გიორგი ნიჟარაძე: შეგვიძლია, თითქოს შეუძლებელი რეალობად ვაქციოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა პრეზენტაცია გამართეს.

მას შემდეგ, რაც შვიდკაცა რაგბი ოლიმპიური სახეობა გახდა, მის მიმართ ინტერესი მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა.

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ერთადერთი გუნდია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც სპორტის სათამაშო სახეობებში ლიცენზიის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

როგორი პერსპექტივა აქვს საქართველოში შვიდკაცა რაგბის? რამდენად დიდია რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების ალბათობა? ამ თემაზე, სახელწოდებით "გზა რიოსკენ" ოლიმპიურ კომიტეტში რაგბის კავშირმა საკმაოდ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა ჩვენი ქვეყნის სპორტის მესვეურებს.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"შვიდკაცა რაგბი შოტლანდიაში დაარსდა. მისი მიზანი უკანა ხაზის მოთამაშეების უკეთ მომზადება იყო. საქართველოში რაგბის ამ ნაირსახეობამ ფეხი გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მოიკიდა.

შვიდკაცა რაგბი ოლიმპიური სახეობა რომ გახდა, გასაკვირი არაა, რადგან სანახაობრივად კარგია და კომერციულად მომგებიანი. ამიტომ ტელევიზიები დიდ ყურადღებას აქცევენ და მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება.

შეგვიძლია თუ არა ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება? პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს ძნელად მისაღწევი იქნება და შანსიც მხოლოდ თეორიულია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სასწაული შედეგი არაერთხელ გვიჩვენებია და სწორი, მიზანმიმართული მუშაობით, შეგვიძლია, თითქოს შეუძლებელი რეალობად ვაქციოთ.

სამწუხაროა, რომ ოლიმპიადაზე მხოლოდ 12 გუნდია დაშვებული. ამის გამო იქ მსოფლიოს ბევრი წამყვანი ნაკრები ვერ მოხვდება.

იმ შემთხვევაში კი, თუ ოლიმპიადაზე, ისევე, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატზე, 24 გუნდი იქნება დაშვებული, გარწმუნებთ, ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვება სათუო არ გაგვიხდებოდა.

მაშინ ამ პრეზენტაციის გამართვაც არ დაგვჭირდებოდა და თამამად ვიტყოდით - ჩვენ რიო დე ჟანეიროში ვითამაშებთ.

არსებობს ლიცენზიის მოპოვების ორი გზა. პირველი, ეს არის შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერია.

2015 წლის სერიაში მოწინავე ოთხი გუნდი ავტომატურად მიიღებს რიოს საგზურს. საკმარისია, მათ შორის ერთი ბრიტანული გუნდი მოხვდეს (ინგლისი, უელსი ან შოტლანდია), რომ ეს სამი უძლიერესი ნაკრები, როგორც კონკურენტი, ჩამოგვშორდება.

მეორე გზა კონტინენტების ჩემპიონატია. ლიცენზიას ყველა კონტინენტის გამარჯვებული აიღებს. ეს შეჯიბრება 2015 წელს გაიმართება რამდენიმე ეტაპად. ჩვენი ძირითადი კონკურენტები საფრანგეთის, რუსეთის, პოტუგალიისა და იტალიის ნაკრებები იქნებიან.

მათთვის არაერთხელ მოგვიგია და, ვფიქრობ, სწორი მუშაობისა და მხარდაჭერის შემთხვევაში მიზნის მიღწევა სავსებით რეალურია.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ სათამაშო სახეობებიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად სწორედ ჩვენი შვიდკაცა რაგბის ნაკრები მოხვდა 2001 წელს. ამას ეროვნული ნაკრების წარმატებებიც მოჰყვა. ჩვენმა მეშვიდკაცეებმა უკვე ოთხჯერ ითამაშეს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ყველამ კარგად იცის, რომ არასდროს გვიწუწუნია, მაგრამ თუ შედეგი გვინდა, შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერაა საჭირო.

ნურავის ეწყინება, მაგრამ ამ ეტაპზე, სხვა სათამაშო სახეობებთან შედარებით, რაგბის ყველაზე მეტი შანსი აქვს, ოლიმპიადაზე მოხვდეს. გპირდებით, რომ ამის მისაღწევად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ".

ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი:
"რაგბი მსოფლიოში ისედაც პოპულარულია, მაგრამ მას შემდეგ, რაც შვიდკაცა რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შევიდა, ბევრ ქვეყანაში იგი პრიორიტეტული სპორტის სახეობა გახდება. იყო ოლიმპიური ოჯახის წევრი, იოლი არ არის. საქართველოს რაგბის კავშირს მადლობას ვუხდით საინტერესო პრეზენტაციისთვის.

ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საუბარი იმაზე, რატომ ვერ ვახერხებთ ლიცენზიის მოპოვებას სპორტის სათამაშო სახეობებში. ბუნებრივია, ამას ბევრი მიზეზი აქვს. გუნდურ სახეობებში ლიცენზიის მოპოვება გაცილებით რთულია, ვიდრე ინდივიდუალურში.

წინა ციკლში წყალბურთზე იყო აქცენტი გაკეთებული, მაგრამ ვერ მოხერხდა. თუ რაგბის შევადარებთ, ვნახავთ, რომ შვიდკაცა რაგბიში მეტი შანსი გვაქვს. ამიტომ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ძალისხმევას არ დაიშურებს და რაც შეგვეძლება, დავეხმარებით რაგბის კავშირს".

კახა ბერიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი ნიჟარაძე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტტააააააააააააად!
0

სიახლეები პოპულარული