მამუკა გორგოძე: სერჯო პარისეს გამონათქვამმა გული გვატკინა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე დიდი ხანია სპორტული მედიის ყურადღების ცენტრშია. ერთა თასის დასრულების შემდეგ ის "ტულონში" დაბრუნდა, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში სტუმრად "მეტრო რასინგთან" არ უთამაშია.

ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მის საკლუბო კარიერასა და "ბორჯღალოსნების" ექვს ერში დაშვების პერსპექტივაზეა საუბარი.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

- "ტულონმა" გასულ უქმეებზე სტუმრად "მეტრო რასინგს" მოუგო. მასში მონაწილეობა არ მიგიღიათ, თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობთ ამ შეხვედრის შესახებ?
- გასულ სეზონში და ამჟამადაც საკმაოდ ბევრჯერ ვითამაშე ასეთი მაღალი დონის
გუნდის წინააღმდეგ. "ტულონში" სათადარიგო გუნდი არ არსებობს. ქაღალდზე შემადგენლობა შეიძლება ასე ჩანდა, მაგრამ ასე არ არის. დიახ, ითამაშა რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბემ, მაგრამ ისინი არავისზე უარესები არ არიან. მათ, შესაძლოა, ოდნავ ნაკლები გამოცდილება ჰქონდეთ. ეს არის და ეს!

ზოგადად ვფიქრობ, რომ სერიოზული კლუბები ნელი ტემპით მიიწევენ წინ, რათა დასასრული წარმატებული გამოვიდეს. რამდენიმე გუნდი ვნახე, რიხით რომ დაიწყეს სეზონი და ახლა უკანასკნელ ძალებს იკრებენ. "ტულონი" ნელ-ნელა, მეთოდურად ვითარდება და ეს გამარჯვებაც ამის დასტურია.

- "ტულონში" ახლა მეორე ხაზში გიწევთ თამაში. რას ფიქრობთ ამაზე?
- მირჩევნია, მესამე ხაზში ვითამაშო, მაგრამ გუნდს მეორე ხაზში ვჭირდები. რაც უნდა იყოს, ჩემთვის მთავარია, მოედანზე ვიყო და ვთამაშობდე. მე ამ გუნდის ნაწილი ვარ და თუ მას სჭირდება ჩემი დახმარება ამ პოზიციაზე, მზად ვარ. ეს ნორმალურია.

ბერნარ ლაპასემ მკითხა და მეც დადებითი პასუხი მივეცი, მით უფრო, რომ ჩემი კარიერა სწორედ მეორე ხაზში თამაშით დაიწყო. საქართველოსა და "მონპელიეში" მეორე ხაზში ვთამაშობდი. ეს ჩემთვის ახალი არ არის.

- მეორე სეზონია, რაც "ტულონში" ხართ. იპოვეთ თქვენი ადგილი გუნდში?
- გასულ სეზონში დიდი კონკურენცია იყო გუნდში. თანაც დასაწყისში სერიოზული ტრავმა მივიღე. 20 კვირა გამიცდა. გამოჯანმრთელების შემდეგ ფორმის აღდგენა ძალიან რთული იყო. წლეულსაც არ არის იოლი. "ტულონი" ვარსკვლავებითაა სავსე და ყველა იბრძვის შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად.

- თქვენ სხვა მოთამაშეებს მოიხსენიებთ, როგორც ვარსკვლავებს. თქვენც ხომ ვარსკვლავი ხართ...
- მე ვარსკვლავი არ ვარ. როცა ვიზრდებოდი, იმ მორაგბეებს, რომლებთან ერთადაც ახლა ვთამაშობ, ტელევიზორით ვუყურებდი. მათ პატივს ვცემ, მაგრამ კერპი არ მყავს. როცა ვამბობ "ვარსკვლავი", ამით პატივისცემას გამოვხატავ.

ძალიან მიხარია და ვამაყობ იმით, როგორ ვითამაშე მსოფლიოს თასზე და როგორ ვთამაშობ აქ, საფრანგეთში. თუ ჩემზე ლაპარაკობენ, ეს უბრალოდ კარგია და მეტი არაფერი.

- რაგბი საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ის ფეხბურთს ავიწროებს. ეს ნამდვილად ასეა?
- ფეხბურთში კარგი მოთამაშეები გვყავს, თუმცა თამაშებს ვაგებთ. ხალხი მიდის სტადიონზე, რომ ნახოს იტალიის, საფრანგეთისა და სხვა გრანდების თამაში. ქომაგი ჩვენთანაც ბევრი მოდის, რუმინეთს ვეთამაშებით. ბოლო შეხვედრას თბილისში 55 ათასი მაყურებელი დაესწრო. დღემდე არ გამსვლია აღტყინება. წარმოიდგინეთ 55 ათასი ქომაგი. ეს ხომ ექვსი ერის მატჩებისთვის დამახასიათებელი ციფრია?

ქომაგი ადრეც ბევრი გვყავდა, მაგრამ ისინი ძირითადად რუსეთთან თამაშისას მოდიოდნენ. შარშანდელი მსოფლიოს თასის შემდეგ კლუბებში მორაგბეთა რიცხვმა 37 პროცენტით მოიმატა. რაგბი მალე გახდება საქართველოში ნომერ პირველი სპორტი.

- მსოფლიოს თასზე კარგი გამოსვლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ერთა თასიც მოიგო...
- ვფიქრობ, ამიერიდან სხვა, უფრო მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ. შეიძლება ექვს ერზე არა, მაგრამ რაღაც შუალედურში. ძალიან კარგი იქნება, თუ რეგულარულად მოგვიწევს გაჯიბრება იაპონიის, კანადის, აშშ-ის, ტონგასა და ფიჯის წინააღმდეგ.

ჩვენ ისევ პატარა გუნდი ვართ, თუმცა დიდი პოტენციალი გაგვაჩნია. დიდ პატივს ვცემ ყველა გუნდს, რომელიც ერთა თასზე თამაშობს, მაგრამ მათთან თამაში ჩვენ აღარაფერს გვაძლევს.

- სერიოზულად ალაპარაკდნენ იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეიძლება იტალიის ნაცვლად ექვსი ერის გათამაშებაში საქართველო ჩართონ...
- ამაზე არასწორი რეაქცია ჰქონდა სერჯო პარისეს. მისი საქმეა მოედანზე ითამაშოს და არა ამ საკითხის პრესასთან განხილვა. მე კი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ საქართველოს ნაკრები უელსთან მატჩში 70 ქულით არ წააგებს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, შესაძლოა საქართველოს ნაკრები მზად არ არის, ექვს ერზე ითამაშოს, მაგრამ, თუ საშუალება მიეცემა, 17 წლის განმავლობაში ისევე სწრაფად გაიზრდება, როგორც იტალია.

იტალიის ნაკრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ეს კარგი გუნდია, რომელშიც შესანიშნავი მორაგბეები თამაშობენ. თუმცა, ჩვენ ხომ მათ საწინააღმდეგოდ პრესასთან არაფერს ვამბობთ.

მოდით, მოვაწყოთ მატჩი ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის. იქ, მოედანზე, გამოჩნდება ვინ ვინ არის.

ძალიან ცუდად გამოუვიდა პარისეს, როცა თქვა, რომ ჩვენი ადგილი ექვს ერში არ არის. ის მსოფლიოს დონის მორაგბეა და მისმა ამ სიტყვებმა გული გვატკინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
Rogor mixaria qartvelebis warmateba yvela speroshiii. Ai fegburtis ra mogaxsenoo fulistebis modgmia yvelaa ragbi ganatlebuli adamianis sporiaa ragbistebi ganatlebas aqceven yuradgebas
Xatia
02:43 09-04-2016
0
იყო დრო როცა არსებობდა სტერეოტიპი რომ სპორტსმენობა დაბალ ინტელექტს ნიშნავდა. საბედნიეროდ ახლა ეს მიდგომა წარსულს ბარდება, და ამის ერთერთი ბრწყინვალე მაგალითი მამუკაა! მაგარი სპორტსმენი, ბრწყინვალე ადამიანი და მოსაუბრე!!!
B-52
15:49 05-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული