ხელმოცარულები გამოსავალს ეძებენ

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების პირველი ტურის სენსაციის თანაავტორი საფრანგეთის ნაკრები 9 თებერვალს პარიზში, "სტად დე ფრანსზე" უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ორივე გუნდმა სტარტი მარცხიანი აიღო. ამიტომ, სავარაუდოდ, ბრძოლა უაღრესად უშეღავათო იქნება.

"ლე ბლოს" თავკაცმა ფილიპ სენტ-ანდრემ ნაკრების შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა.

ძირითად გუნდში დაბრუნდა შუამარბი მატიო ბასტარო, რომელმაც ფლორინ ფრიცის ადგილი დაიკავა. ბასტაროს უკანა ხაზში თანაკლუბელი მაქსიმ მერმოსი შეუწყვილდება.

იტალიელებთან მატჩში დაშავდა ფრანგთა კაპიტანი პასკალ პაპე, რომელსაც მეორეხაზელი ჟოსელინ სუტა შეცვლის. ამდენად, "ლე ბლოს" "წითელ ურჩხულებთან" მატჩში ისევ ძველი კაპიტანი, მესამეხაზელი ტიერი
დუსოტუარი წარუძღვება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ლე ბლოს" თავკაცი კატეგორიული იყო:

"ნათქვამია, გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიანო. ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვცვლით წაგებულ გუნდს. მოთამაშეებმა უნდა მოახერხონ კონდიციების აღდგენა, ფსიქოლოგიურად წელში უნდა გაიმართონ.

იტალიასთან მარცხის გამო აღშფოთებას ვერ ვმალავდი. იმ მატჩში ნათლად გამოჩნდა ჩვენი გუნდის სუსტი წერტილები. ვეცდებით, წარმოჩენილი ხარვეზები სასწრაფოდ აღმოვფხვრათ და მოუთმენლად ველით შაბათს.

უკანა ხაზში განხორციელებული ერთი ცვლილება სტრატეგიული ხასიათისაა. უკანახაზელები (#10, #12, #13), ფრედერიკ მიშალაკი, მაქსიმ მერმოსი და მატიო ბასტარო თანაგუნდელები არიან. "ტულონში" ეს სამეული შესანიშნავად ირჯება და, იმედი მაქვს, უელსელთა დაცვას დიდ პრობლემებს შეუქმნის" - თქვა ფილიპ სენტ ანდემ.

კაპიტანი შეიცვალა უელსის ნაკრებშიც. გუნდის "ყოჩი" ფრანგებთან ბრძოლაში რაიან ჯოუნზი იქნება, რადგან სემ ვერბარტონი ტრავმირებულია. უელსელთა ლიდერი ლეიგ ჰალპფენი კრიზისის თაობაზე საუბარს გადაჭარბებულად მიიჩნევს.

თუმცა ფაქტია, რომ "წითელმა ურჩხულებმა" უკვე ზედიზედ მერვე თამაში წააგეს. ამ წარუმატებელი სერიის დასრულება მათ საფრანგეთის ნაკრებთან მატჩში უნდათ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ უელსის ნაკრებს, 1975 წლიდან მოყოლებული, სტუმრად ფრანგებისთვის მხოლოდ სამჯერ აქვს მოგებული.

"ჩვენ კრიზისი არ გვაქვს. ჯერ მხოლოდ ერთი თამაში წავაგეთ და ყველაფერი ისევ წინ არის. ბოლოს და ბოლოს, ჩემპიონები ვართ და ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ჩემპიონებს შეეფერებათ.

ირლანდიასთან მატჩში პრობლემა ის იყო, რომ ძალიან გვიან მივაგენით საკუთარ თამაშს. მხოლოდ მეორე ტაიმში გამოვცოცხლდით, მაშინ, როცა უკვე 30 ქულით ვაგებდით. ვფიქრობ, თუ ასეთივე ტონუსი ფრანგებთანაც შევინარჩუნეთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ" - თქვა უელსელთა ფულბეკმა და მთავარმა მექულემ.

საფრანგეთი
15. იან უგე, 14. ვესლი ფოფანა, 13. მატიო ბასტარო, 12. მაქსიმ მერმოსი, 11. ბენიამინ ფელი, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9. მაქსიმ მაშენო. 1. იანიკ ფორესტერი, 2. დიმიტრი შარჟევსკი, 3. ნიკოლა მასი, 4. ჟოსელინ სუტა, 5. იოან მაესტრი, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ფლუჟანს უოდრაოგო, 8. ლუი პიკამოლი.
16. ბენიამინ კაიზერი, 17. ვენსან დებატი, 18. ლუკ დუკალკონი, 19. რომენ ტაოფიფენუა, 20. დამიენ შული, 21. მორგან პარა, 22. ფრანსუა ტრინ-დუკი, 23. ფლორინ ფრიცი.

უელსი
15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ალექს კატბერტი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. დენ ბიგარი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. გეთინ ჟენკინსი, 2. რიჩარდ ჰიბარი, 3. ადამ ჯოუნზი, 4. ენდრიუ კუმბსი, 5. იან ევანსი, 6. რაიან ჯოუნზი, 7. ჯასტინ ტიპურიჩი, 8. ტობი ფალეტაუ.
16. კენ ოუენსი, 17. პოლ ჟეიმზი, 18. კრეიგ მიტჩელი, 19. ლუ რიდი, 20. ენტონი შინგლერი, 21. ლოიდ ვილიამსი, 22. ჯეიმზ ჰუკი, 23. სკოტ ვილიამსი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 2 ქულა, 2. ირლანდია - 2, 3. იტალია - 2, 4. საფრანგეთი - 0, 5. უელსი - 0, 6. შოტლანდია - 0.

II ტური
შოტლანდია-იტალია
საფრანგეთი-უელსი
ირლანდია-ინგლისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული