილი შესაძლებელი იყო, ნახევარფინალის სცენარის გამეორება, ოღონდ, ამჯერად, მასპინძლების საზიანოდ.

თავად განსაჯეთ, "ჩიფსი" მატჩში
პირველად ანგარიშში 67-ე წუთზე დაწინაურდა. იქამდე კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვითარებას მოედანზე ავსტრალიური გუნდი აკონტროლებდა.

თამაში "ბრამბიზმა" აქტიურად დაიწყო. მეტოქეს რამდენჯერმე შეცდომა დააშვებინა და შუამარბ კრისტიან ლეალიიფანოს ფეხჩუბინობის წყალობით, რომელმაც სამი საჯარიმო გაიტანა, მე-20 წუთისთვის 9:0 იგებდა.

მასპინძლები გარდაუვალი მარცხის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ. მათ 11 წუთში მგეზავ აარონ კრადენის მიერ გატანილი სამი საჯარიმოს შემდეგ, ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - 9:9.

თუმცა პირველი ტაიმის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, მასპინძლებს მოედნის საკუთარ ნახევარზე ხელდახელ ბურთაობისას მეტოქის შუამარბმა ტევიტა კურიდრანიმ ერთ-ერთი გადაცემა ჩაუჭრა.

ავსტრალიელმა 35 მეტრი ლელომდე ისე ირბინა, ხელი ვერავინ შეუშალა. ლეალიიფანომ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 16:9.

ფინალურ მატჩში შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით წასვლა გამარჯვების მისაღწევად სერიოზული განაცხადია. ის თითქოს კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც 45-ე წუთზე ლეალიიფანომ კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა 10 ქულამდე გაიზარდა - 19:9.

მართალია, ორ წუთში ჰემილთონელებმა საჯარიმოს საჯარიმოთივე უპასუხეს, მაგრამ ვალში არც სტუმრები დარჩენილან და 58-ე წუთზე "ბრამბიზი" 22:12 იგებდა. ამ დროიდან მოყოლებული, "ჩიფსმა" სიჩქარეს უმატა და მატჩის სადავეების ხელში აღება შეძლო.

62-ე წუთზე მასპინძელთა ხანგრძლივი შეტევა მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შერკინების დანიშვნით დასრულდა.

ჰემილთონელებს მეტოქემ თითქოს შერკინება დაუტრიალა, მაგრამ მესამეხაზელმა ლიამ მესამმა იყოჩაღა, ბურთი აიტაცა და ლელოში შეაღწია. კრადენმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 17:22.

ხუთ წუთში მასპინძლებმა იერიში მოედნის საკუთარი ნახევრიდან წამოიწყეს. ხელდახელ ბურთაობით, მათ მეტოქის დაცვის ხაზი გაწელეს.

შეცვლაზე შესულმა რობი რობინსონმა ეს კარგად გამოიყენა. მან დროულად შენიშნა დაუცველი სივრცე და ლელომდე 25 მეტრი ირბინა. კრადენმა ამჯერად გარდასახვა გაიტანა და ჰემილთონელები ანგარიშში დაწინაურდნენ - 24:22.

"ჩიფსის" მონაგარი კრადენმა კიდევ უფრო გაზარდა 72-ე წუთზე. მან მორიგი საჯარიმო გაიტანა - 27:22. მატჩის დასასრულამდე საკმარისი დრო იყო საიმისოდ, რომ ავსტრალიელებს მდგომარეობა გამოესწორებინათ, თუმცა ხელიდან გაშვებული თამაშის სადავეები ვეღარ დაიბრუნეს და ჰემილთონელებმა ზე რაგბის გათამაშება დამსახურებულად მოიგეს.

საგულისხმოა, რომ ეს მატჩი ბოლო იყო "ჩიფსის" ოთხი მორაგბისთვის. ესენია: კრეიგ კლარკი, ლელია მასაგა, რიჩარდ კაჰუი და ბრენდონ ლეონარდი. ასევე ბოლო შეხვედრა გამართეს "ბრამბიზის" რიგებში 33 წლის მესამეხაზელმა ჯორჯ სმითმა და კლაიდ რეთბოუნმა.

ჩიფსი-ბრამბიზი 27:22
ჩიფსი (15-9) ანსკომბი (რობინსონი 58), მასაგა, ნგატი, ჰორელი (აკი 45), ტიკოიროტუმა (ფიზჯერალდი 78), კრადენი, კერ-ბარლოუ (პულუ 64). (1-8) სმითი, ელიოტი (მარშალი 78), ტამეიფუნა (აფეაკი 45), კლარკი, რეტალეკი, მესამი, ლატიმერი, ვანტ ლევენი (კენი 47).
2ლ: მესამი, რობინსონი. 5ს,გ: კრადენი.
ბრამბიზი (15-9) მოგი, სპეიგტი, კურიდრანი (ე. სმითი 71) ლეალიიფანო, რათბონე (ტომანე 58), ტუმუა, ვაითი (პრიორი 78). (1-8) სიო. მური, ალექსანდერი, ფერდი, ს. კარტერი (აუელუა 64), კიმლინი, ჯ. სმითი, მოვენი.
ლ: კურიდრანი. 5ს,გ: ლეალიიფანო.
მსაჯი: კრეიგ იუბერი (სამხრეთ აფრიკა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და "ჩიფსი" უძახე შენ :)
Georgi
09:48 06-08-2013
0

სიახლეები პოპულარული