თბილისის "არმია" მინიმუმ სეზონის ბოლომდე იარსებებს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის "არმია" მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იარსებებს.

რაგბის კავშირში ზემოთ ნახსენები უწყებების ხელმძღვანელები კლუბის წარმომადგენლებსა და მორაგბეებს შეხვდნენ და შეთანხმებაც შედგა. თავდაცვის სამინისტრო რაგბის კლუბი "არმიას" ლიკვიდაციის იურიდიულ მხარეს მაისის ბოლომდე გადადებს, ხოლო კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რაგბის კავშირთან ერთად, მომავალი 4 თვისთვის კლუბის დაფინანსებისთვის საჭირო თანხებს მოიძიებს. გარდა ამისა, რაგბის კავშირი კლუბისათვის სპონსორის მოძიებასაც ეცდება.

გიორგი ბუთხუზი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე): „დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ ნათელი მოგვეფინა
რაგბის კლუბ "არმიასთან" დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებისთვის და გვეპოვა გამოსავალი. ერთობლივად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კლუბი სეზონის ბოლომდე იარსებებს, ოღონდ ის არ დაფინანსდება თავდაცვის სამინისტროსგან“.

შალვა გოგოლაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე): „ჩვენ ვაფასებთ მორაგბეების წარმატებებს და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყანაში რაგბის განვითარება. სამწუხარო იყო ის, რაც "არმიასთან" დაკავშირებით ხდებოდა და ამიტომ თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაისის ბოლომდე არ მოხდება კლუბის ლიკვიდაცია. იმისათვის, რომ გუნდმა განაგრძოს ჩემპიონატში მონაწილეობა და ჰქონდეს ფინანსური უზრუნველყოფა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რაგბის კავშირთან ერთად, მოიძიებს დამატებით თანხებს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სარაგბო კლუბები დავკარგოთ“.

გოჩა სვანიძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): „ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა და სწორი გადაწყვეტილება. თავდაცვის სამინისტრო არ მოახდენს კლუბის ლიკვიდაციას, ხოლო კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჩვენთან ერთად, უახლოეს დღეებში მოიძიებს გუნდისათვის საჭირო დაფინანსებას. პარალელურად, რაგბის კავშირი "არმიას" სპონსორის მოძებნაში დაეხმარება“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მორაგბეების და გუნდის პერსონალის უდიდესი პატივისცემის მიუხედავად ვთვლი, რომ არმია თავიდანვე არასწორი მიმრათულებით შეიქმნა და ასევე ძალიან არასწორად განაგრძო განვითარება (ფულის ხარჟზე სხვა კლუბების მიერ აღზრდილი მოთამაშეების გადაბირებით). მასე ემართებათ ხოლმე ძირითადად იმ კლუბებს რომლებსაც საკუთარი ისტორია არ აქვთ და სხვისი გაზდილი მოთამაშეებით უნდათ ხოლმე ფონს გასვლა. არაერთი გუნდი გაუქმებულა სამწუხაროდ ვინც მსგავსი გზა აირჩია...
ისე წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს და კლუბს.
qomagi
17:44 11-01-2018
1
სიახლეები პოპულარული