"პომებს" სტიუარტ ლანკასტერი უთავკაცებს

AutoSharing Option
ინგლისის რაგბის კავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი იქნება, რომელთანაც ოთხწლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

ლანკასტერმა "პომების" მთავარი მწვრთნელი მარტინ ჯონსონი 2012 წლის დასაწყისში შეცვალა. თუმცა ის მხოლოდ დროებით იყო დანიშნული. ლანკასტერის ხელმძღვანელობით ინგლისელებმა ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაში ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ეს შედეგი ბევრისთვის მოულოდნელი იყო.

ლანკასტერის კონკურენტი ცნობილი სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი ნიკ მალეტი გახლდათ. თუმცა ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა იან რიჩიმ, მას შემდეგ, რაც ორივეს გაესაუბრა, აღმასრულებელ კომიტეტს დასამტკიცებლად ლანკასტერის
კანდიდატურა წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელის ვინაობას მარტო იან რიჩი არ წყვეტდა. შექმნილი იყო სპეციალური ჯგუფი სერ იან მაკგიჰანის, კონორ ოშის, რიჩარდ ჰილისა და რობ ენდრიუს შემადგენლობით, რომელიც "პომების" თავკაცობის კანდიდატებს დეტალურად განიხილავდა.

ლანკასტერმა ყველასგან მაღალი შეფასება მიიღო. მას ანიჭებენ უპირატესობას თვითონ მორაგბეებიც. სტიუარტის ნაკრებში მისვლის დღიდან გუნდში ატმოსფერო სრულიად შეიცვალა. მან წინ წამოსწია რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე. ოუენ ფარელმა და ბრედ ბარიტმა კი ეროვნული გუნდის კვართი წლეულს პირველად მოირგეს.

"ძალიან ამაყი ვარ და ჩემთვის უდიდესი პატივია, ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა რომ მანდეს. ექვსი ერის გათამაშების მსვლელობისას მორაგბეები, მწვრთნელები და ნაკრების სხვა პერსონალი შესანიშნავად თანამშრომლობდა.

ახლა მთავარია, კარგად ჩაყრილ საძირკველზე კიდევ უფრო უკეთესი სახლი ავაშენოთ. 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის მზადება ახლავე უნდა დავიწყოთ. ერთი წამის დაკარგვაც კი არ შეიძლება.

ჩვენს ახალგაზრდულ გუნდს საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელის ივნისში, სამხრეთ აფრიკაში გასამართ ტურნეში. ამის გარდა, კიდევ 37 მატჩი გვაქვს სათამაშო, მანამდე, სანამ ჩვენს მშობლიურ მიწაზე მსოფლიოს თასის პირველ მატჩში ვიასპარეზებთ. 2015 წელს ვებ ელისის თასი ინგლისში უნდა დავტოვოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მუშაობის საბოლოო მიზანი.

მინდა მადლობა გადავუხადო იან რიჩისა და კომისიის წევრებს, რომლებმაც საშუალება მომცეს, მათთვის ინგლისური რაგბის განვითარების ჩემეული ხედვა გამეცნო. ვგრძნობ, რომ ისინი მენდობიან და მომავალს იმედით შესცქერიან.

სურვილი მაქვს, ნაკრებში ისევ ძველ ასისტენტებთან ერთად ვიმუშავო. გრემ რაუნტრი და ენდი ფარელი შესანიშნავი სპეციალისტები არიან და მათ ძალიან დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ" - თქვა სტიუარტ ლანკასტერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული