"მსოფლიოს რაგბის" 50-მილიონიანი ინვესტიცია მეორე დონის ქვეყნებისთვის

AutoSharing Option
მიმდინარე წლის სანაკრებო სეზონი ნოემბრის ტესტებით დასრულდება. სარაგბო სამყაროს პირველი და მეორე დონის ქვეყნები თავბრუდამხვევ ბრძოლებს გამართავენ. "მსოფლიო რაგბიმ" მატჩების განრიგი საბოლოოდ დაადასტურა, რომლის მიხედვითაც, 28 ნაკრები 47 მატჩს გამართავს.

წლეულს "ბორჯღალოსნები" შინ ორ ტესტს გამართავენ - 12 და 19 ნოემბერს, შესაბამისად, იაპონიისა და სამოას წინააღმდეგ, ხოლო 26 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები კილმარნოკში ესტუმრება შოტლანდიას.

ნოემბრის ტესტებისთვის მზადება საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა უკვე დიდი ხანია დაიწყო. ახლახან გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და "ბორჯღალოსნების" მენეჯერი ირაკლი ხუნდაძე ლეგიონერებს კლუბებში ესტუმრნენ და
ნოემბრის ტესტების სამზადისი დაგეგმეს. ამაზე ვრცლად მოგვიანებით გაცნობებთ, როდესაც "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ტესტებისთვის გაფართოებულ რაზმს დაასახელებს.

იქამდე კი, გთავაზობთ "მსოფლიო რაგბის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილს წლევანდელი ნოემბრის ტესტების განრიგისა და მეორე დონის სარაგბო ქვეყნებისთვის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით სანაკრებო პროგრამებში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ:

"მეორე დონის ქვეყნებისთვის მაღალი დონის მატჩების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო რაგბი ინვესტირებას განაგრძობს, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს საერთაშორისო რაგბისა და მომავალი მსოფლიოს თასების კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.

2019 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადება გაისად, უფრო მნიშვნელოვან, ჯგუფების განაწილების სტადიაში შევა. იქამდე კი, ტურნირის მასპინძლები ევროპისკენ აიღებენ გეზს, სადაც ჯერ "ბორჯღალოსნებს", შემდეგ უელსსა და ფიჯის ეთამაშებიან.

ირლანდია დუმბლინში კანადას უმასპინძლებს. ინგლისი კი 2015 წლის მსოფლიო თასის გახსნით მატჩს გაიმეორებს, როდესაც ფიჯის "თვიქნემზე" დაუპირისპირდება. სამოა ჯერ საფრანგეთს ტულუზში ეთამაშება, შემდეგ კი საქართველოს თბილისში ესტუმრება. "ბორჯღალოსნები" წლის ბოლო ტესტში შოტლანდიას კილმარნოკში ეთამაშებიან.

როგორც "მსოფლიო რაგბის" საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ იგანმა თქვა, "მსოფლიო რაგბი" მხარს უჭერს მეორე დონის ქვეყნების სანაკრებო პროგრამებს, რათა გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა და მორაგბეებს მიეცეთ მაღალი დონის ტესტებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ჩვენი 50-მილიონგირვანქიანი ინვესტიცია მიმართულია იმ მეორე დონის ქვეყნების სანაკრებო პროგრამების მიმართ, რომლებმაც ბოლო 4-წლიან ციკლში მატჩებში ყველაზე ცოტა ქულა გაუშვეს პირველი დონის ნაკრებებისგან და 2015 წლის მსოფლიო თასზე წინა ტურნირებთან შედარებით ყველაზე მეტი ლელო დადეს.

2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის მზადებისას ჩვენი მიზანია, რომ ნაპრალი პირველ და მეორე დონის ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად შემცირდეს ახალი ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებით".

რაგბის კავშირის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული