ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ტიტულისთვის "ლელო" და "ხვამლი" იბრძოლებენ

AutoSharing Option
ჭაბუკთა "ბ" ლიგის 2023 წლის ჩემპიონის ვინაობას "ლელოსა" და "ხვამლის" შეხვედრა გაარკვევს. "ლელო" ტიტულს იცავს და ისიც აღსანიშნავია, რომ პაატა მაისურაძის ბიჭები ბოლო 9 წლის მანძილზე ჩემპიონები 5-ჯერ გახდნენ. "ხვამლმა" კი "ბ" ლიგაში პოდიუმი კლუბის ისტორიაში მეოთხედ გაახერხა. მუხიანელებმა ერთადერთი ტიტული 6 წლის წინ, სწორედ "ლელოსთან" გამარჯვებით მოიპოვეს. რეგულარულ სეზონში მეტოქეთა ორივე დაპირისპირება "ლელოს" დამაჯერებელი გამარჯვებით (30:8 და 31:11) დასრულდა.

ბრინჯაოს მედლისთვის "აია" და "არმია" იბრძოლებენ. რეგულარულ სეზონში დაკავებული მაღალი ადგილის გამო, რიონისპირელები მოედნის უპირატესობით ისარგებლენ და შესაბამისად, "არმიელებს" "აია
არენაზე" დაუხვდებიან. აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ჭაბუკთა უმცროსი ასაკის ქუთათური მორაგბეები მედლის გარეშე მხოლოდ ერთხელ დარჩნენ, "არმია" კი საჩემპიონო, 2013 წლის შემდეგ პოდიუმს პირველად ეშურება.

"ლელოს" მთავარი არენის რეკონსტრუქციის გამო, "ოქროს" პლეი ოფის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში დიდ დიღმელებმა ქუთაისის "აიას" "ავჭალა არენაზე" უმასპინძლეს. ჩემპიონს, სტუმრად პირველ შეხვედრაში ქუთათურები 3-ქულიანი სხვაობით (25:22) ყავდა დამარცხებული.

პირველი შეხვედრის მსგავსად, მეტოქეთა განმეორებითი რკენაც ჩემპიონის კარნახითა და უპირატესობით წარიმართა. "ლელომ" სათამაშო დისციპლინაც აამაღლა, იშვითად დაჯარიმდა, რის გამოც რიონისპირელებმა სამატჩო ქულების აღება მხოლოდ ერთხელ და ისიც მატჩის მიწურულს მოახერხეს. პაატა მაისურაძის ბიჭები სისწრაფეზე, ლაღად მოქმედებდნენ, ოვალს დროულად შლიდნენ და თან უამრავ ეფექტურ ბოჭვასაც წარმატებით ასრულებდნენ.

"ლელომ" მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. ჩემპიონის მგეზავ გიგი სირბილაძის გატანილ ჯარიმას, დიდ დიღმელებმა კომბინაციურ სტილში დადებული 2 ლელო მიაყოლეს. თავი ფრთა ნიკოლოზ ლობჟანიძემ და ფულბეკმა ნიკოლოზ ხალვაშმა გამოიჩინეს. სირბილაძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა და შესვენებაზე "ლელო" 17-ქულიანი უპირატესობით წავიდა – 17:0.

მეორე ტაიმში გიგი სირბილაძემ გატანილი ჯარიმით თანაგუნდელთა უპირატესობა 20-ქულამდე გაზარდა. "აიამ" "აფეთქება" მხოლოდ მატჩის ბოლო 10 წუთში მოახერხა. რიონისპირელთა მარბიელმა ლუკა გაბუნიამ ლელოს გატანა პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერზეც შეძლო, რომელიც "აიას" კაპიტანმა და მგეზავმა თეიმურაზ ძოძუაშვილმა გარდასახა. შეხვედრის ბოლო 5 წუთში სტუმრებმა დიდ დიღმელთა 5-მეტრიანში 2 მწვავე შეტევა განახორციელეს, თუმცა ერთ შემთხვევაში "ლელომ" თავი უზადო ბოჭვით დაიცვა, მეორე მიძალებისას კი რიონისპირელებს გადამწყვეტ მომენტში ოვალი წინ დაუვარდათ. "ლელომ" შეხვედრა – 20:7 მოიგო და ფინალში მიჯრით მეექვსედ ითამაშებს.

მეორე ნახევარფინალში, "ხვამლი" "არმიასთან" საპასუხო შეხვედრის წინ 4-ქულიან ჰანდიკაპს (23:19) ფლობდა. "ხვამლი არენაზე" შეხვედრა მასპინძლეთა იერიშებით დაიწყო და მუხიანელთა ფულბეკმა გიგა ყიფშიძემ წყვილი გატანილი ჯარიმით "ხვამლი" 6 ქულით დააწინაურა.

ფიზიკურად კარგად მომზადებულმა "არმიამ" ტაიმის შუაწელს კვაჭ ბუკა კუმელაშვილის გარდაუსახავი ძალისმიერი ლელოთი და ფულბეკ რაულ ჩორგოლაშვილის გატანილი ჯარიმით 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. "ხვამლმა" ტემპს უმატა და საკუთარი 10-მეტრიანიდან სისწრაფეზე, ეფექტური კომბინაციებით გაჯერებული შეტევა მასპინძელთა ფრთა აჩი ოთიაურმა ულამაზესი ლელოთი დააგვირგვინა. ყიფშიძის გაცუდებული გარდასახვის გამო, რატი ურუშაძის ბიჭები პირველ ტაიმში 3-ქულიან უპირატესობას დაჯერდნენ – 11:8.

მეორე ნახევრის დებიუტში კვლავ "არმიამ" იძალა და გია ჯავახიშვილის შეგირდები ფრთა საბა ნატროშვილის გარდაუსახავი ლელოთი კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. დაცვაში საიმედო გარჯასა და სწორ გადაწყვეტილებებთან ერთად, "ხვამლი" უპირატესობას დერეფანშიც ფლობდა. სწორედ აუტიდან კარგად ჩამოყალიბებული მოლით, მუხიანელთა კვაჭმა გიგი კოშაძემ ძალისმიერი ლელოთი საკუთარ გუნდს ანგარიშში უპირატესობა დაუბრუნა, რომელიც გიგა ყიფშიძის გატანილმა ჯარიმამ გაამყარა – 19:13.

მატჩის დასკვნითმა ნაწილმა "არმიელთა" გააფთრებულ იერიშებში ჩაიარა. ბოლო წუთზე "არმია" მასპინძელთა 5-მეტრიანთან დერეფნის უპირატესობას ფლობდა, თუმცა მუხიანელებმა თავი კარგად დაიცვეს, "არმიელებს" სეზონის მეოთხე შეხვედრაც მოუგეს და კლუბის ისტორიაში ფინალში მესამედ გავიდნენ.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხვამლი კარგ შევსებას აძლევს ეროვნულ ნაკრებებს. წარმატებას ვუსურვებ ლელოსთან.
გიორგი
14:23 18-06-2023
0

სიახლეები პოპულარული