ირლანდიის მორაგბეთა ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
ირლანდიის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დეკლან კიდნის კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს.

ხელშეკრულებით კიდნიმ "სამყურებთან" 30 ივნისამდე უნდა იმუშაოს, თუმცა ის ნაკრების თავკაცად უკვე 4 აპრილიდან არ ითვლება.

დეკლან კიდნიმ ირლანდიის ნაკრები 2008 წელს ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც გუნდი ედი ოსალივანმა დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდა.

მომდევნო წელს "სამყურებმა" ექვსი ერის გათამაშებაში "დიდი სლემი" შეასრულეს, თუმცა მერე "მწვანეების" საქმე სულ უკან და უკან წავიდა.

კიდნისადმი უკმაყოფილების ბოლო წვეთი იყო წლევანდელი ექვსი ერის გათამაშება. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებულნი
იყვნენ გუნდის წამყვანი მორაგბეები - პოლ ოკონელი, სტივენ ფერისი და ტომ ბოუი, ირლანდიის ნაკრებმა შთამბეჭდავად სძლია სასტარტო მატჩში უელსის ეროვნულ გუნდს - 30:22, მაგრამ ეს გამარჯვება ტურნირში უკანასკნელი გამოდგა.

კიდნის განაჩენი "სკუადრა აძურამ" გამოუტანა, როცა "სამყურები" თავის ისტორიაში პირველად დაამარცხეს რომის "სტადიო ოლიმპიკოზე".

ეს იყო ირლანდიის რაგბის კავშირის მოთმინების ბოლო წვეთი. "სამყურებს" ივნისში ჩრდილოამერიკული ტურნე აქვთ, სადაც აშშ-ისა და კანადის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. გუნდს კიდნის ნაცვლად დროებით ლი კისი უთავკაცებს. მოგვიანებით კი, როგორც ამბობენ, ირლანდიის ნაკრებს მსოფლიოს დონის მწვრთნელი ეყოლება.

"გვინდა მადლობა ვუთხრათ დეკლან კიდნის ირლანდიური რაგბის ერთგული სამსახურისთვის. მან ძალიან დიდი სამუშაო გასწია და ახალი ტალანტების ძიებაში წარმატებული იყო.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, განსაკუთრებით, ბოლო წლებში.

დარწმუნებულნი ვართ, მალე მოვძებნით უმაღლესი დონის მწვრთნელს, რომელიც ჩვენი ნიჭიერი და საკმაოდ ამბიციური მოთამაშეებით შესანიშნავ გუნდს შექმნის" - თქვა ირლანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ფილიპ ბრაუნმა.

"სამყურების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ბრისბენის "რედსის" თავკაცი ოუენ მაკკენზი განიხილება, თუმცა ირლანდიელებს, როგორც ჩანს, ზე რაგბის გათამაშების დასრულებამდე მოუწევთ ლოდინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული