რაგბი

სხვადასხვა

ევრო თასი: მზადება "ვიადანასთვის"

AutoSharing Option
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი" 9 დეკემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე, ევროპული რაგბის "კონტინენტის ფარზე" იტალიაში "ვიადანას" ერკინება და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფს მიუახლოვდება.

ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ იტალიაში გამარჯვებით ზღვისპირელებმა ფლეი ოფი ნაადრევად დაიბევონ. ეს მისი კონკურენტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. შეგახსენებთ, ‘კონტინენტის ფარზე’ ორი 4-გუნდა ჯგუფია, სადაც თანაჯგუფელები ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაგრამ არ ეთამაშებიან.

ორი თამაშის შემდეგ ‘ბათუმს’ 7 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა: ბონუსით (4 ლელოს გატანისთვის), 33:16 დაამარცხა გერმანული ‘ჰაიდელბერგი’ და ორი ბონუს ქულით
დაბრუნდა იტალიიდან, სადაც ‘როვიგოს’ 4 ლელო გაუტანა და მცირედით ჩამორჩა - 27:31. მისი უახლოესი მდევარი ‘კალვიზანოა’, რომელმაც გერმანიაში ‘ჰაიდელბერგთან’ მცირე მარცხით (19:23) და ‘ვიადანას’ 41:14 ძლევით, ჯამში 6 ქულა მოაგროვა. ის 9 დეკემბერს რუმინეთში ‘ტიმიშოარა-სარასენსს’ ეთამაშება და ამ შეხვედრას ნიკა ამაშუკელი განსჯის.

5 ქულა აქვს კიდევ ერთ იტალიურ კლუბს ‘პეტრარკას’, რომელიც ‘ტიმიშოარა-სარასენსთან’ 25:29 დამარცხდა და ‘როვიგოს’ 18:13 სძლია. ‘პეტრარკა’ მესამე ტურში ‘ჰაიდელბერგს’ სტუმრობს. 4 ქულა აქვს პორტუგალიის ჩემპიონს, ლისაბონის უნივერსიტეტის გუნდს - ‘ვიადანას’ სტუმრად 19:14 სძლია, შინ ‘ტიმიშოარა-სარასენსთან’ 10:45 დამარცხდა და შაბათს ‘როვიგოს’ ეწვევა.

თითოეული ჯგუფიდან ფლეი ოფში ორ-ორი მოწინავე გადის და ამრიგად, ‘ბათუმელთა’ იტალიაში გამარჯვება და მისი ორი თანაჯგუფელის მარცხი (ბონუსის გარეშე), მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნება.

ტრავმები მოუმრავლდათ

‘ბათუმი’ ‘ვიადანასთან’ მატჩისთვის ორი დღეა ემზადება და იტალიაში 7 დეკემბერს მიემგზავრება. სამწუხაროდ, გუნდის შემადგენლობაში, განსაკუთრებით ხაზის მოთამაშეებში, ტრავმირებული მოთამაშეები მრავლად არიან, თუმცა მთავარი მწვრთნელი დავით გუგუშვილი იმედოვნებს, რომ 9 დეკემბრამდე ყველა მწყობრში იქნება:

„რთულ სიტუაციაში ვართ. ‘არმაზთან’ მატჩის შემდეგ დღეს პირველად ივარჯიშეს ბახვა კობახიძემ, ბექა ურჯუკაშვილმა და დავით ტრაპაიძემ. უელსთან მიღებული ტრავმის შემდეგ ახლაღა შემოგვიერთდა და გუნდთან ერთად გუშინ პირველად ივარჯიშა ლაშა ხმალაძემ. ორი დაშავებული გვყავს შერკინების ხაზში. მჯერა, რომ სამედიცინო გუნდი მაქსიმუმს გაიღებს, რათა შაბათისთვის ყველა მწყობრში იყოს. ტრავმების სირთულიდან გამომდინარე, მათი უმოკლეს ვადებში სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა იტალიაში ყველა ეს მოთამაშე მიგვყავს და გარკვეული დროით მაინც, ისინი მოედანზე იქნებიან. ჩვენ სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს“.

მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, გუგუშვილი იმედოვნებს, რომ ‘ბათუმი’ ‘ვიადანასთან’ სასურველ შედეგს მიაღწევს და დასკვნითი ტურის მატჩს უკვე ფლეი ოფის მონაწილის რანგში შეხვდება.

„ვუყურეთ მეტოქის მატჩების ჩანაწერებს და ის ‘როვიგოსთან’, გნებავთ ‘კალვიზანოსთან’ ახლოსაც ვერ მივა. რა თქმა უნდა, მათ ერთი კონკრეტული თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება შეუძლიათ, თუმცა ‘ვიადანას’ სუსტი წერტილები კარგად შევისწავლეთ და ვეცდებით სწორედ აქ შევუტიოთ. იტალიელებს შერკინებაში ზორბა ბიჭები ყავთ, მაგრამ მობილურობა აკლიათ. პირველ ტაიმში ისინი ყველა მეტოქეს კარგად ეთამაშებიან, მეორე ტაიმში შედარებით უჭირთ. ჩვენი მოტივაცია ძალიან დიდია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფს მაქსიმალურად მივუახლოვდებით და თუ კონკურენტები დამარცხდებიან, შესაძლოა ჯგუფიდან გასვლა ნაადრევად გავიფორმოთ“.

რაგბის კლუბ ბათუმის სატურნირო შემადგენლობა III და IV ტურისთვის:


შერკინება (ფორვარდები)

ირაკლი კვანტიძე, ბექა მამრიკიშვილი, გიორგი თედორაძე, შოთა გოგისვანიძე, ამირან მიქაძე, სანდრო ქოიავა, გიორგი თხილაიშვილი, არჩილ ალიქაძე, ხვიჩა ბუჯიაშვილი, გიორგი მენაბდე, მურმან ჯიჯავაძე, ზურა ერისთავი, ვანო ფუთკარაძე, ჯონდი კორტავა, ზურა ბეჟანიძე, ნუკრი ფერსელიძე

ხაზი (ბექები)


ბახვა კობახიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, გიორგი გოგიტიძე, ბექა ურჯუკაშვილი, დურმიშხან ჯაბნიძე, ლაშა ხმალაძე, ზურა თუთბერიძე, ნიკა ნინიძე, მანუჩარ გრიგოლია, დათო ტრაპიძე

Rugby.ge