"ბათუმის" მეტოქე "კონტინენტის ფარზე": რას წარმოადგენს "ვიადანა"

AutoSharing Option
ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარის" მესამე მატჩს "ბათუმი" იტალიაში, 6-ათასიანი ტევადობის "ლუიჯი ძაფანელაზე" "ვიადანას" წინააღმდეგ გამართავს.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ჯგუფში ლიდერობას შეინარჩუნებს და პლეი-ოფს მიუახლოვდება. ამის შანსი საკმაოდ დიდია, რადგან "ბათუმი" ოქტომბერში იტალიური რაგბის ერთ-ერთ ფლაგმან "როვიგოს" ტოლ-სწორად ეთამაშა და შინ 2 ქულით დაბრუნდა, ხოლო "ვიადანა" შიდა ასპარეზსა თუ ევროტურნირებში შედეგიანობით არ გამოირჩევა.

"ვიადანა" 1970 წელს დაარსდა და მანტუას პროვინციაში, ლომბარდიაში ბაზირებს. გუნდმა იტალიური რაგბის ელიტამდე ყველა ეტაპი გაიარა. ის მეხუთე დონის სერია "დ"-ში ჩაერთო და ყველა საფეხურის გავლით, 1998-99
წლების სეზონში სერია "ა"-ს საგზური მოიპოვა. პირველსავე წელს გუნდმა იტალიის თასი მოიგო და ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. მომავალ წელს მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2002 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მომდევნო წელს "ვიადანა" ჩემპიონი ვერა, მაგრამ თასის მფლობელი გახდა.

"ვიადანა" ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელსაც დღემდე ევროტურნირის ფინალში უთამაშია. 2004 წელს ის მაშინდელი მესამე დონის, "კონტინენტის ფარის" ფინალში "მონპელიეს" შეხვდა და 19:25 დამარცხდა. გუნდმა ქვეყნის თასი მესამედ 2007 წელს მოიპოვა.

2010 წელს "ვიადანას" ბაზაზე "აირონი" დაარსდა, რომელიც რეგიონის ნაკრები იყო და მაშინდელ "კელტთა ლიგაში" (ამჟამად პრო 14) ჩაერთო. ამ პერიოდში "ვიადანას" მხოლოდ 20-წლამდელთა და სამოყვარულო გუნდი დარჩა, თუმცა 2012 წელს "აირონს" ლიცენზია შეუჩერეს, რეფორმირების შედეგად "ვიადანა" პროფესიონალურ კლუბად გარდაიქმნა და 2013/14 წლების სეზონში ჩელენჯ ქაფზე ითამაშა. 2015 წელს გუნდმა უკვე ევროპული რაგბის "კონტინენტის" ფარზე ითამაშა, შემდეგი ორი სეზონი ჩაუვარდა და ამ ტურნირს წელს დაუბრუნდა.

ყვითელი და შავი ფერებით მოთამაშე გუნდმა წლევანდელი "კონტინენტის ფარის" პირველ ტურში პორტუგალიის ჩემპიონს, ლისაბონის "უნივერსიტეტს" უმასპინძლა და 14:19 დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში "კალვიზანოს" ეწვია და იტალიური დერბი 14:41 დათმო.

იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში "ვიადანამ", რომელიც ძირითადად ადგილობრივი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, 4 თამაში მოიგო და ამდენივე წააგო. აღსანიშნავია, რომ "კონტინენტის ფარის" ჩათვლით, მან 7 თამაშიდან 6 წააგო. 2 დეკემბერს ის სტუმრად "პადოვას" ეთამაშა და 20:22 დამარცხდა. "ვიადანა" იტალიის ჩემპიონატში მე-5 ადგილს იკავებს (21 ქულა), ხოლო "კონტინენტის ფარზე" 1 ქულით ბოლო საფეხურზეა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოდიშით 9 ყოფილა
გიორგი777
00:04 08-12-2017
0
ვერსად ვნახულობ ანგარიშდ,ყურებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.ანგარიში მაინც დაწერეთ თქვენ
გიორგი777
19:59 07-12-2017
0

სიახლეები პოპულარული