ქართული რაგბი

სხვადასხვა

როგორ ზრდის მოზარდებს საქართველოს რაგბის კავშირის აკადემია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის აკადემია აღსაზრდელების არა მხოლოდ სპორტულ, არამედ ინტელექტუალურ განვითარებაზეც ზრუნავს და ამ მიმართულებით გარკვეულ ღონისძიებებს მართავს.

აკადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა პირველივე დღიდან ამბობდა, რომ კანდიდატების შერჩევისას, 5 კრიტერიუმიდან ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ მენტალობა და მოზარდის სწრაფი აზროვნების უნარი იქნებოდა.

ეს მოსაზრება მას ახალ ზელანდიაში სტუმრობისას კიდევ უფრო გაუმყარდა და აკადემიის სივრცეში მოვარჯიშე მოზარდების საგანმანათლებლო განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები დაიგეგმა.

პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვარჯიშების დილის 07:00 საათზე დანიშვნა იყო. მწვრთნელები და მორაგბეები კვირაში ექვსი დღე, "შევარდენის" ბაზაზე უთენია იკრიბებიან და
მოსწავლეები სკოლაში მისვლასაც თავისუფლად ასწრებენ.

"ჩვენს სივრცეში 15-16 წლის მოზარდები ვარჯიშობენ და მშობლებისგან ხშირად გვსმენია, რომ ერთგვარი არჩევანის წინაშე უწევთ დადგომა - სპორტი თუ განათლება. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებული მოთამაშეების აღზრდაა, რადგან სწორედ ასეთი სპორტსმენები იქნებიან შედეგის მომტანი და "ჰარიქეინზის" აკადემიის პრინციპით, ვარჯიშები დილის საათებში გადავიტანეთ. ვარჯიში საათზე ოდნავ მეტხანს გრძელდება და ბიჭები სკოლაში მისვლას თავისუფლად ასწრებენ" - გვიხსნის გადაწყვეტილების მიზეზებს ლეჟავა.

შეხვედრები, მუზეუმები, თეატრი, ლაშქრობები...
გარდა ამისა, 2017 წლისთვის გაწერილია 14 სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობა, რომელთა ნაწილი საქართველოს რაგბის კავშირის დახმარებით უკვე განხორციელდა.

საუბარია შეხვედრებზე გამოჩენილ ადამიანებთან და მათთან სხვადასხვა თემების განხილვაზე, ლაშქრობებზე და მის ფარგლებში ისტორიული ძეგლების მონახულებაზე, თეატრებში ვიზიტებზე და ასე შემდეგ.

ამ კუთხით აკადემიის ხელმძღვანელობას დიდ დახმარებას უწევს მისი პარტნიორი - "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ", რომლის სივრცეში უკვე შედგა შეხვედრები მწერალ დათო ტურაშვილთან და არასამთავრობო ორგანიზაცია "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ მირზიაშვილთან.

პირველი შეხვედრა ტურაშვილთან შედგა. მანამდე საქართველოს რაგბის კავშირმა სამი დასახელების წიგნები შეიძინა, რომლებიც აკადემიის აღსაზრდელებს დაურიგდა და ავტორთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოზარდებს ჰქონდათ პასუხგაუცემელი კითხვები, მოსაზრებები და შეხვედრა დაგეგმილი 1.5 საათის ნაცვლად თითქმის 3 საათს გაგრძელდა.

"დათო ტურაშვილთან შეხვედრამდე ბავშვებს დავურიგეთ წიგნები - "ტყეების მეფე", "ჯინსების თაობა" და "იყო და არა იყო რა". ჩვენს სივრცეში მოვარჯიშე 75 სპორტსმენი თავად ირჩევდა რომელ წიგნს წაიკითხავდა და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც რამდენიმეს ესა თუ ის ნაწარმოები უკვე წაკითხული ჰქონდა. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა და თავად ტურაშვილიც კმაყოფილი დარჩა. განსაკუთრებით ბევრი კითხვები და მოსაზრებები "ჯინსების თაობაზე" იყო. აქტიურ ბავშვებს დათო ტურაშვილმა ავტოგრაფიანი წიგნები უსახსოვრა" - ამბობს სრკ-ს აკადემიის დირექტორის მოადგილე დავით გოცაძე.

ახალგაზრდები ირჩევენ ევროკავშირს
მეორე შეხვედრა მიხეილ მირზიაშვილთან შედგა და წინასწარ გაწერილ დროში ჩატევა ვერც აქ მოხერხდა. სტუმარმა რაგბის აკადემიის აღსაზრდელებს ევროკავშირში და ნატოში გაწევრების უპირატესობები გააცნო და ამომწურავი პასუხები გასცა კითხვებს - რითი ჯობია ევროკავშირი და ნატო სხვა გაერთიანებებს.

"დღევანდელი შეხვედრისას საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე ვისაუბრეთ.

რამოდენიმე აქცენტი იყო: ასოცირების შეთანხმება, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს დაიდო და უვიზო მიმოსვლა, რომელიც 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.

ეს საერთო სახალხო თემაა და ყველა სფეროს, მათ შორის სპორტს და აკადემიის მორაგბეებსაც ეხება. ევროკავშირთან ურთიერთობა ყველა დარგის განვითარებაში დაგვეხმარება და მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ" - გვითხრა მირზიაშვილმა.

"მნიშვნელოვანია ამ ბავშვებმა იცოდნენ, რომ საქართველო ევროპული კულტურის ნაწილია და დღევანდელი შეხვედრით მათ დიდი ინფორმაცია მიიღეს" - დაამატა ლეჟავამ.

"ნატოს" თასი თბილისში?
საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და რაგბის აკადემიის პარტნიორობა მხოლოდ შეხვედრებისთვის სივრცის დათმობით არ შემოიფარგლება.

თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ცენტრი აკადემიას გაისად "ნატოს თასის" ორგანიზებაში დახმარებას პირდება: წინასწარი მონახაზის თანახმად, ჩატარდება საეტაპო ტურნირები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ხოლო ფინალურ ტურნირს თბილისი უმასპინძლებს და მას "ნატოს" წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ორი საგანმანათლებლო შეხვედრის შემდეგ კულტურული ღონისძიებების დრო დადგა და სრკ-ს დახმარებით, 18 მაისს აკადემიის აღსაზრდელებმა მარჯანიშვილის თეატრში "ბაკულას ღორები" იხილეს.

მომდევნო აქტივობა 26-28 მაისს ასპინძაშია დაგეგმილი, სადაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკადემიის გუნდები ერთად იქნებიან, 27 მაისს გაიმართება ტურნირი, რომლის დროსაც 18-წლამდე 7-კაცა ნაკრებისთვის სელექციაც მოხდება, ხოლო 28 მაისს მოეწყობა ლაშქრობა და ბიჭები რამდენიმე ისტორიულ ძეგლს მოინახულებენ.

ასპინძაში გუნდთან ერთად იქნება აკადემიის ფსიქოლოგი მალხაზ დავითაშვილი, რომელსაც მოზარდებთან ექნება როგორც გუნდური საუბრები, ასევე ინდივიდუალური შეხვედრები. ასპინძაში მიდის ცნობილი ალპინისტი ბიძინა გუჯაბიძე, რომელიც ახალგაზრდებს მოუყვება სხვადასხვა ისტორიებს, აუხსნის ალპინიზმის საფუძვლებს და არაა გამორიცხული კლდეზე ცოცვის კურსებიც ჩაატაროს.

ასპინძიდან დაბრუნების შემდეგ, დაგეგმილია დავით გარეჯის მონახულება შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან ერთად, რის შემდეგაც აკადემიის მოზარდები საზაფხულო შესვენებაზე გავლენ და აკადემიის სივრცეში სექტემბერში დაბრუნდებიან.

შესაბამისად, სექტემბრიდან განახლდება საგანმანათლებლო აქტივობებიც, რომელიც საგამოფენო სივრცეების და მუზეუმების, ასევე ისტორიული ძეგლების მონახულებას, ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუმრობას და სხვადასხვა პროფესიის წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრებს მოიცავს.

ღონისძიებები ფონდების ჩართულობით
ბუნებრივია, ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას თანხები სჭირდება. აქამდე განხორციელებული აქტივობების ფინანსური უზრუნველყოფა საქართველოს რაგბის კავშირის დახმარებით ხდებოდა. პარალელურად, აკადემიის ხელმძღვანელობა დამატებითი თანხების მოზიდვაზე ზრუნავს, რათა პროექტი მაქსიმალური შედეგის მომტანი იყოს და რომელიმე ღონისძიება არ ჩავარდეს.

პროექტის საფუძვლები გადაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ფონდში, სადაც ეს აქტივობები მოიწონეს და დეტალების დასაზუსტებლად პირველი შეხვედრა გაიმართა. მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ფონდებთან და ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სურს ქართული რაგბისა და ახალგაზრდა მორაგბეების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, აქვს შესაძლებლობა გახდეს რაგბის აკადემიის პარტნიორი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით