"რწმენასთან ერთად პრეტენზიებიც გაგვიჩნდა - ყველა თამაშში მოგება გვსურს"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, სუთიაშვილმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:

- გამარჯობა შალვა, შენი კაპიტნობით ნაკრებს არც ერთი თამაში არ წაუგია, რაც ძალიან კარგია, ოკეანეთში ტესტებით ნაკრები ახალ საფეხურზე ავიდა და როგორ ფიქრობ, არის ნაკრები მზად შემოდგომაზე შოტლანდიის დასამარცხებლად?
- რწმენასთან ერთად პრეტენზიებიც გაგვიჩნდა - ყველა თამაშში მოგება გვსურს. შანსები ყოველთვის არსებობს. არავის სჯეროდა, რომ ფიჯის დამარცხებას შევძლებდით, თუმცა მოვიგეთ...
ფიჯი და შოტლანდია სხვადასხვა სტილის გუნდები არიან და ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ვიმეორებ, რომ შანსი არის და რაც მთავარია, შანსთან ერთად სურვილიც არის, ბოლო დროს კი ის, რაც გვსურს, გამოგვდის, საბედნიეროდ.

მკითხველი:
- უნდა გამოვხატო მადლიერება მთელი ქვეყნის სახელით ყველა "ბორჯღალოსანის" წინაშე. მადლობა ყველაფრისთვის: ბრძოლისთვის, ჟინისთვის და ქვეყნის ასეთი სიყვარულისთვის... "ექვს ერში" ყოფნის სურვილზე და დამსახურებებზე ბევრი ითქვა. ითქვა ისიც, რომ კომერციული ტურნირია ეს და მთავარი ფინანსური სიძლიერეა ქვეყნის და ნაკლებად მნიშვნელოვანია სარაგბო ძალა მათთვის. რაც შეეხება კითხვას. რა განსხვავებას ამჩნევთ თქვენს თავში, როცა თამაშობთ კლუბსა და ნაკრებში ?
- პირველ რიგში, "ექვს ერსზე" ვიტყვი. კი, კომერციულია, თანხებს საჭიროებს, მაგრამ 2019-წლამდე შემდგარია უკვე განრიგი, მანამდე კი მიდის საუბარი ჩვენს მიღებაზე და ჯერ არ ვიცით პასუხი. პასუხი, წესით, მომავალ ორ წელიწადში იქნება და ვნახოთ, რას გვეტყვიან.

კლუბსა და ნაკრებში თამაში კი სულ სხვადასხვა პასუხისმგებლობაა... უცხოეთში წასვლისას ოჯახის დატოვება გიწევს, მაგრამ როცა ნაკრებს თამაში უწევს, ჩამოდიხარ აქ და შენი გულშემატკივრის წინ თამაშობ , ხვდები, რომ რაღაცას აკეთებ... ანუ, იქ ვთამაშობთ და ვცხოვრობთ იმისთვის, რომ საჭირო დროს უმაღლეს დონეზე მზად ვიყოთ ნაკრებისთვის.

მკითხველი:
- როგორი გრძნობაა "ბორჯღალოსნების" კაპიტნობა?
- რა თქმა უნდა, საამაყო. თავიდან დაუჯერებელი, მაგრამ როცა გაიაზრებ, დიდი პასუხისმგებლობა და შეზღუდვაა.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა შეგიძლიათ აქ – შალვა სუთიაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ბიჭები პატრიოტები და პროფესიონალები არიან, ჩვენი ფეხბურთელები კიდევ უმეტესობა ჩვენს პოლიტიკოსებს გვანან, ასე რომ ქართულ ფეხბურთს ქართულ რაგბამდე უკვე ბევრი უკლია! მთავრობა-მიეცით რაგბს ფული და გაეშვით ამ უვიცი ფეხბურთის ფედერაციისთვის თანხების შეტენვას!
პაატა
01:04 04-07-2016
0
საამაყო ადამიანი!
0

სიახლეები პოპულარული