რომელ კალათში იქნებიან "ბორჯღალოსნები" - მსოფლიოს თასის წილისყრის თარიღი ცნობილია

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ 2019 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის კენჭისყრის თარიღი გამოაცხადა - ცერემონიალი ქალაქ კიოტოში 2017 წლის 10 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასზე წარმატებული გამოსვლით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიაში თამაშის საგზური უკვე მოიპოვა.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიოს თასის კენჭისყრა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარეთ მოეწყობა.

20-დან 12 მონაწილე უკვე ცნობილია: არგენტინა, ავსტრალია, ინგლისი, საფრანგეთი, საქართველო, ირლანდია, იტალია, იაპონია, ახალი ზელანდია, შოტლანდია, სამხრეთი აფრიკა და უელსი.

როგორ წარიმართება წილისყრა?
* ეს 12 ნაკრები პირველ სამ კალათში
განაწილდება (თითო კალათში 4-4 გუნდი).
* დანარჩენ ორ კალათში მოხვდება 8 ნაკრები, რომლებიც მსოფლიოს თასზე თამაშის უფლებას საკვალიფიკაციო ციკლში მოიპოვებენ.
* მსოფლიოს თასზე იქნება 4 ჯგუფი, თითოეულში 5 ნაკრებით.
* პირველ კალათში მოხვდება მსოფლიოს რეიტინგში პირველი ოთხი ნაკრები იმათგან, ვისაც მსოფლიოს თასზე თამაში გარანტირებული აქვს.
* მეორე კალათში მოხვდება შემდგომი ოთხი გუნდი რეიტინგის მიხედვით.
* მესამე კალათში მოხვდება 12 ცნობილი მონაწილიდან ოთხი უარესი ნაკრები რეიტინგის მიხედვით.

რომელ კალათში იქნება საქართველოს ნაკრები?
მხედველობაში მიიღება ის რეიტინგ-ლისტი, რომელიც კენჭისყრის დროს იქნება აქტუალური.

დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოს თასზე მონაწილე გუნდებიდან მოწინავე 12 გუნდში არ არის მხოლოდ იტალია. მეათე ადგილზეა ფიჯის ნაკრები, რომელსაც საგზური ჯერაც მოსაპოვებელი აქვს და დიდი ალბათობით, მოიპოვებს კიდევაც და მე-4 კალათშიც განთავსდება.

იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრები არ მოხვდეს მესამე კალათში და მეორეში გადავიდეს, საჭიროა, რეიტინგით პირველ რვა გუნდში მოხვდეს, თანაც, მასზე წინ არ უნდა იყოს ფიჯის ნაკრები.

დღეისათვის, მერვეადგილოსან საფრანგეთს 80,13 ქულა აქვს, "ბორჯღალოსნებს" კი - 74,24.

კენჭისყრა რომ ახლა ტარდებოდეს...
I კალათა: ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, ირლანდია
II კალათა: ს. აფრიკა, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი
III კალათა: არგენტინა, იაპონია, საქართველო, იტალია.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთთან მხოლოდ 6 ქულა გვაშორებს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენმა გუნდმა მაისისთვის მერვე ადგილზე ასვლა შეძლოს. ამიტომ უფრო უპრიანია იმის განსაზღვრა, თუ რომელი მეტოქე გვირჩევნია ჩვენს კალათში (რაც ავტომატურად გამორიცხავს მასთან ერთად მოხვედრას).

იაპონიასა და იტალიას, ალბათ, ჩვენსავით მესამე კალათით დაკმაყოფილება მოუწევთ, ანუ დიდი ალბათობით, მასპინძლებს და იტალიელებს (ისევ) არ ვეთამაშებით.

ვინ იქნება მეოთხე (უფრო პირველი) ამ კალათში? ახლა ეს გუნდი არგენტინაა, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ უხერხული მეტოქეა. ვფიქრობთ, შაბათს ტესტ-მატჩში ჩვენი მომავალი მეტოქე შოტლანდია მე-2 კალათის გუნდებიდან ყველაზე სუსტია და ჩვენთვის უკეთესი იქნება, თუ ის იქვე მოახერხებს დარჩენას და არგენტინასთან (ან საფრანგეთთან) დაპირისპირებას გამორიცხავს.

ასეთ შემთხვევაში, არის შანსი, რომ მსოფლიოს თასზე ჯგუფში ასეთი სიტუაცია მივიღოთ - ირლანდია, შოტლანდია და საქართველო ერთად.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ან რა ამბიცია უნდა გვქონდეს, ერთი უკანა ხაზელი არ გვყავს კაცს რომ დაეწიოს
0
ყველასთან სათამაშოდ მზად უნდა იყო. იტალიასთანაც და საფრანგეთთანაც. ბიჭები დებენ მოედანზე რაც შეუძლიათ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სად მოვხვდებით, იმიტომ, რომ ჯერ ჩვენი რაგბი განვითარების გზაზეა და რაიმე დიდ შედეგს ჯერ არ უნდა ველოდოთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული