დავით ბოლღაშვილი: ყველა ქართველი მორაგბის ოცნება ნაკრების სამსახურია

AutoSharing Option
უცხოეთში ქართველ მორაგბეებთან ერთად რაგბის ქართველი მწვრთნელების რაოდენობაც ნელ-ნელა იზრდება.

ვიქტორ დიდებულიძე
ფრანგულ კლუბ "მასის" თავკაცია, გია ლაბაძე და ზურაბ მჭედლიშვილი, შესაბამისად, "ტულონისა" და "დომონის" ბავშვთა გუნდების დამრიგებლები არიან. ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი იყო ლევან მგელაძე, უკრაინელებს ზაზა ლეჟავა მოძღვრავდა.

ახლახან კი საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ლილის" მთავარ მწვრთნელად დავით ბოლღაშვილი დაინიშნა. ცხადია, ეს ღირსშესანიშნავი ფაქტია.

დეტალებსა და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ დავით ბოლღაშვილს ლილში დავუკავშირდით.

- თავიდან "ლილის" სათადარიგო გუნდის მწვრთნელი ვიყავი და მთავარ გუნდში ასისტენტად ვმუშაობდი. ჩემი გუნდი "ესპუარების"
გათამაშებაში პლეი ოფში გავიყვანე. ძირითადი გუნდიც თითქოს ნორმალურად თამაშობდა, მაგრამ სტაბილურობა აკლდა, ხშირად მოსდიოდა ჩავარდნები.

კლუბის პრეზიდენტმა რომ ნახა, რაოდენ კარგად ვუგებდით მე და მეორე მწვრთნელი ერთმანეთს, გადაწყვიტა, უფროსი მწვრთნელი თანამდებობიდან გადაეყენებინა. მის ნაცვლად კი მე დამნიშნა, რათა "ლილის" ძირითადი გუნდი ზუსტად იმ ტაქტიკით მეთამაშებინა, რომლითაც სათადარიგოები ასპარეზობდნენ.

- თქვენი ხელმძღვანელობით გუნდმა უკვე ითამაშა?
- დიახ, გასულ უქმეებზე სტუმრად ვითამაშეთ "ლიბურნთან" და 3:10 წავაგეთ. ცოტა უამინდობამ შეგვიშალა ხელი, ცოტა იღბალმაც გვიმტყუნა. ოთხი საჯარიმო ვერ გავიტანეთ. მეტოქემ კი ლელო დაფარების შემდეგ გაგვიტანა. ისე, ჩვენც მთლად კარგად ვერ ვითამაშეთ. არ ვარ კმაყოფილი.

- გუნდის ხელმძღვანელებმა მიზნად რა დაისახეს?
- წლეულს აუცილებლად უნდა გავიდეთ პლეი ოფში და იქ ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასვლისთვის ვიბრძოლოთ.

- მეორე დივიზიონი პროფესიული ლიგაა, სადაც გუნდი კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. აქვს "ლილს" სათანადო ინფრასტრუქტურა და ფინანსური მხარდაჭერა?
- "ლილს" შესანიშნავი ინფრასტრუქტურა აქვს. ახლახან საფეხბურთო კლუბის ძველი სტადიონი გადმოგვცეს, რომელიც 20 ათას მაყურებელს იტევს. ასეთი არენა პირველ დივიზიონში მოთამაშე ბევრ გუნდს არ აქვს. ამდენად, ეს პრობლემა მოგვარებულია. ფინანსურად კი, არც ახლა ვართ ცუდად. თუმცა, თუ მეორე დივიზიონში გადასვლას შევძლებთ, მეტი თანხის მოზიდვა იქნება შესაძლებელი.

ერთი სიტყვით, ჩვენ ვეცდებით, რანგით მაღალ დივიზიონში გადავბარგდეთ, მაგრამ თუ ვერ შევძელით, ეს კატასტროფა არ იქნება. მომავალ წელს ისევ ვეცდებით და ასე შემდეგ.

- "ლილში" ორი ქართველი თამაშობს, გიორგი ჩხაიძე და გიო სორდია...
- ორივე ძირითადის მოთამაშეა. გიორგი ჩხაიძე ძალიან კარგ ფორმაშია, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მორაგბეა. სორდიამ ახლახან მხარი იტკინა, მაგრამ, ვფიქრობ, სერიოზული არაფერია, იმედი მაქვს მწყობრში მალე ჩადგება.

Sportall.Ge- ფედერალ 1 დივიზიონის გუნდის მწვრთნელობას სპეციალური ლიცენზია სჭირდება...
- დიახ, სათანადო კურსები "მარკუსში", რომელიც საფრანგეთის რაგბის განვითარების ცენტრია, გავლილი მაქვს. გამოცდა ჩავაბარე და ფედერალ 1 დივიზიონის გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობის უფლება მაქვს.

ახლა კიდევ ერთ კურსს გავდივარ, რომლის შემდეგაც ელიტური, პირველი დივიზიონის გუნდის მწვრთნელობის უფლებასაც მივიღებ.

- საფრანგეთში ქართველი მწვრთნელები მომრავლდნენ. თქვენ, ვიქტორ დიდებულიძე, გია ლაბაძე და ზურაბ მჭედლიშვილი. ალბათ, მალე საქართველოს ნაკრებს მთლიანად ქართველ მწვრთნელთა შტაბი ეყოლება...
- რა თქმა უნდა, ყველა ქართველი მორაგბის ოცნებაა, საქართველოს ნაკრებს ემსახუროს. მათ შორის მწვრთნელებიც ამაზე ფიქრობენ.

მაგრამ, ამას ჯერ დრო უნდა. გამოცდილება უნდა მივიღოთ, ბევრი რამ გვაქვს კიდევ სასწავლი და ნელ-ნელა ეგ დროც მოვა.

- ანუ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზეც ფიქრობთ ხომ?
- რა თქმა უნდა, მით უფრო, რომ ნაკრებში ძალიან კარგი თაობა მოდის და ძალიან კარგი იქნება, მათთან ერთად წარმატებას თუ მივაღწევთ.

- რომ შევადაროთ ახლანდელი ნაკრები იმ გუნდს, რომლის ღირსებასაც თქვენ იცავდით, რას იტყვით, წინ ვართ წასულები?
- დიახ, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ცოტა გარემარბებში გვიჭირს. შერკინება კი სრული შემადგენლობით ელიტაში თამაშობს. ვფიქრობ, ამ ხარვეზსაც ეშველება. ძალიან კარგი მორაგბე გამოჩნდა - მერაბ შარიქაძე, სხვაც ბევრია საინტერესო მოთამაშე.

ერთი სიტყვით, გუნდზე, რომელმაც სამოას და იაპონიას მოუგო, უკვე დროა, სხვა ტონით ილაპარაკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /


ღ მ ე რ თ მ ა დაგლოცოთ ბიჭებო,
მთელი ქართული,რაგბის ღ ი რ ს ე უ ლ ი სამყარო...
მუდამ ასახელეთ ქართველი ერი ყველგან და ყველაფერში!!!...
glaxuna
21:55 24-01-2015
0

სიახლეები პოპულარული