უცხოური რაგბი

სხვადასხვა

ზე რაგბი. I ტური: ახალი არაფერია, მომგებმა მოიგო

AutoSharing Option
დიდი რაგბი სამხრეთ ნახევარსფეროსაც ეწვია. ზე რაგბის გათამაშებაში, რომელიც ისევ შარშანდელი ფორმატით მიმდინარეობს, პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამჯერადაც, მატჩების უმრავლესობა უხვქულიანი გამოდგა.

A ჯგუფში "მელბურნ რებლზი" შინ დიდი ანგარიშით დამარცხდა ახალზელანდიურ ოქლენდის "ბლუზთან" - 18:56.

თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მატჩის მეორე ტაიმში შეძლეს. პირველი ნახევარი თითქმის ბოლომდე ქულა-ქულაში მიდიოდა. შესვენებაზე კი, ოქლენდელები ათქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

სტუმრებმა, ჯამში, შვიდი ლელო მიითვალეს. აქე
დან სამი მესამეხაზელის, აკირა იოანეს ანგარიშზეა.

საინტერესო და დაძაბული გამოდგა ბრისბენის "რედსისა" და სამხრეთაფრიკული დურბანის "ნატალ შარქსის" დაპირისპირება. ორივე ეს გუნდი ბოლო წლებია ფავორიტთა შორისაა და, ამჯერადაც, ალბათ, ასე იქნება. ბრისბენელები მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე აგებდნენ, თუმცა გადამწყვეტი ლელოს გატანა შეძლეს და 28:26 მოიგეს. მასპინძელთაგან ორი ლელო შუამარბმა სამუ კერევიმ გაიტანა.

სიდნეის "ვორათაზმა", როგორც მოსალოდნელი იყო, შინ დაამარცხა მუდმივი აუტსაიდერი პერთის "ფორსი". თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს დიდი გაჭირვებით მოახერხა - 19:13.

A ჯგუფი
მელბურნ რებლზი-ბლუზი 18:56, რედსი-ნატალ შარქსი 28:26, ვორათაზი-ფორსი 19:13

სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 5 ქულა, 2. ვორათაზი - 4, 3. ბრამბიზი - 1, 4. ფორსი - 1, 5. მელბურნ რებლზი - 0.

II ტური
ფორსი-რედსი, ბრამბიზი-ნატალ შარქსი

ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, ველინგთონის "ჰარიკენზი", სტუმრად დაუპირისპირდა იაპონურ "სანვოლვზს" და, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ანგარიშით სძლია - 83:17. ორ-ორი ლელო მიითვალეს მაიკლ ფატიალოფამ და არდი სავეამ.

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ჰემილთონის "ჩიფსმა" სტუმრად დანიდინის "ჰაილენდერზთან" - 24:15. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰემილთონელებს გაუმართლათ, რადგან დანიდინიდან გამარჯვებული შინ დაბრუნებას ცოტა ვინმე თუ შეძლებს.

სტუმრებმა, რომლებმაც ამ გამარჯვებით სერიოზული განაცხადი გააკეთეს, სამი ლელო გაიტანეს. აქედან ორი გარემარბ ჯეიმზ ლოუს ანგარიშზეა.

მძიმე ბრძოლა გადაიტანა შინ ქრაისჩერჩის "კრუსეიდერზმა". "ჯვაროსნებმა" ავსტრალიური კანბერას "ბრამბიზი" დაამარცხეს - 17:13. მასპინძლებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ რიგებში რამდენიმე "ოლ ბლექი" თამაშობს, წლევანდელ სეზონში ისევ გაუჭირდებათ. დენ კარტერისა და რიჩი მაქოუს გარეშე ეს სულ სხვა გუნდია.

B ჯგუფი
ჰაილენდერზი-ჩიფსი 15:24, კრუსეიდერზი-ბრამბიზი 17:13

სატურნირო მდგომარეობა
1. ჰარიკენზი - 5 ქულა, 2. ბლუზი - 5, 3. ჩიფსი - 4, 4. კრუსეიდერზი - 4, 5. ჰაილენდერზი - 0

II ტური
ჩიფსი-ბლუზი, ჰარიკენზი-მელბურნ რებლზი, ჰაილენდერზი-კრუსეიდერზი

C ჯგუფში ერთმანეთის პირისპირ პირველივე ტურში პოტენციური ლიდერები წარდგნენ. კეიპთაუნის "სტორმერზმა" შინ პრეტორიის "ბლუ ბულზი" მიიღო და 37:24 დაამარცხა.

"ლურჯ ხარებს" მესამეხაზელის, ანრო ლიბერბეხის ორმა ლელომაც ვერ უშველათ, რადგან მათ კიდევ ორ ლელოს სტორმერზელებმა ხუთით უპასუხეს და, ამასთან ერთად, მასპინძელთა დამრტყმელი, ჟან-ლუკ დუ პლესიც უკეთ ირჯებოდა მეტოქეთა მექულე ანდრე პოლარდთან შედარებით.

წლეულსაც სერიოზული ძალა იქნება იოჰანესბურგის "ლაიონზი", რომელმაც სტუმრად შეძლო ბლუმფონტეინის "ჩიტაზის" დამარცხება - 28:25. ამ მატჩის გმირი სტუმართა შუამარბი როან ფან რენსბურხია, რომელმაც ორი ლელო გაიტანა.

C ჯგუფი
სანვოლვზი-ჰარიკენზი 17:83, ჩიტაზი-ლაიონზი 25:28, სტორმერზი-ბლუ ბულზი 37:24

სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 5 ქულა, 2. ჩიტაზი - 1, 3. ბლუ ბულზი - 1, 4. სანვოლვესი - 0

D ჯგუფში ერთი შეხვედრა გაიმართა. არგენტინულმა "იაგუარსმა" ყველაზე სუსტი სამხრეთაფრიკული გუნდი "საუთერნ კინგზი" დაამარცხა - 39:26. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ზე რაგბიში ჩართვამ არგენტინელების უდავო პროგრესი გამოიწვია.

D ჯგუფი
საუთერნ კინგზი-იაგუარსი 26:39

სატურნირო მდგომარეობა
1. იაგუარსი - 4 ქულა, 2. ლაიონზი - 4, 3. ნატალ შარქსი - 1, 4. კინგზი - 0

II ტური
ლაიონზი-ვორათაზი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"