ავარიის საქმის სასამართლო განხილვა, რაზეც ბრალი მერაბ კვირიკაშვილს აქვს წარდგენილი, დღეს განახლდება

AutoSharing Option
ქუთაისის შემოვლით გზაზე 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა ავარიაში მონაწილე მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს.

როგორც ნანა თოდუა სოციალურ ქსელში წერს, ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია, რომელიც BMW X5-ის მარკის ჯიპით 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

”ამ ავარიაზე 2016 წლის ზაფხულში მთელი საქართველო ლაპარაკობდა. ავარიას ჩემი შვილი, 26 წლის გიორგი პაპასკირი და მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია, მათი მეგობარი ანი ჩხაიძე და თავად ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევის, მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ. ერთი შეხედვით ცხადი
იყო, რა მოხდა და მაინც, წელიწად-ნახევარია სასამართლოში საქმის განხილვა წესიერად არც დაწყებულა. კვირიკაშვილი შეიძლება ძალიან კარგი მორაგბე იყოს, მაგრამ ეს არ უნდა აძლევდეს მას პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის შესაძლებლობას. ყველამ, ცნობილმა მეცნიერმა, ხელოვანმა, სპორტსმენმა, თანამდებობის პირმა თუ უბრალო მოქალაქემ, ყველამ ერთნაირად უნდა აგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის. მე ასე მესმის სამართალი და კანონიერება”, - აცხადებს თოდუა.

მისივე თქმით, მერაბ კვირიკაშვილი და მისი ადვოკატი ცდილობენ ეჭვები გააჩინონ და ამ გზით გააბათილონ პროკურატურის არგუმენტები, რომელიც საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, ექსპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებებს და მოწმეების ჩვენებებს ემყარება.

”ფაქტია, რომ კვირიკაშვილი მოძრაობის წესების უხეში დარღვევით, სიჩქარის დიდი გადაჭარბებით მოძრაობდა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით. მის მიერ სიჩქარის გადაჭარბება დასტურდება არა მხოლოდ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ გაცემული თავდაპირველი დასკვნით, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც. დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის წარმოდგენას, თუ რა სიჩქარით უნდა ემოძრავა BMW X-5 მარკის ჯიპს, რომ მისი ძრავა, მასზე 4-ჯერ უფრო მსუბუქ Nissan Tida-სთან შეჯახების ადგილიდან 20-25 მეტრის მოშორებით გადავარდნილიყო. გადაჭარბებულ სიჩქარეზე ისიც მეტყველებს, რომ „ნისანში“ მსხდომი სამივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო BMW X-5-ში მსხდომი 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩემი გაოგნება გამოიწვია კვირიკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნით დანიშნული განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნამ. ეს დასკვნა მოგონილ თეორიებზე დაყრდნობით არის ჩატარებული და სწორედ არაგონივრული ეჭვის დათესვას ემსახურება. განმეორებითი ექსპერტიზა, რომელიც იმავე ექსპერტიზის ბიუროში, სხვებთან ერთად, იმავე ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა, დაინიშნა ე.წ. ახალი გარემოებების გამოვლენის მომიზეზებით. ახალი გარემოება კი ის გახლდათ, რომ ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც ერთხელ უკვე ჰყავდა დაკითხული გამოძიებას, მაგრამ რატომღაც, ეს მნიშვნელოვანი „ახალი გარემოება“ მაშინ არ უხსენებია, თვეების შემდეგ რატომღაც „უკეთ გაახსენდა“ მომხდარი და თქვა, რომ კვირიკაშვილი მის წინ 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როცა გამოძიებისთვის უცნობი, მსუბუქი ავტომანქანა გამოუხტა, მასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად, კვირიკაშვილმა საჭე მკვეთრად აიღო მარჯვნივ, რის გამოც დღისით, სწორ, მშრალ ავტობანზე 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი BMW X–5 მარკის ჯიპი თურმე „მოცურდა“ და უმართავი გახდა. ამ ზღაპარში სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ „კვირიკაშვილს არ შეეძლო დაჯახების თავიდან აცილება“, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არამიწიერი სიჩქარით (170-180 კმ/სთ) მოძრაობდა. ეს სიჩქარე იყო დაფიქსირებული სწორედ დარტყმის მომენტში (დამუხრუჭების შემდეგ) იმ ავადსახსენებელი მანქანის სპიდომეტრზე, რომელიც მაშინ ყველა ტელევიზიის კამერამ გადაიღო და ყველა საინფორმაციო გამოშვების ბადეში მოხვდა”, - აცხადებს თოდუა.

მისივე თქმით, საქმე მეტისმეტად გაჭიანურდა, წელიწად-ნახევარი გავიდა და ჯერაც არ გაცემულა პასუხი კითხვებზე: რა მოხდა და რატომ?
”რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად? რა უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში სხვა დედა, სხვა მშობელი არ აღმოჩნდეს ჩემს დღეში? ამ საქმეში კვირიკაშვილის გამართლება ხელს შეუწყობს დაუსჯელობის წახალისებას, მოამრავლებს ჩვენს გზებზე დაუმორჩილებელ მძღოლებს და უბედურ შემთხვევებს. სასამართლო პროცესი 8 თებერვალსაა დანიშნული. ამ პროცესზე მე მხარე არ ვარ - დაზარალებული ვარ, რომელსაც ბრალდებულისთვის და ექსპერტებისთვის კითხვის დასმის უფლებაც კი არ მაქვს. ამიტომ იმედი მაქვს პროკურატურის ზოგადად და საქმეში ბრალმდებლად ჩართული პროკურორის პროფესიონალიზმისა და პატიოსნების. მინდა მქონდეს პასუხი კატოსთვის, რომელიც გაიზრდება და აუცილებლად იკითხავს, რა შეემთხვათ მის მშობლებს”, - აცხადებს თოდუა.

თავის მხრივ, კვირიკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, მორაგბის დანაშაული არ იკვეთება. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე კვირიკაშვილს ბრალი 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას), ამ ეტაპზე კი მას 15 000 ლარის ოდენობის გირაო აქვს შეფარდებული.

”საქმის მასალებში არსად ფიგურირებს, რომ მერაბ კვირიკაშვილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა. პირველივე ჩვენებაში კვირიკაშვილი ამბობს, რომ ის მოძრაობდა 90-100 კმ/სთ სიჩქარით. საქმის მასალების მიხედვით, მას 30-40 მეტრით უკან მოჰყვებოდა ავტომობილი. მისი მძღოლიც ამბობს, რომ მივყვებოდი BMW X5-ს 30-40 მეტრის მოშორებით და ვმოძრაობდი იმავე სიჩქარითო (90-100 კმ/სთ). იგი წინა მანქანის სიჩქარეს აფიქსირებს იმით, რომ ჩვენ შორის მანძილი არ იცვლებოდაო. ის ინფორმაცია, რაც არის საქმის მასალებში, რაც არის შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებული, ადასტურებს, რომ მერაბი არ არის დამნაშავე. ერთი არის სამართლებრივი მხარე, მეორეა მორალური. მერაბ კვირიკაშვილი ყველას შეურიგდა, თუმცა პაპასკირის ოჯახი არ ურიგდება. მას არ უცდია თავი აარიდოს სასამართლოს, გამოძიებას და ცდილობს ადვოკატთან ერთად საქმეზე დადგინდეს ობიექტური გარემოება”, - განაცხადა კვინიკაძემ.

რაც შეეხება ექსპერტიზას, დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დგინდება, რომ კვირიკაშვილის ბრალეულობა არ ყოფილა.
”გამოძიებამ ჩაატარა ექსპერტიზა. ჩვენც ჩავატარეთ ექსპერტიზა და სასამართლომ მისი დასკვნა დასაშვებად ცნო. ამის შემდეგ ბრალდების მხარემ, ანუ პროკურატურამ თვითონ მოითხოვა ჩატარებულიყო კომისიური ექსპერტიზა. ექსპერტიზა დაინიშნა შსს-ში და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. თავდაპირველ ექსპერტიზაში ჩაიწერა, რომ კვირიკაშვილს არანაირი ხელისშემშლელი პირობები არ ჰქონდა გზაზე, გადავიდა საპირისპირო მხარეს და დაეჯახა, რასაც არ დავეთანხმეთ. თუმცა, რეალურად, ეს ავტომობილი მეორე მხარეს გადავიდა მოცურებით და ამას ადასტურებს ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერტიზა. არიან მოწმეები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ არანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალება მერაბის წინ არ მოძრაობდა და შესაბამისად, გასწრების მანევრს არ აკეთებდა. გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზით გამოიკვეთა, რომ თითქოს მერაბის ბრალეულობა იყო. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერტიზა, არის თუ არა საქმეში არსებული მასალებით მერაბის ბრალეულობა და ექსპერტიზა მივიდა დასკვნამდე, რომ მერაბის ბრალეულობა არ არის”, - განაცხადა კვინიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის შემოვლით გზაზე 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუა ავარიაში მონაწილე მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს. როგორც ნანა თოდუა სოციალურ ქსელში წერს, ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია, რომელიც BMW X5-ის მარკის ჯიპით 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. მისივე თქმით, კვირიკაშვილი და მისი ადვოკატი განმეორებითი ექსპერტიზებით ცდილობენ კვირიკაშვილის გამართლებას, ხოლო ერთ-ერთ მოწმეს მხოლოდ თვეების შემდეგ ”გაახსენდა”, რომ კვირიკაშვილი არა 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, არამედ - 90-100-ით.

2016 წლის ზაფხულში ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.

საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლო იხილავს. პროცესი დღეს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული