აია-აკადემია 35:6 - შალამბერიძის ჰეთ თრიკი

AutoSharing Option
ქუთაისის "აია" მიმდინარე გათამაშებაში დამაჯერებლად ასპარეზობს და რეგულარული ჩემპიონატის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს. თუმცა, რიონისპირელთა კონკურენტებიც ყოჩაღობენ და ბექა ყურაშვილის გუნდს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ.

ქუთაისელებს "აკადემიასთან" ქულების დაკარგვის უფლება არ ჰქონდათ. მათ შეხვედრა დიდი შემართებით დაიწყეს და სწრაფი ლელოთი დაწინაურდნენ. მე-6 წუთზე ქუთაისელებმა მარცხენა ფლანგზე შეუტიეს, სტუმრებმა გელა შალამბერიძის შებოჭვა ვერ მოახერხეს და მანაც ბურთი "აკადემიის" ჩათვლის მოედანში დაამიწა. გიორგი ბაბუნაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა - 5:0.

შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით გაგრძელდა. "აია" შერკინებაშიც უფრო მძლავრად თამაშობდა და ხელით
თამაშიც უკეთ გამოსდიოდა. მე-13 წუთზე ქუთაისელებმა კარგი შეტევა განახორციელეს, იოსებ კიკვაძე მეურვეებს დაუსხლტა და ზურაბ ძნელაძეს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა. ქუთაისელთა ფულბეკსაც ლელოს გატანის მეტი არაფერი დარჩენოდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა -10:0.

ცოტა ხანში სოსო მათიაშვილმა საჯარიმო დარტყმით შეამცირა ანგარიში. მან მოგვიანებით მეორე ჯარიმაც გაიტანა, თუმცა იქამდე ბაბუნაშვილმაც ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. მასპინძლებმა შეტევები გაამწვავეს და 35-ე წუთზე მესამე ლელო გაიტანეს. მათ მეტოქის 22-მეტრიან ხაზთან ახლოს კარგად გაშალეს "მარაო". შეტევის მესამე ფაზაში სტუმრებს გელა შალამბერიძემ გაუჭრა ხაზი და ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა. ბაბუნაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა, ტაიმის ბოლო წუთზე კი ერთი საჯარიმო დარტყმაც მიაყოლა და პირველი ნახევრის ანგარიში დააფიქსირა - 23:6.

მეორე ტაიმი აკადემიელებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს. ისინი ხელდახელ თამაშით ცდილობდნენ ქუთაისელთა ხაზის გაჭრას. ერთხელ ლელოს გატანასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ არ გაუმართლათ. სამაგიეროდ, 64-ე წუთზე ქუთაისელებმა მორიგი ლელო გაიტანეს, მათი შეტევა მარცხენა ფლანგზე შეცვლაზე შესულმა ბადრი დანგაძემ დააგვირგვინა. ბაბუნაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად დაარტყა.

ქუთაისელები ამის შემდეგაც არ მოდუნებულან და შეხვედრის დასრულებამდე მეტოქე კიდევ ერთი ლელოთი "დასაჯეს", აკადემიელებს ხაზი გელა შალამბერიძემ გაუჭრა და ჰეთ თრიკი შეასრულა.

ქუთაისელებმა პრემიალური მოგებით რეგულარული გათამაშების პირველობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ბოლო ტურში ისინი თანაქალაქელ "ბაგრატს" დაუპირისპირდებიან და დიდწილად სწორედ ქუთაისურ დერბიში დაფიქსირებულ შედეგზე იქნება დამოკიდებული პირველადგილოსნის ბედი.

დიდი 10. XVII ტური
02.04. ქუთაისი. "აია არენა", ხელოვნური.
აია-აკადემია 35:6
აია: (15-9) ძნელაძე, ი.კიკვაძე, ჩხიკვაძე, ირემაძე (ლაღაძე), აბრამიძე, გ.ბაბუნაშვილი, თუთბერიძე (გ.კიკვაძე); (1-8) მღებრიშვილი (დანგაძე), ლოსაბერიძე (ვარდანიძე), რევიშვილი, შალამბერიძე, მ.ბაბუნშვილი (ჩიტეიშვილი), წაქაძე (ხარებავა), გ.ტრაძე (ერემეიშვილი), რატიაშვილი (ლომსიანიძე)
მწვრთნელი: ბექა ყურაშვილი
5ლ: შალამბერიძე (3), ძნელაძე, დანგაძე
2გ: ბაბუნაშვილი (2)
2ს: ბაბუნაშვილი (2)
აკადემია: (15-9) მათიაშვილი, სიჭინავა, ხელაია, ჭუაძე, ლაზარიშვილი (ახობაძე), დავითაშვილი, მაზმიშვილი; (1-8) ქადარია (გვარამია-ქადარია), ლომაური ტიტვინიძე (რ.მაზმიშვილი), ზოიძე, ბერიკაშვილი, ლუარსაბიშვილი (გოგოლაძე), შუბითიძე, გოგლიძე
მწრთნელი: ლევან ობოლაძე
2ს: მათიაშვილი (2)
რეფერი: გია ამირხანაშვილი.

სხვა მატჩები
ჯიქი-ლელო სარასენსი 17:13
ყოჩები-არმაზი 17:17
ლოკომოტივი-ბაგრატი 64:14
ბათუმი-არმია 40:7

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გმადლობთ შენიშვნისთვის. აუცილებლად.
დათო
20:57 03-04-2017
0
ბატონო ავტორო:
რაგბზე სტატია სარაგბო ტერმინებით წერეთ და პატივი ვცეთ მათ
ჩათვლის მოედანი - ლელო
ლელოს გატანა - ლელოს დამიწება
გარდასახვის გატანა - გარდასახვა/გარდასახა
გარდასახვის დარტყმა - გარდასახვა/გარდასახა
ფლანგი - ფრთა
დავით კოხეიძეს
14:04 03-04-2017
0

სიახლეები პოპულარული