მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ თბილისში დიდი რაგბის დროც დადგა. 6 თებერვალს ევროპაში სანაკრებო რაგბის ახალი სეზონი იღებს სტარტს. "ბობოლები" დიდ 6 ერს შეუდგებიან, ხოლო ჩვენ "რაგბი ევროპის" მორიგ, მე-17 სეზონში ჩავერთვებით.

შარშან საქართველომ მეოთხედ იასპარეზა მსოფლიო თასზე, მოწინავე 12-ეულში შევიდა და 2019 წელს იაპონიაში ასპარეზობა ახლავე დაიბევა. ეს ნიშნავს, რომ "რაგბი ევროპა" ჩვენთვის შესარჩევი ტურნირი აღარაა, რის გამოც უწინდელზე უფრო თამამად შეგვეძლება ვატაროთ ექსპერიმენტები და ახალგაზრდობა გამოვაწრთოთ, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ მიღწეულსაც შენარჩუნება სჭირდება და ამდენად, ქომაგობა გუნდისგან მხოლოდ გამარჯვებას
ითხოვს.

ავჭალა, მესხი, დინამო
წლეულს შინ სამ მატჩს ვატარებთ. 6 თებერვალს გერმანიას ავჭალაში ვუმასპინძლებთ. მატჩი 14 საათზე დაიწყება (ფასი 5 ლარი). პირველ თამაშზე ბილეთები დაუნომრავი იქნება. ამიტომ ვინც თადარიგს დაიჭერს და სტადიონზე ადრე მივა, უკეთეს ადგილს დაიკავებს. ბილეთების გაყიდვის თარიღი კვირის ბოლომდე დაანონსდება.

მეორე საშინაო რკენაში ესპანეთს 27 თებერვალს ვუმასპინძლებთ. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, ხოლო "რაგბი ევროპის" წლევანდელი სეზონის ბოლო მატჩში 19 მარტს, ჩვენი ნაკრები თბილისში, ტრადიციულად მთავარ კონკურენტს - რუმინეთს ეთამაშება. "ბორჯღალოსნები" "მუხებს" "დინამო არენაზე" ერკინებიან. აქვე დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მხარდაჭერისათვის.

სამივე საშინაო მატჩის შუალედებში, "ბორჯღალოსნები" გასვლაზე ორ შეხვედრას, პორტუგალიისა და რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ.

გერმანიის შემდეგ ნაკრები ლისაბონში გაემგზავრება, სადაც 13 თებერვალს პორტუგალია გვიმასპინძლებს, ხოლო რუსეთი სოჭში 12 მარტს დაგვიხვდება.

"რაგბი ევროპის" წლევანდელი სეზონის 5-ვე მატჩს საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს.

წლის პირველი შეკრება
წლევანდელი გათამაშებისთვის მზადებას "ბორჯღალოსნები" 1-ელ თებერვალს, ტრადიციულად, "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე შეუდგებიან.

მილტონ ჰეიგმა და სამწვრთნელო შტაბმა პირველი ორი შეხვედრისათვის გაფართოებულ რაზმში 30 მორაგბეს უხმეს.

"წარმატებული მსოფლიო თასის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ და ყველა მატჩზე შესაბამისი განწყობით გავიდეთ, რათა მთელ მსოფლიოს ვანახოთ, რომ პროგრესის შენარჩუნება და თანმიმდევრობა შეგვიძლია.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პირველი მატჩიდანვე აქცენტი როგორც გამოცდილებაზე, ასევე ახალბედა მოთამაშეებზე გავაკეთოთ. აქედან გამომდინარე, პირველი ორი მატჩისთვის შერჩეულთა უმეტესობამ გასულ მსოფლიო თასზე ითამაშა", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

პირველ ხაზში ახალი სახეა
მარცხენა ბურჯებად მიხეილ ნარიაშვილსა და კარლენ ასეიშვილს ვიხილავთ, რომლებსაც მსოფლიოს მერე თავიანთ კლუბებში, შესაბამისად, "მონპელიესა" და "ბრივში", საკმაო სათამაშო დრო დაუგროვდათ.

კვაჭებს რაც შეეხებათ, შალვა მამუკაშვილთან ერთად ზურა ჟვანიას უხმეს.

"სამწუხაროა, რომ წინა სატურნირო მატჩზე მიღებული ტრავმის გამო ზურამ მსოფლიო თასი გამოტოვა, რაც ჩემთვისაც და მისთვისაც საკმაოდ საწყენი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეთამაშა, იგი თავს ყველას დაამახსოვრებდა. ამ სეზონზე მას დერეფნებზე ვამუშავებთ და თუ საჭირო გახდა, პირველი ნომრის პოზიციაზეც ითამაშებს", - დასძინა ჰეიგმა.

მარჯვენა ბურჯებად გერმანიასთან და პორტუგალიასთან ჰეიგმა ანტონ ფეიქრიშვილს უხმო. მასთან ერთად პირველი სანაკრებო კეპის მოხვეჭის შესაძლებლობა "20 წლამდე ბორჯღალოსნების" ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბეს, მსოფლიო ალაფის გამარჯვებულს, ფრანგული "სტად ფრანსეს" გიორგი მელიქიძეს ეძლევა.

"ჩვენ მას ალაფის შემდეგ ვაკვირდებოდით, სადაც მან საუცხოოდ იასპარეზა. მისი სიძლიერე, როგორც სტატიკაში, ასევე ღია თამაშში, კარგად ჩანს და რაქშიც საუცხოოა. მან ტოპ 14-ში უკვე რამდენიმე მატჩი ითამაშა და მიმაჩნია, რომ იმსახურებს შანსს", - მელიქიძის დახასიათებისას აღნიშნა "ბორჯღალოსნების" თავკაცმა.

ჰეიგმა ასევე აღნიშნა, რომ პირველ ორ ტურში იგი დაასვენებს ლევან ჩილაჩავას, ხოლო პორტუგალიისთვის შესაძლოა უხმოს დუდუ ქუბრიაშვილს.

გამოცდილი მეორე და მესამე ხაზი
მხტომელებად ჰეიგს გამოცდილი მოთამაშეები მოჰყავს. მეორე ხაზში გიორგი ნემსაძე და გიორგი ჩხაიძე გამოიძახა.

"ნემსაძემ შესანიშნავად ითამაშა მსოფლიო თასზე, რამდენჯერმე საუცხოოდ გაჭრა ხაზი და დაცვაშიც ძალიან კარგი იყო. ის და ჩხაიძე საკმაოდ გამოცდილნი არიან, რაც ზემოთაღნიშნული ტემპის შენარჩუნებასა და გაგრძელებაში უდავოდ დაგვეხმარება", - დასძინა ჰეიგმა.

გიორგი ჩხაიძისთვის, რომელსაც ზურგს 86 სანაკრებო კეპი უმაგრებს, გასულო მსოფლიო თასი მეოთხე იყო. მის მსგავსად ვეებერთელა გამოცდილება "ბორჯღალოსანთა" ყველა დროის მექულეს, მერაბ კვირიკაშვილსაც აქვს, რომელმაც ასევე მეოთხე მსოფლიოზე ითამაშა და ჩხაიძეზე 2-ით მეტი, 88 კეპი აქვს.

"არ გამოვრიცხავ, რომ მათი კარგი თამაშით ჩხაიძემ და კვირიკაშვილმა 100 კეპი დააგროვონ და ამით ქართული რაგბის ისტორიაში შევიდნენ".

მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილს, ლაშა ლომიძესა და შალვა სუთიაშვილს ვიხილავთ. მათ გარდა კი ჰეიგი ორ ახალბედა "ბორჯღალოსანს", საბა შუბითიძესა და ბექა გორგაძეს ენდო. მთავარი მწვრთნელის თქმით, ორივე მორკინალმა კარგად ითამაშა თბილისის თასზე და წინასამსოფლიო შეკრებაზეც გამოირჩეოდნენ.

9 ნომრები უცვლელად
ტურნირს ჰავბექების იმავე შემადგენლობით ვიწყებთ, რომლითაც მსოფლიოზე წავედით. ჰეიგმა მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ შესული ვასილ ლობჟანიძე, გიორგი ბეგაძე და ვაჟა ხუციშვილი გამოიძახა.

ხმალაძე დაბრუნდა
მსოფლიო თასისთვის "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობა რომ დასახელდა, სამწვრთნელო შტაბმა ლაშა ხმალაძე ვიცე-კაპიტნად დაასახელა. სამწუხაროდ, კანადასთან საკონტროლო მატჩში მან ფეხის ტრავმა მიიღო და ტურნირის გამოტოვება მოუწია.

ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ხმალაძემ "ლელო"-"სარასენსის" შემადგენლობაში უკვე ითამაშა და ნაკრებისთვისაც მზადაა.

მეორე მგეზავი ლაშა მალაღურაძეა, რომელმაც მსოფლიოზე "ბორჯღალოსნების" ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნამიბიის წინააღმდეგ გადამწყვეტი ლელო დაამიწა.

გამოცდილი შუამარბები
12 და 13 ნომრებზე მერაბ შარიქაძესა და დავით კაჭარავას ტანდემს ვიხილავთ. თამაზ მჭედლიძე ფრთაზე ითამაშებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ჰეიგი მას ცენტრად მოისაზრებს.

"მსოფლიო თასზე მჭედლიძემ დიდი პროგრესი განიცადა. მან თამაშიდან თამაშამდე უმატა და ნამიბიასთან შეუდარებელი იყო. კაჭარავასა და შარიქაძის სიძლიერეზე ბევრის თქმა შეიძლება..."

ფრთებზე მჭედლიძესთან ერთად ალექსანდრე თოდუა და გიორგი ფრუიძე გაირჯებიან.

"ფრუიძემ მნიშვნელოვნად მოუმატა თამაშის ხარისხს და რომ არა ვარჯიშზე მიღებული ტრავმა, იგი აუცილებლად ითამაშებდა "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ".

მერაბ კვირიკაშვილზე ზემოთ აღვნიშნეთ. ფულბეკებად მის გარდა ზელანდიასთან ისტორიული ლელოს ავტორს, ბექა წიკლაურსა და ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილ გიორგი აფციაურს ვიხილავთ.

ჰეიგმა შეკრებაზე რეზერვად ოთხ მორაგბეს უხმო დიდი 10-დან: გიორგი მჭედლიშვილს (ჯიქი), რეზი ჯინჭველაშვილს (აია), მურაზ გიორგაძესა (არმაზი) და ნოდარ ჭეიშვილს (ლელო სარასენსი)

"რაგბი ევროპის" ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნების" კაპიტანი გუნდის შეკრებაზე შესვლის შემდეგ დასახელდება.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა
უკანა ხაზი [ბექები]
მერაბ კვირიკაშვილი, ბექა წიკლაური, გიორგი აფციაური, სანდრო თოდუა, მურაზ გიორგაძე, გიორგი ფრუიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, ლაშა მალაღურაძე, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, ვასილ ლობჟანიძე.

შერკინება [ფორვარდები]
მიხეილ ნარიაშვილი, კახა ასეიშვილი, შალვა მამუკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ანტონ ფეიქრიშვილი, გიორგი მელიქიძე, გიორგი ჩხაიძე, გიორგი ნემსაძე, ნოდარ ჭეიშვილი, შალვა სუთიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, საბა შუბითიძე, ბექა გორგაძე, გიორგი მჭედლიშვილი.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეეეეეეეეეეეეეეე ბიჭო გვითხარით, რატომ არ არის სიაში მამუკა გორგოპძე? მიზეზი გვითხარით. რატომ არაფერს წერთ?
beqa
09:53 01-02-2016
0
ვინმეს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რა ხდება მამუკასთან დაკავშირებით?
ნოდარი
20:16 31-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული