ჩემპიონთა ლიგა. ფინალის წინ: გრიზმანის ნავთი და ბეილის ცეცხლი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ყველა ფინალს თავისი განსაკუთრებული ინტრიგა ახლავს თან და რა გასაკვირია, რომ გამონაკლისი არც კარს მომდგარი მილანური ფინალია. მით უმეტეს, ამ შეხვედრაში ერთმანეთს ოდინდელი მტრები, "რეალი" და "ატლეტიკო" ხვდებიან. ფაქტია, ეს მატჩი სცდება რიგით შიდაესპანურ გარჩევას და გაცილებით დიდ მასშტაბებს იძენს.

რა დროს ეს იყო? გრიზმანის აგენტი წასვლაზე ალაპარაკდა!
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ატლეტიკოსათვის" განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება ანტუან გრიზმანი. თანამედროვე ფორმაციის "ატლეტიკოს" წარმოდგენა ფრანგი ლიდერის გარეშე შეუძლებელია.

გრიზმანი მაგრად ერგება დიეგო სიმეონეს სტილს, ქარივით სწრაფია და მოუხელთებელი. განსაკუთრებით სახიფათოა კონტრშეტევებისას,
რაც "ატლეტიკოს" ერთ-ერთ მთავარ იარაღად მოჩანს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში.

და აი, ფინალამდე სულ ცოტა ხნით ადრე, როცა გადამწყვეტ მატჩამდე საათებიღაა დარჩენილი, ანტუან გრიზმანის აგენტმა ერიკ ოლატსმა "ეკიპს" უთხრა, რომ გრიზმანმა შესაძლოა ამ ზაფხულს "ატლეტიკო" დატოვოს.

"ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და მოვლენები ნებისმიერი სცენარით შეიძლება განვითარდეს. შეიძლება ჩემი კლიენტი სხვა კლუბში ვიხილოთ".

ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, გრიზმანმა არაერთი კლუბისგან მიიღო შეთავაზება და ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის. ანტუანი"ატლეტიკოს" ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.

განსაკუთრებით აქტიურობენ ინგლისური ფეხბურთის გოლიათები. "ჩელსის" და "მანჩესტერს" უზომოდ უნდათ, ანტუანი თავიანთ რიგებში იხილონ. წარმოიდგინეთ, როგორ არ ესიამოვნებოდა დიეგო სიმეონეს ასეთი ხმების გავრცელება, არგენტინელი ხომ ყოველთვის გუნდურობას აყენებს პირველ პლანზე.

როგორც ამბობენ, "მანჩესტერისა" და "ჩელსის" გარდა, გრიზმანის გადაბირებას კიდევ არაერთი გუნდი ცდილობს. ეს ფეხბურთელის აგენტმა დაადასტურა. მოგვიანებით თავად გრიზმანმა განაცხადა, რომ "ატლეტიკოში" ბედნიერია, მაგრამ რა თქმა უნდა, მადრიდელ ფეხბურთელებს და ამ კლუბის გულშემატკივრებს მაინც ხინჯად ჩარჩათ გულში ფრანგი აგენტის ნაუბარი.

ისიც ვთქვათ, რომ გრიზმანის გარეშე "ატლეტიკო" დღეს იქ არ იქნებოდა, სადაც დღეს არის - ჩემპიონთა ლიგის ფინალში. სწორედ ფრანგმა შეაგდო მიუნხენის "ალიანც არენაზე" ის გადამწყვეტი გოლი, რომელმაც "რეკორდმაისტერის" ოცნებები დაასამარა.

ასეთი ფეხბურთელის შესაძლო წასვლა გუნდისათვის დიდი დანაკლისი იქნება. ჯერ დიეგო სიმეონეს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. შესაძლოა, ის ამ თემას წინასამატჩო პრესკონფერენციისას შეეხოს.

გარეთ ბეილმა სკანდალი იპოვა
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ "რეალის" უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი შეგნებულად ფიქრობდა, რა ეთქვა ისეთი, რაც "ატლეტიკოს" ფეხბურთელებს გააგიჟებდა. უნდა ითქვას, რომ მას ეს აშკარად გამოუვიდა.

ბეილმა თქვა, რომ "ატლეტიკოს" ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა "სამეფო კლუბის" ძირითადში. ერთ-ერთი რადიოს ჟურნალისტმა გარეთს, ცოტა არ იყოს, პროვოკაციული კითხვა დაუსვა.

კითხვის არსი ასეთი იყო: "რეალის" კოსტარიკელი მეკარე კეილორ ნავასი გირჩევნიათ თუ "ატლეტიკოს" სლოვენიელი მეკარე იან ობლაკიო. "100 პროცენტით კეილორი", - ასეთი იყო უელსელის პასუხი და მერე მან თქვა ისეთი რამ, რის გამოც "როხიბლანკოს" ყველა ფანს სამუდამოდ შეაჯავრა თავი.

"თქვენ სათამაშო რგოლების მიხედვით გუნდების შედარებას მთხოვთ. აქ ორი აზრი არ შეიძლება იყოს - "რეალი" ყველა რგოლში უფრო ძლიერია. მეტიც - მე ვფიქრობ, რომ "ატლეტიკოს" ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა "რეალის" ძირითად შემადგენლობაში".

ბეილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის საუკეთესოა "რეალის" შემადგენლობაში.

"კრიშტიანო რონალდოსა და ქარიმ ბენზემას ხშირად ჰქონდათ ტრავმები. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღება მიწევდა. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ბრძოლის ჟინითა და მოტივაციით სავსე ვარ", - დაასრულა უელსელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული