U20. საქართველო VS იტალია - ჩვენთვის ფინალის ტოლფასი

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში მე-9 ადგილისთვის იბრძვის. დღეს, 20 ივნისს, "უმცროსი ბორჯღალოსნები" იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი მანჩესტერში "ეი ჯეი ბელ სთედიუმზე", თბილისის დროით, 18:15 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირი რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "მე-2 არხი" წარმოადგენს.

ქართველი მორაგბეები, იტალიელ თანატოლებთან წარმატების შემთხვევაში, საფრანგეთსა და იაპონიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

იტალიელებთან მატჩში დაგვაკლდება მეორეხაზელი ოთარ გიორგაძე, რომელმაც ირლანდიასთან მატჩში ტვინის შერყევა მიიღო. თადარიგში გადაინაცვლა ფულბეკმა მირიან მოდებაძემ. მის ნაცვლად ამ პოზიციაზე ირაკლი სვანიძე ითამაშებს.

სამწუხაროდ, პირველხაზელ ნიკა ნეფარიძეს ტერფზე ტრავმა
აქვს, რომელიც მას გამაყუჩებლის გარეშე თამაშის შესაძლებლობას არ აძლევდა. ასევე წინა კვირას გაცნობეთ, რომ ბარძაყის კუნთის ძველი ტრავმის გამო ტურნირის დატოვება "ლიონის" მეორეხაზელ გიორგი ჯავახიას მოუწია. მათ ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა "აიას" ბურჯ უშანგი ჭეიშვილსა და "ბათუმის" მესამეხაზელ ვანო ფუტკარაძეს უხმო.

"ეს მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია. თამაშიდან თამაშამდე პროგრესი გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ირლანდიასთან დისციპლინამ გვიმტყუნა. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს, ხასიათი გამოავლინეს და ყველამ ბოლომდე იბრძოლა. პარადოქსია - რაც თხუთმეტმა კაცმა ვერ მოახერხა შეტევაში წინა თამაშებში, ირლანდიასთან თოთხმეტმა შედარებით უკეთ შეძლო.

იტალია კარგად დაბალანსებული გუნდია - ძლიერი შერკინებითა და უკანა ხაზით. ცხრა, ათი და თხუთმეტი ნომრები ხშირად სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ყველა კომპონენტში კარგ დონეზე არიან და, რაც მთავარია, დისციპლინებული გუნდია.

ამ მატჩში გვინდა დაცვა გავაძლიეროთ - უფრო მეტი ზეწოლისა და წნეხის ქვეშ გვინდა ვამყოფოთ მათი შეტევა. ხაზი ამოვწიოთ, რაც შეიძლება, უფრო სწრაფად, ვიდრე წინა მატჩებში. ირლანდიის თამაშზე ზოგი კომპონენტი გამოვასწორეთ - გადაწყობა, გაშლა და ამოსვლა. პოზიციურადაც მცირე შეცდომებიც იყო, ხოლო ინდივიდუალური ბოჭვები კარგი გვქონდა, რითაც კმაყოფილი ვარ. თითქმის ორასამდე ბოჭვა გავაკეთეთ. რამდენიმე მორაგბეს ოცზე მეტი ბოჭვის გაკეთებამ მოუწია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია", - თქვა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

დღესვე გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის სხვა მატჩებიც. ცხადია, ყველაზე მეტ ინტერესს ჩემპიონობისთვის მებრძოლი ოთხეულის ბრძოლები იწვევს. ესენია: ინგლისი, სამხრეთი აფრიკა, არგენტინა და ირლანდია.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. პლეი ოფი. IX ადგილისთვის
საქართველო-იტალია
საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ირაკლი ცხადაძე, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.
16. გიორგი ხუროშვილი, 17. უშანგი ჭეიშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ფუტკარაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. მირიან მოდებაძე, 23. სანდრო ილურიძე.
იტალია: 15. მატეო მინოზი, 14. ლორენცო მასატო, 13. მარკო ზანონი, 12. დარიო სკიაბელი, 11. ლუკა სპერანდო, 10. ლეონარდო მანტელი, 9. რიკარდო რაფაელი. 1. დანიელ რიმპელი, 2. ენჯელ მაკელარა, 3. მარკო რიჩიონი, 4. ლეონარდ კრუმოვი, 5. დავიდე ფრანიტო, 6. ლორენცო მასელი, 7. ჯოვანი პეტინელი, 8. ჯოვანი ლიკატა.
16. მარკო მანფრედი, 17. დამიანო ბორეანი, 18. ჯოშუა ზილოკი, 19. ჯორდანო ბალდინო, 20. დავიდე ცოტოლი, 21. ჩარლი ტრუსარდი, 22. რობერტო დალცილიო, 23. ანდრეა ბრონზინი

იაპონია-საფრანგეთი

V ადგილისთვის
ახ.ზელანდია-უელსი
შოტლანდია-ავსტრალია

ნახევარფინალი
ინგლისი-სამ.აფრიკა
ირლანდია-არგენტინა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გამარჯვებას გილოცავთ ბიჭებო! გენაცვალეთ!!!
soxumeli
22:16 20-06-2016
0
მოკლედ მართლაც გმირები არიან, 18-10 იგებენ და ათი თავით ჯობიან იტალიელებს
zviadi
19:50 20-06-2016
0

სიახლეები პოპულარული