სუპერთასი | "შავი ლომი" სეზონის პირველი თამაშისთვის დაირაზმა

AutoSharing Option
4 ნოემბერს "შავი ლომი" ახალი, ისტორიული სეზონის პირველ თამაშს გამართავს. ჩვენი გუნდი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე "ავჭალაზე" 16 საათზე ესპანურ "იბერიანსს" დაუხვდება.

ახალი მთავარი მწვრთნელის დამტკიცებამდე, გუნდს დროებით ლევან მაისაშვილი უხელმძღვანელებს – „მიმდინარეობს ნაკრებისა და "შავი ლომის" ახალი მწვრთნელის ძიება და გადაწყვეტილების მიღებამდე, პროცესები რომ არ შეჩერდეს, მოვალეობის შემსრულებელი მე ვიქნები“.

"შავი ლომი" ერთი კვირაა, რაც "შევარდენის" ბაზაზე შეიკრიბა და მომავალი თამაშისთვის ემზადება:

„მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ სანაკრებო მოთამაშეები დავასვენეთ, დანარჩენები კი უკვე დიდი ხანია მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობენ და დიდ
10-ში თამაშობენ. 1 კვირაა, რაც სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ და ვემზადებით სუპერთასის პირველი შეხვედრისთვის. "იბერიანსი" კარგად ნაცნობი გუნდია და ვიცით, რას თამაშობს“ – ამბობს მაისაშვილი.

ტრავმირებულები

2023 წლის მსოფლიო თასზე მიღებული სხვადასხვა ხარისხის დაზიანების გამო "შავ ლომს" "იბერიანსთან" და ზოგადად, სუპერთასზე, გამოცდილი მოთამაშეების დიდი ნაწილი დააკლდება.

ტრავმირებული და საოპერაციოა კვაჭი შალვა მამუკაშვილი. ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის კვაჭი თენგიზ ზამთარაძე. მომავალ თამაშს ტოვებენ მირიან მოდებაძე, მიშო გაჩეჩილაძე, ნოდარ ჭეიშვილი და დემე თაფლაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებულ მოთამაშეთა ნაწილს დიდი დრო გაუცდება, სამწვრთნელო შტაბი ამ ეტაპზე არსებულ რესურსს საკმარისად მიიჩნევს:

„ამ ეტაპზე მხოლოდ სუპერთასზე ვფიქრობთ და ამის შემდეგ გადავერთვებით ჩელენჯ თასზე. სამწუხაროდ, "შავი ლომის" სანაკრებო მოთამაშეთა ერთ ნაწილს ტრავმები აწუხებს და სუპერთასს დანაკლისით ვხვდებით. გვყავს ახალბედა მოთამაშეები 20-წლამდელთა ნაკრებიდან და "დიდი 10"-იდან. მათ ნაწილს "შავ ლომში" დებიუტი შაბათს ექნება“ – აღნიშნავს მაისაშვილი.

7 დებიუტანტი

"იბერიანსთან" გასამართ სუპერთასის პირველ შეხვედრაში "შავი ლომის" შემადგენლობაში 7 დებიუტანტია – 4 სასტარტოში და სამიც მარქაფაში.

ცენტრში თამაშს იწყებს ინგლისის პრემიერშიფის "გლოსთერიდან" (ჩვენი მომავალი მეტოქე ჩელენჯ თასზე) დაბრუნებული გიორგი კვესელაძე, რომელიც გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. დებიუტანტია ფულბეკი ლუკა ცირეკიძე, რომელმაც 20-წლამდელთა ნაკრებში გამორჩეული თამაშით დაგვამახსოვრა თავი.

ღერძზე თენგიზ პერანიძისა და ლუკა მატკავას დუეტს ვიხილავთ, ფრთებზე კი გამოცდილი სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე დადგებიან.

დებიუტანტია კვაჭი ბექა მამრიკიშვილი. ბურჯები დათო აბდუშელიშვილი და ნიკა პატარაია არიან, მეორე ხაზში კი გრიგორ ქერდიყოშვილი და მიხეილ ბაბუნაშვილი შეწყვილდებიან. ფლანკერებად თამაშს ლუკა ივანიშვილი და სანდრო მამამთავრიშვილი იწყებენ, ხოლო შერკინების შემკვრელი ილია სპანდერაშვილი იქნება, 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი (2017 წელს), რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ თამაშობდა და სამშობლოში დაბრუნდა.

მარქაფაში სამი დებიუტანტია – კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე და მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე. მარქაფაში არიან მეორე ბურჯი ნიკა ხატიაშვილი, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი და ხაზის მოთამაშეები: გიორგი მარგალიტაძე, ოთარ ლაშხი და სოსო მათიაშვილი, რომელიც ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა.

ახალი ფორმატი

შეგახსენებთ, სუპერთასში წელსაც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა განახლებული ფორმატით ჩატარდება. რეგიონული პრინციპის ნაცვლად, ამჯერად გუნდები ჯგუფებში ძალთა თანაფარდობის მიხედვით გადანაწილდებიან.

"ა" ჯგუფში "შავ ლომთან" ერთად შარშანდელი ფინალისტი, ისრაელის "თელ-ავივ ჰითი", პორტუგალიური "ლუზიტანუში" და ესპანური "იბერიანსი" გაერთიანდნენ; "ბ" ჯგუფში რუმინული "ვულვზი", ბელგიური "დევილსი", ნიდერლანდური "დელტა" და ჩეხური "ბოჰემია" ითამაშებენ.

ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც "ა" ჯგუფის სამი მოწინავე გუნდი და "ბ" ჯგუფის გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გავლენ, "ა" ჯგუფის მეოთხეადგილოსანი და "ბ" ჯგუფის სამი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ.

„სუპერთასის ახალი ფორმატით აღფრთოვანებული არ ვარ. თამაშების რაოდენობა 8-იდან 5-მდე შემცირდა. ჩვენ გაგვიმართლა იმ კუთხით, რომ ჩელენჯ თასი გვაქვს, რაც თამაშების რაოდენობას აბალანსებს. მაგრამ მოთამაშეთა სრულფასოვანი სათამაშო დროისთვის არც ესაა საკმარისი. რაგბის კავშირი ამ საკითხზე მუშაობს და მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა "შავ ლომს" რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, აპრილიდან ივლისამდე რაიმე აქტივობა ჰქონდეს“ – ამბობს მაისაშვილი.

რაგბი ევროპის სუპერთასი 2023
"ა" ჯგუფი. I ტური
4 ნოემბერი. თბილისი. ავჭალა. 16:00
შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი)
შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა:
16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ოთარ ლაშხი, 23. სოსო მათიაშვილი.

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად თამაშობდა სპანდერაშვილი რომ დაწეროთ, თქვენ გერიდებათ თუ ტაბუ ადევს? რუსეთში თამაშობდა
Rezo
20:06 03-11-2023
0
რაგბის საიტმა Rugger.infom - მ დაწერა რომ ლევან მაისაშვილი 2024 წელს კვლავ ნაკრების მწვრთნელად რჩება და ევროპის ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს ნაკრებსო. ამას წერს FreeRagby. ge - ზე დაყრდნობით. არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ თუ მასეა ვაი ჩვენს რაგბის
ანდრო
12:30 03-11-2023
0

სიახლეები პოპულარული