ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

ეს სამყაროს დასასრული არ არის! - მილტონ ჰეიგისა და "ბორჯღალოსნების" კომენტარები

AutoSharing Option
25 სექტემბერს, მსოფლიოს თასზე გამართული მატჩის შემდეგ, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინასთან დამარცხდა (9:54), "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს.


მილტონ ჰეიგი:
- მატჩის პირველი ნახევარი კარგი იყო. კარგადაც ვთამაშობდით. ბურთს ვფლობდით და რამდენიმეფაზიან შეტევებსაც ვაკეთებდით, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშის ბედი მალევე გადაწყდა.

მიუხედავად წაგებული მატჩისა, მე ამ ბიჭებით ვამაყობ. ფაქტი კი ის არის, რომ მატჩი ისეთ გუნდთან გავმართეთ, რომელიც მოგებისთვის თავიდანვე "განწირული" იყო.

- რამხელა მნიშვნელობა იქონია
მეორე ნახევარში კაცნაკლულზე თამაშმა?

- მამუკა უდაოდ ჩვენი გუნდის ლიდერია. მატჩის პირველ ნახევარში უფრო თავისუფლად ვიყავით, მაგრამ მამუკას 10 წუთით დაკარგვამ საკმაოდ ცუდად იმოქმედა.

თუმცა ეს რაგბია - ერთ დღეს ვიგებთ და აღვნიშნავთ, მეორე დღეს შეიძლება დავმარცხდეთ. ახლა ისევ უკან უნდა დავბრუნდეთ და მორიგი მატჩისთვის მოვემზადოთ. ჩვენ ჯერ კიდევ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვართ.

- შემდეგი მატჩი ახალ ზელანდიასთან გაქვთ...
- მომავალ კვირას მსოფლიო ჩემპიონებს ვხვდებით, მსგავსი რამ ქართული რაგბის ისტორიაში არ ყოფილა. ამ მატჩისთვის ბიჭების მოტივირება საჭირო ნამდვილად არ არის, რადგანაც "ოლ ბლექსი" ის გუნდია, რომელიც ყველა მორაგბის საოცნებო მოწინააღმდეგეა.

მერაბ კვირიკაშვილი:
- მეორე ნახევრის დასაწყისიდან მატჩის შედეგი უკვე ყველასთვის ცნობილი იყო. ტაიმის დასაწყისში თამაშში სწრაფად ჩართვა ვერ მოვახერხეთ, მათ კი ეს შეძლეს. შემდეგ ყვითელი ბარათიც მივიღეთ, რამაც ჩვენზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

ეს სამყაროს დასასრული არ არის. ვეცდებით თავი ხელში ავიყვანოთ და შემდეგი ორი მატჩი ისევ ისეთი შემართებით გავაგრძელოთ, როგორც აქამდე ვიყავით.

ვიტო კოლელიშვილი:
- ძალიან რთულია წაგება. ცუდად ვითამაშეთ და ამიტომაც დავმარცხდით. მოტივირებულები ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არ გაგვიმართლა. დღევანდელი მატჩიდან ბევრს ვისწავლით. ახალი ზელანდიის წინააღმდეგ კარგად მოვემზადებით, ნამიბიასთან მოგება კი აუცილებელია.

დავით ზირაქაშვილი:
- არ მინდა პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ ერთი მატჩის მოსაგებად არ ჩამოვსულვართ. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. ჩვენი შერკინების სიძლიერეში დარწმუნებული ვარ და მსოფლიოს თასი ჩვენთვის ამით არ დასრულებულა.

მეოცნებეები არ ვართ, რეალისტები ვართ. ვიცოდით, რომ არგენტინა ძლიერი გუნდი იყო და არც ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვაგებთ ოცნების კოშკებს, თუმცა მოლოდინები მაინც დიდი გვაქვს. ამ გამოწვევას კარგად გამოვიყენებთ და მოედანზე ყველაფერს დავდებთ.

წაგებულ თამაშში დადებითის დანახვა რთულია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შერკინება ძალიან კარგი იყო და ოთხჯერ დავაჯარიმეთ მოწინააღმდეგე. არგენტინას ჩვენთან შერკინებაში დადგომა უჭირდა და ამით ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის. ხვალ ჩვენს გამოსვლას შევაფასებთ და ვიდეოანალიზი საშუალებას მოგვცემს კარგი და ცუდი მხარეები დავინახოთ.

დავით კაჭარავა:
- ძალიან რთული თამაში იყო. ტონგასთან მოგებული მატჩის შემდეგ მაღლა დავფრინავდით, ახლა კი მიწაზე დავეშვით. არგენტინელებმა ძალიან მაგარი რაგბი ითამაშეს.

რაღაც დადებითი ამ მატჩშიც შეგვიძლია დავინახოთ. ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბევრი ვისწავლეთ და შემდეგ თამაშებში მთლიანად ჩავერთვებით. არაფერი დაგვიკარგავს. ჩვენთვის ჯერ კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წინ არის - თუ ჩვენ ნამიბიის დამარცხებას შევძლებთ, მიზანს მივაღწევთ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ