ექვსი ერი. II ტური: ინგლისს ჯოზეფის ჰეთ თრიკმა უშველა

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურის მატჩები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკური შედეგებით დასრულდა. ინგლისის ნაკრებმა სტუმრად, დიდი სხვაობით სძლია იტალიის ნაკრებს  - 40:9 და ლიდერობას ინარჩუნებს.

ტურის ცენტრალური მატჩი პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გაიმართა, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა უმძიმეს ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა ირლანდიის ეროვნული გუნდი - 10:9.

ირლანდიელები 69-ე წუთამდე მასპინძლებს 9:3 უგებდნენ, თუმცა მაქსიმ მედარის ლელომ "ლე ბლოს" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოუტანა.

ფრანგთა ახალი თავკაცი გი ნოვესი ნამატჩევს ძალზე აღელვებული ჩანდა:

"ძალიან მიხარია, რომ ჩემი გუნდის წევრებს სჯერათ ერთმანეთის. მათი მიზანი
მხოლოდ გამარჯვებაა და ამისკენ წამიერი შეფერხებაც არ აშინებთ. გამარჯვების ლელო მათი გონების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნაყოფია. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას: ფედერაციას, რომელიც ძალიან გვეხმარება, რათა სათანადო საწვრთნელი პირობები შეგვიქმნას; ასევე, ჩემს ასისტენტებს, თითოეულ მორაგბეს. ეს გამარჯვება უდიდესი შრომის ფასად მოვიპოვეთ", - თქვა მან.

მწვრთნელის განწყობა, ცხადია, გუნდის მესამეხაზელმა იაკუბუს კამარამაც გაიზიარა:

"ძალიან ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწია თამაში. ამიტომაც იყო, დიდი გაჭირვებით რომ მოვიგეთ. ირლანდიის ნაკრები ბოლო სამი-ოთხი წელიწადია ევროპაში დომინირებდა. მით უფრო სასიხარულოა ჩვენი წარმატება. დაცვაში შესანიშნავად გავისარჯეთ. ახლა კიდევ მეტი უნდა ვიშრომოთ, წინ წავიდეთ და საკუთარი თამაში ვიპოვოთ" - დასძინა მან.

კიდევ უფრო საინტერესო და უხვლელოიანი გამოდგა უელსის ნაკრების დაპირისპირება კარდიფში, შოტლანდიის ნაკრებთან. მასპინძლებმა "სკოტებს" მხოლოდ ოთხი ქულის სხვაობით მოუგეს - 27:23.

არადა, მატჩის პირველი ტაიმი შოტლანდიელებმა 13:10 მოიგეს. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა შეძლეს საკუთარი თამაშის მეტოქეზე თავსმოხვევა, რამაც საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.

"ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. შოტლანდიის ნაკრები ქებას იმსახურებს. რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რის გამოც მეტოქემ საკმაოდ მძლავრ წნეხში მოგვაქცია. ვიცოდით, რომ რაკთან ახლოს თამაშისას უნდა გვეყოჩაღა. მეორე ტაიმში ეს უკეთ გამოგვივიდა და შედეგმაც არ დააყოვნა.

გამარჯვების მიღწევა გაგვიჭირდა, მაგრამ ყველანაირი მოგება სასიამოვნოა. მით უფრო, საკუთარ მოედანზე, ქომაგების უდიდესი მხარდაჭერის თანხლებით", - თქვა უელსის ნაკრების შუამარბმა ჯიმი რობერტსმა.

თამაშის ხარისხით უკმაყოფილო იყო "წითელი ურჩხულების" კაპიტანი სემ ვერბარტონი:

"შოტლანდია კარგი გუნდია. ჩვენ ვნახეთ, როგორ შესანიშნავად ითამაშა მან განვლილ მსოფლიოს თასზე და ექვსი ერის წინა ტურში. ისინი აშკარად მეტს იმსახურებენ. ნამდვილად არ არიან იმის ღირსნი, რომ მოგებათა გრაფაში ნული ეწეროთ.

გამოჩნდა, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ წინა უქმეებთან შედარებით, უკეთ გამოვიყურებოდით. ნელ-ნელა უნდა მოვუმატოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა, უფრო ძლიერ მეტოქეებთან გამკლავება გაგვიჭირდება".

ინგლისის ნაკრებზე უკვე ვთქვით. "პომებმა" რომში იტალიელებთან მეორე ტაიმში ბევრად უკეთ ითამაშეს. მეტოქეს, ჯამში, ხუთი ლელო გაუტანეს. აქედან სამი შუამარბ ჯონათან ჯოზეფის ანგარიშზეა.

ექვსი ერი. II ტური
საფრანგეთი-ირლანდია 10:9
საფრანგეთი (15-9) მედარი, ტომასი (ბონევალი 45), მერმოსი, დანტი (დუსანი 74), ვაკატავა, პლისონი, ბეზი (მაშენო 57). (1-8) პუარო (სლიმანი 45), გირადო (შატი 72), ატონიო (ბენ არუსი 45), ფლანკარი, მაესტრი (ჟედრასიკი 59), ლორე, კამარა (გუჟონი 68), შული.
ლ: მედარი. გ,ს: პლისონი.
ირლანდია (15-9) ა. კირნი, ტრიმბლი, პეინი, ჰენშო, დ. კირნი (მაკფედენი 30), სექსტონი (მადიგანი 70), მურეი. (1-8) მაკგრატი, ბესტი (სტრაუსი 72), ვაითი (ფურლონგი 63), მაკკარტი (რაიანი 63), ტონერი, სტენდერი, ობრაიანი (ოდონელი 20), ჰისლიპი.
3ს: სექსტონი
მსაჯი: ჟაკ პეიპერი (სამხრეთი აფრიკა)

უელსი-შოტლანდია 27:23
უელსი (15-9) ლ.ვილიამსი, ნორსი, ჯ.დევისი, რობერტსი, ჯეიმზი (ასკომბი 66), ბიგარი (პრისტლენდი 72), გ.დევისი. (1-8) ევანსი (ჯენკინსი 48), ბოლდვინი (ოუენსი 48), ლი (ფრენსისი 68), ჩარტერისი (დევისი 48), ჯოუნზი, ვერბარტონი, ტიპურიკი (ლიდიატი 62), ფალეტაუ.
3ლ: გ.დევისი, რობერტსი, ნორსი. 3გ,2ს: ბიგარი.
შოტლანდია (15-9) ჰოგი, მეთლენდი, ბენეტი, ტეილორი, სეიმური, რასელი (ვეირი 68), ლაიდლოუ (იდალგო 78). (1-8) დიკინსონი (რიდი 66), ფორდი (მაკლინი 66), ნელი, რ. გრეი, ჯ.გრეი (სვინსონი 69), ბარკლი (ქოუანი 66), ჰარდი, დენტონი.
2ლ: სეიმური, ტეილორი. 3ს: ლაიდლოუ. 2გ: ლაიდლოუ, ვეირი.
მსაჯი: ჯორჯ კლენსი (ირლანდია)

იტალია-ინგლისი 9:40
იტალია (15-9) მაკლინი, სარტო, კამპანარო, გარსია (პადოვანი 71), ბელინი, კანა (პრატიკეტი 70), გორი (პალაზინი 68). (1-8) ლოვოტი (ზანუსო 70), გეგა (გიაზონი 56), ჩიტადინი (კასტროჯოვანი 56), ბიაჯი, ფუსერი (ბერნაბო 67), მინტო, ძანი (სტეინი 58), პარისე.
3ს: კანა
ინგლისი (15-9) ბრაუნი (კლიფორდი 53), ვოტსონი, ჯოზეფი, ფარელი (გუდი 75), ნოიელი, ფორდი, იანგზი (კერი 65). (1-8) მ. ვუნიპოლა (მარლერი 64), ჰარტლი (ჯორჯი 65), კოლი (ჰილი 70), ლოუ (ლანჩბერი 65), კრუსი, რობშო, ჰესკელი, ბ. ვუნიპოლა.
5ლ: ფორდი, ჯოზეფი (3), ფარელი. 3გ: ფარელი. 3ს: ფარელი (2), ფორდი.
მსაჯი: გლენ ჯექსონი (ახ. ზელანდია)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 2 2 0 0 +37 4
2. საფრანგეთი 2 2 0 0 +3 4
3. უელსი 2 1 1 0 +4 3
4. ირლანდია 2 0 1 1 -1 1
5. შოტლანდია 2 0 0 2 -10 0
6. იტალია 2 0 0 2 -33 0

III ტური
27 თებერვალი
იტალია-შოტლანდია
ინგლისი-ირლანდია
უელსი-საფრანგეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული