რაგბი. ლეგიონი: ქართველების მონაგარი, ოთხი სინბინი

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში გასულ უქმეებზე შესვენება იყო, მეორე დივიზიონში კი XII ტურის შეხვედრები გაიმართა. "ქართული კლუბების" ნაწილმა პოზიციები დათმო, თუმცა პირველი ორი საფეხური სატურნირო ცხრილში მაინც ჩვენებურთა გუნდებს უკავიათ. ესენია: "ოიონაქსი" და "აჟენი".

ირაკლი მირცხულავას "ოიონაქსმა" მე-12 ტურში შინ მიიღო გათამაშების დებიუტანტი,  არჩილ ბეჟიაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ვანი". მასპინძლებმა, რომლებსაც სერიოზული ამბიციები აქვთ ელიტარულ, პირველ დივიზიონში აღზევებისა, მეტოქეს დიდი ანგარიშით - 52:21 სძლიეს.

ქართველთაგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ბეჟიაშვილი იყო, რომელიც 57-ე წუთზე შეცვალეს, მაისურაძე თამაშში 48-ე წუთიდან
ჩაერთო, ერთი წუთის შემდეგ მოედანზე მირცხულავაც გამოჩნდა.

"ოიონაქსს" ახლა 39 ქულა აქვს და სამი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენს". ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა ელიზბარ ყუფარაძის "დაქსი" - 32:20.

მატჩი, ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ დაძაბული იყო. არბიტრმა მოედნიდან ოთხი მორაგბე გაასინბინა, მათ შორის - ორი ქართველი, თეთრაშვილი და ყუფარაძე. ორივემ მოედანი ათი წუთით, 49-ე წუთზე დატოვა. მჭედლიძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა, ახობაძე განაცხადში არ იყო.

"აჟენს" ასევე სამი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკი", რომელმაც სტუმრად წააგო შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემთან" - 6:35.

დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ხატიაშვილი მე-60 წუთზე შეცვალეს, იქამდე კი, 26-ე წუთზე, არბიტრმა სინბინში გაუშვა; თავბერიძე განაცხადში არ იყო, სუთიაშვილი და შარიქაძე ეროვნულ გუნდში ირჯებოდნენ.

ქართველი მორაგბეების სინბინების სერია ამით არ დასრულებულა. ბექა შეყლაშვილის "ალბიმ" შინ "კოლომიე" რომ დაამარცხა 29:17, ჩვენებურს, რომელიც თამაშში 25-ე წუთიდან ჩაერთო, არბიტრმა ყვითელი ბარათი 36-ე წუთზე უჩვენა. ალბელები ბოლოსწინა ადგილზე არიან და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.

პლეი ოფის ზონასთან ახლოსაა ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი", რომელმაც ამჯერად სტუმრად წააგო ბასკურ "ბიარიცთან" - 22:25. გორგაძე მოედანზე 69-ე წუთიდან გამოჩნდა.

საფრანგეთის ჩემპიონატი. II დივიზიონი. XII ტური
დაქსი-აჟენი 30:32, ალბი-კოლომიე 29:17, ანგულემი-ორიაკი 35:6, ბეზიე-ბურგუენი 34:17, კარკასონი-მონტობანი 17:28, ბიარიცი-მონ დე მარსანი 26:22, პერპინიანი-ნარბონი 66:13, ოიონაქსი-ვანი 52:21.

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 39 ქულა 2. აჟენი - 36, 3. კოლომიე - 35, 4. მონტობანი - 34, 5. ორიაკი - 33, 6. მონ დე მარსანი - 30, 7. ანგულემი - 28, 8. პერპინიანი - 27, 9. კარკასონი - 27, 10. ნარბონი - 25, 11. ბიარიცი - 24, 12. დაქსი - 24, 13. ვანი - 23, 14. ბეზიე - 21, 15. ალბი - 19, 16. ბურგუენი - 13.

XIII ტური
ბიარიცი-პერპინიანი, ორიაკი-მონ დე მარსანი, ბურგუენი-ანგულემი, დაქსი-ალბი, მონტობანი-კოლომიე, ვანი-ბეზიე, აჟენი-კარკასონი, ნარბონი-ოიონაქსი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული