ლეგიონი: ზაზა ნავროზაშვილის სადებიუტო მატჩი "ჩელენჯ ქაფზე"

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე "ჰეინეკენის თასისა" და "ემლიან ჩელენჯ ქაფის" ჯგუფური ეტაპის რიგით მეორე ტურის მატჩები გაიმართა.

ევროპულ საკლუბო ბატალიებს ქართველი ლეგიონერების ასპარეზობის გარეშე, რაღა თქმა უნდა, არ ჩაუვლია.

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი "კასტრი" ჰეინეკენის თასის" გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, ირლანდიურ "ლენსტერს" ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია - 7:19.

ფრანგული კლუბის შემადგენლობაში პირველივე წუთებიდან მოედანზე გახლდათ ქართველი ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც 46-ე წუთზე კარენა ვიონგიმ შეცვალა. 2 ტურის შემდეგ "კასტრი" 4 მოპოვებული ქულით მესამე ადგილს იკავებს A ჯგუფში.

B ჯგუფში ლევან ჩილაჩავას
და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" უელსურ "კარდიფთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ შეხვედრის უდავო ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა მურად ბურჯელალის მიერ შეკრებილმა ვარსკვლავურმა შემადგენლობამ ვერ შეძლო დაკისრებული ამოცანისთვის თავის გართმევა და 4-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 15:19.

"ტულონი" 6 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება. ქართველი მორაგბეები ტრავმის გამო განაცხადში არ იყვნენ.

C ჯგუფში ინგლისური "სარასენზის" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ჯაბა ბრეგვაძის და ვასილ კაკოვინის "ტულუზამ". მთელი შეხვედრის განმავლობაში ინგლისელები უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიშში წინაც გახლდნენ, თუმცა 67-ე წუთზე დუსანმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით 6 ქულამდე შეამცირა მეტოქესთან სხვაობა, ხოლო 3 წუთში პიკემოლის მიერ გატანილი ლელოთი "ტულონმა" 17:16 იმარჯვა და 9 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს ჯგუფს.

D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს - დავით ზირაქიშვილის "კლერმონი" და დათო ხინჩაგაშვილის "მეტრო რასინგი".

"კლერმონმა" ბირნის, ფოფანას და ლაკრამპის ლელოებით 23:17 მოუგო ინგლისურ "ჰალექვინზს" და 5 მოპოვებული ქულით ჯგუფში მესამე პოზიციაზე იმყოფება.

"მეტრო რასინგისა" და "ჰლანეჰლის" უელსურ დაპირისპირებაში კი უხვქულიანი ფრე დაფიქსირდა - 28:28. შესაბამისად, ეს გუნდები პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ 6-6 ქულით პულში.

ზირაქიშვილი ტრავმირებულია, ხინჩაგიშვილი კი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.

მამუკა გორგოძის და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" პირველ ტურში "ტრევიზო" დაამარცხა, თუმცა ინგლისურ "ალსტერთან" ვეღარ შეძლო გამარჯვებათა სერიის გაგრძელება და საკუთარ მოედანზე უშანსოდ დამარცხდა - 8:25.

გორგოძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე ბიანჩინიმ შეცვალა, ნარიაშვილი ტრავმას იშუშებს.

"მონპელიე" გასული ორი ტურის შემდეგ მოპოვებული 4 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება.

F ჯგუფის მატჩში გიორგი ჟღენტის "პერპენიანი" დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგს" ეთამაშა და იოლი გამარჯვებაც იზეიმა - 31:14. შეხვედრის გმირი ფრანგული კლუბის რიგებში შეცვლაზე შესული სამოელი გარემარბი მჯეკევუ გახდა, რომელმაც 2 ლელო გაიტანა და ლომის წვლილი დაიდო საკუთარი გუნდის წარმატებაში.

ჟღენტი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 54-ე წუთზე შეცვალეს, ბასილაია განაცხადში ვერ მოხვდა. "პერპენიანი" 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, "ედინბურგი" კი მესამე პოზიციამდე ჩამოქვეითდა (4 ქულა).

სიძლიერით რიგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირზე - "ემლინ ჩელენჯ ქაფის" გათამაშების მეორე ჯგუფის მატჩში ზაზა ნავროზაშვილის "ბორდო" სტუმრად იტალიურ "მოგლიანოს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 32:20 იმარჯვა.

ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ევროთასებზე. იგი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და მოედანზე 62 წუთი დაჰყო. ამჟამად ბორდოელები 5 ქულით ჯგუფში მესამე ადგილს იკავებენ. მომდევნო ტურში ფრანგულ კლუბს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის უელსურ "ნიუპორტთან".

მესამე ჯგუფში კარლენ ასეიშვილის და გოდერძი შველიძის "ბრივმა" ინგლისური პრემიერშიპის აუტსაიდერ "ნიუკასლს" უმასპინძლა.

შეხვედრაში გარდამტეხი ფრანგული კლუბის გარემარბ ვორეტამაიას მიერ 67-ე წუთზე გატანილი ლელო გახდა, რისი წყალობითაც "ბრივმა" 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და საფინალო სასტვენამდე წარმატებით შეინარჩუნა ჰანდიკაპი - 23:17.

ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

დავით ქუბრიაშვილის და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" შიდა ასპარეზზე წარმატებით ასპარეზობს, თუმცა ევროთასებზე საკმაოდ უჭირს დადებითი შედეგის ჩვენება.

ამჯერად მათ დიდი გაჭირვებით, მინიმალური სხვაობით დაამარცხეს იტალიური "კავალიერო პრატო" - 17:16. 79-ე წუთზე ფრანგთა მარბიელმა გარაულტმა გატანილი ლელოთი მინიმუმამდე დაიყვანა "კავალიერთა" უპირატესობა, ფულბეკმა პორიკალმა კი ზუსტად შესრულებული გარდასახვით გამარჯვება მოუტანა პარიზულ კლუბს.

ქართველ მორაგბეებს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. განვლილი ორი ტურის შემდეგ "სტად ფრანსე" 9 მოპოვებული ქულით V ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.

ჰეინეკენის თასი
II ტური
A ჯგუფი
ლენსტერი-კასტრი 19:7; ნორსჰემპტონი-ოსფრიზი 27:16

სატურნირო მდგომარეობა
1. ლენსტერი - 8 ქულა; 2. ნორსჰემპტონი - 5; 3. კასტრი - 4; 4. ოსფრიზი - 0;

B ჯგუფი
კარდიფი-ტულონი 19:15; გლაზგო-ექსეტერი 20:16

სატურნირო მდგომარეობა
1. ექსეტერი - 6 ქულა; 2. ტულონი - 6; 3. გლაზგო - 5; 4. კარდიფი - 5

C ჯგუფი
სარასენზი-ტულუზი 16:17; ზებრე-ქონეთთი 6:33

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 9 ქულა; 2. სარასენზი - 5; 3. ქონეთთი - 5; 4. ზებრე - 0

D ჯგუფი
ჰლანეჰლი-მეტრო რასინგი 26:26; კლერმონი-ჰარლექვინზი 23:16

სატურნირო მდგომარეობა
1. ჰლანეჰლი - 6 ქულა; 2. მეტრო რასინგი - 6; 3. კლერმონი - 5; ჰარლექუინზი - 2;

E ჯგუფი
ლესტერი-ბენეტონი 34:3; მონპელიე-ალსტერი 8:25.

სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 8 ქულა; 2. ლესტერი - 6; 3. მონპელიე - 4; 4. ბენეტონი - 0;

F ჯგუფი
პერპერიანი-ედინბურგი 31:14; მანსტერი-გლოსტერი 26:10.

სატურნირო მდგომარეობა
1. პერპერიანი - 6 ქულა; 2. მანსტერი - 5; 3. ედინბურგი - 4; 4. გლოსტერი - 4;

ემლინ ჩელენჯ ქაფი
II ტური
I ჯგუფი
ბიარიცი-ოიონაქსი 26:6; ვორჩესტერი-სეილ შარქსი 15:31;

სატურნირო მდგომარეობა
1. სეილ შარქსი - 9 ქულა; 2. ბიარიცი - 5; 3. ვორჩესტერი - 2; 4. ოიონაქსი - 2;

II ჯგუფი
მოგლიანო-ბორდო 20:32; ბასი-ნიუპორტი 26:10.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბასი - 8 ქულა; 2. ნიუპორტი - 5; 3. ბორდო - 5; 4. მოგლიანო - 0;

III ჯგუფი
ბუქარესტი-კავისანო 37:15; ბრივი-ნიუკასლი 23:16.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბრივი - 6 ქულა; 2. ნიუკასლი - 5; 3. ბუქარესტი - 5; 4. კალვისანო - 2

IV ჯგუფი
გრენობლი-ვიადანა 40:7; ლონდონ ვასფზი-ბაიონა 26:10

სატურნირო მდგომარეობა
1. ლონდონ ვასფზი - 9 ქულა; 2. ბაიონა - 5; 3. გრენობლი - 5; 4. ვიადანა - 0

V ჯგუფი
კავალიერო პრატო-სტად ფრანსე 16:17; ლუზიტანუსი XV-ლონდონ აირიში 6:67

სატურნირო მდგომარეობა
1. ლონდონ აირიში - 10 ქულა; 2. სტად ფრანსე - 9; 3. კავალიერ პრატო - 1; ლუზიტანოსი - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული