ტრანსფერები ქართულ სარაგბო კლუბებში: მიდი-მოდი დამთავრდა

AutoSharing Option
ფოტოზე: თორნიკე ცერცვაძე
საქართველოს ნაკრები ინგლისში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის მზადებას განაგრძობს. მსოფლიოს რაგბის უდიდესი ფორუმი 18 სექტემბერს დაიწყება. იქამდე კი სარაგბო სეზონი საქართველოში 5 სექტემბერს, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩით გაიხსნება.

ცხადია, როგორც ყოველთვის, ახალ ჩემპიონატს სატრანსფერო ციებ-ცხელება უძღოდა წინ, სადაც კლუბებს, ბუნებრივია, განსხვავებული აქტივობა ჰქონდათ. ყველაზე მეტი მორაგბე საქართველოს სხვადასხვა გუნდიდან "არმიამ" მიიწვია. ამ კლუბში წლეულს 11 ახალი მოთამაშე ჩაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ შევსება სხვა გუნდებიდან არ მიუღიათ საქართველოს ჩემპიონ თბილისის "ლელოს" და ქუთაისის "აიას". ესენი, ძირითადად, საკუთარი
აღზრდილი მორაგბეებით "იკვებებიან".

სამაგიეროდ, "ლელო" დატოვა სამმა წამყვანმა უკანახაზელმა და ერთმა მორკინალმა. ცხრა ნომერი გიორგი კაჭარავა და გარემარბი სანდრო ნიჟარაძე მშობლიურ გუნდს, "ყოჩებს" დაუბრუნდნენ. აქვე გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება შუამარბმა თორნიკე ცერცვაძემ, რომელიც "ლელოს" აღზრდილია. რუსთავის "ხარებს" დაემატა მესამეხაზელი ვახტანგ მძინარიშვილი.

შვიდი ახალი მორაგბე დაიმატა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა". გუნდი კი სამმა მოთამაშემ დატოვა. ომარ ბალიაშვილი, ირაკლი კვანტიძე და გოდერძი ჭინჭარაული "ბათუმში" გადაბარგდნენ. მათ გარდა, ბათუმელებმა კიდევ სამი მოთამაშე დაიმატეს.

ექვსი მორაგბით გაძლიერდა "ჯიქი", რომელიც წლეულს გორის ღირსებას დაიცავს. ოთხი მოთამაშე დაიმატა უმაღლეს ლიგაში, ანუ "დიდ 10"-ში დაბრუნებულმა თბილისის "აკადემიამ", მათ შორის, მესამეხაზელი საბა შუბითიძე, რომელიც ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო გამოძახებული საინგლისოდ მზადებისას.

ტრანსფერები
ლოკომოტივი: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე (ორივე - თიბიესი), გიგა გაგოშვილი (ბათუმი), ამირან მიქაძე (ჯიქი), საბა ნიკოლავა, ირაკლი ჩომახაშვილი (ორივე - არმაზი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები)

ყოჩები: გიორგი კაჭარავა, სანდრო ნიჟარაძე, თორნიკე ცერცვაძე (სამივე - ლელო)

ბათუმი: ომარ ბალიაშვილი, ირაკლი კვანტიძე, გოდერძი ჭინჭარაული (სამივე - ლოკომოტივი), გიორგი თედორაძე (თიბიესი), ალექსანდრე ტუჩაშვილი (არმია), შალვა შაშიაშვილი (აია)

ხარები: გიორგი მისრიაშვილი, ბაჩო ჩხაიძე (ორივე - არმაზი), ვახტანგ მძინარიშვილი (ლელო), უჩა მჭედლიშვილი (თიბიესი)

არმაზი: შოთა მელიქიძე (ლელო), ბაჩო ჯოგლიძე (თიბიესი)

ჯიქი: ნუგზარ გიორგაძე, ალეკო ზაბახიძე, ლევან თხელიძე (სამივე - ბათუმი), დავით გურგენიძე, გიორგი კაკოვინი (არმია), მიხეილ ორაგველიძე (თიბიესი)

არმია: გიორგი აფციაური, გიორგი როხვაძე (ორივე - აია), გიგი გაბუნია, შალვა მახარაშვილი (ორივე - ყოჩები), თორნიკე გოგლიძე, დავით ნიბლაძე, გრიგოლ ნიშნიანიძე, მიხეილ ფსუტური (ოთხივე - თიბიესი), გიორგი ოქრომელიძე (ჯიქი), რატი ტყეშელაშვილი, სოლომონ ქარუხნიშვილი (ორივე - ხარები)

აკადემია: ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (ყოჩები), ჯიმი ღამბაშიძე (თიბიესი), საბა შუბითიძე (ჯიქები), შოთა ცხოვრებაშვილი (ბათუმი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული