"ოლ ბლექსში" ოთხი ცვლილებაა

AutoSharing Option
ოთხი ერის გათამაშების მეორე ტურის წინ ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა გუნდის შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა.

"ოლ ბლექსმა" პირველ ტურში სიდნეიში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში, სადაც რამდენიმე მორაგბე დაშავდა.

ახალი ზელანდიის ნაკრები მეორე მატჩს ველინგთონში "ვოლაბებთან" გამართავს. "ოლ ბლექსის" თავკაცმა გუნდში ორ მგეზავს, კოლინ სლედსა და ტომ ტეილორს უხმო, რადგან ძირითადი მგეზავი დენ კარტერი ჯერ კიდედ ოთხი ერის გათამაშების დაწყებამდე დაშავდა და დღემდე მკურნალობს.

ავსტრალიელებთან მატჩში მუხლი იტკინა აარონ კრადენმა, ხოლო მისმა შემცვლელმა ბოდენ ბარეტმა ფეხის კუნთი
დაიშავა.

სტივ ჰანსენმა საწვრთნელ ბანაკში იხმო ახალი ზელანდიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ლუკ ვაითლოქი და "ჰარიკენზის" მესამეხაზელი ბრედ შილდსი, რადგან ჯერ კიდევ საეჭვოა, შეძლებენ თუ არა თამაშს მეორეხაზელი ლუკ რომანო და ფლანკერი ლიამ მესამი.

აღსანიშნავია, რომ დღემდე უცნობი იყო ამ შეხვედრის გამართვის ადგილი, ვინაიდან გასულ პარასკევს ველონგთონში მიწისძვრა იყო.

არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი საიმისოდ, რომ ველინგთონის "ვესტპაკ სთედიუმი" სერიოზულად დაზიანდა. ამიტომ ეს სპორტული არენა დროებით დახურეს და საინჟინრო ექსპერტიზა ჩაუტარეს, რომელმაც დაასკვნა, რომ სტადიონზე მატჩის გამართვა შესაძლებელია.

"ეს კარგი ამბავია, რადგან ავსტრალიასთან მატჩის დროს ანშლაგია მოსალოდნელი და, ცხადია, უსაფრთხო სტადიონი გვჭირდება.

საზოგადოების უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესია და ამიტომ საქმეში უმაღლესი რანგის ინჟინრები ჩავრთეთ. გასაგებია, რომ ქომაგები ნერვიულობდნენ ამის გამო, თუმცა ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა და, მიხარია, რომ ყველაფერი ყველასათვის კარგად დასრულდა" - თქვა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ ტიუმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული