გვაქვს ამბიცია, ოლიმპიადის საგზური მოვიპოვოთ - საქართველოს 7-კაცა დუბაის ტურნირზე გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ნაკრები დღეს დილით დუბაიში, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე (რომელიც მსოფლიო სერიის პირველი ეტაპის პარალელურად იმართება) ახალი მთავარი მწვრთნელით და გადახალისებული შემადგენლობით გაემგზავრა.

ოლიამპიადის საგზურისთვის
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, 7-კაცა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვეტერანი "ბორჯღალოსანი", რაგბის ეროვნული აკადემიის დირექტორი ზაზა ლეჟავა დაინიშნა.

52 წლის სპეციალისტს ამ თანამდებობაზე ადრეც უმუშავია. 2001-03 წლებში ის 7-კაცა ნაკრებში კლოდ სორელის ასისტენტი, ხოლო 2004-05 წლებში მთავარი მწვრთნელი იყო. 2009-12 წლებში ლეჟავა უკრაინის 7-კაცას ავარჯიშებდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გარკვეული დროით, ჩვენი 7-კაცას დაცვის მწვრთნელი იყო,
წელს კი 18-წლამდელთა 7-კაცაში ლევან ობოლაძეს ეხმარებოდა.

ძველ-ახალი მწვრთნელი 3-წლიანი პროგრამის ფარგლებში, სერიოზულ მიზნებს ისახავს - ჩვენი 7-კაცა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის, მანამდე კი მსოფლიო სერიებში დაბრუნებისთვის იბრძოლებს. მოკლე და გრძელვადიანი პროგრამების შესახებ ლეჟავა გვიყვება:

"საქართველოს რაგბის კავშირს აქვს ამბიცია, რომ ჩვენმა გუნდმა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვოს, რის შესახებაც ბატონმა გოჩა სვანიძემ ოლიმპიურ კომიტეტში გამართული შეხვედრისას განაცხადა. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის ვიბრძოლებთ!

ამისათვის ორი გზა გვაქვს: პირდაპირი საგზურის მოპოვება 2019 წლის ევროპის შესარჩევი ზონიდან; ან მინიმუმ, რეპეშაჟში მოხვედრა, სადაც მოთამაშეების დამატება ეროვნული გუნდიდანაც შეგვეძლება. მანამდე უნდა დავაკვირდეთ მოთამაშეთა რამდენიმე ჯგუფს: მათ, ვინც 7-კაცა ნაკრების კანდიდატები არიან; ბიჭებს, რომლებიც 20-წლამდელთა ნაკრებს ასრულებენ და 7-კაცა მათთვის ერთგვარი გარდამავალი ხიდი იქნება; ეროვნული ნაკრების კანდიდატებს, რომლებსაც მაღალი სიხშირით არ უწევთ თამაში და 18-წლამდელებს, საიდანაც ყოველ წელს მივიღებთ შევსებას. გარდა ამისა, მაღალი დონის ტურნირებისთვის, ისეთებისთვის, როგორიც ოლიმპიადის შესარჩევი რეპეშაჟია, ეროვნულიდან დავიმატებთ 2-3 მოთამაშეს.

2-წლიანი გეგმის თანახმად, 7-კაცას კანდიდატები, ეროვნულის მსგავსად, კვირაში 3 დღე ჩვენთან ივარჯიშებენ (აღმოსავლეთიდან "შევარდენზე", დასავლეთიდან ქუთაისში). ამ სამი დღიდან ერთი სპეციფიკურ ფიზმომზადებას დაეთმობა, ხოლო ორი დღე ბურთთან ერთად, ტექნიკასა და ტაქტიკაზე ვიმუშავებთ. ვივარჯიშებთ მთელი წლის განმავლობაში და მომზადებულნი შევხვდებით ამხანაგურ და ოფიციალურ ტურნირებს.

მანამდე ჩვენი მიზანია, რომ 2018 წლის ევროპის გრან-პრიდან მსოფლიო სერიის შესარჩევი, ჰონკონგის ტურნირის საგზური მოვიპოვოთ. ამისათვის საჭიროა, რომ ევროპაში ხუთეულში მოვხვდეთ და ამ მიზნის მიღწევა რეალურია. თუ ეს მოვახერხეთ, სექტემბრიდან გვეყოლება 10-კაციანი გუნდი, რომელთაც დაენიშნებათ სტიპენდია და 6 რეზერვის მოთამაშე, რომლებიც გუნდს ტურნირებამდე 12-მდე შეავსებენ ან ჩაანაცვლებენ ტრავმირებულ მოთამაშეებს. მათ ტურნირში მონაწილეობის მიხედვით მიეცემათ პრემიები".

უკვე გაწერილია 2018 წლის გეგმაც, როგორც უფროსი, ასევე 18 წლამდე 7-კაცა ნაკრებისთვის: იანვრის ბოლოს 18-წლამდელებს საერთაშორისო ტურნირი ელით ლიტვაში (მანეჟში), რომელიც მაისში, ასევე ლიტვაში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის წინ, ერთგვარი რეპეტიცია იქნება. თებერვლის ბოლოს უფროსი 7-კაცა 10-12-დღიან შეკრებაზე სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, რის შემდეგაც იქვე 3-4 მარტს ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ გუნდი 2 კვირა დაისვენებს, შემდეგ შეკრებაზე შევა და 6-8 აპრილს მსოფლიო რაგბის სერიების ჰონკონგის ეტაპზე, მიწვეული გუნდის სტატუსით პლანეტის უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს. აპრილის ბოლოს გაიმართება კიდევ ერთი შეკრება, მაისის ბოლოს მოსკოვში გასამართი ევროპის გრან პრის პირველი ეტაპის წინ გუნდი რომელიმე საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება.

რადგან გაისად 7-კაცა რაგბიში მსოფლიო თასი იმართება, ევროპის გრან პრის პირველ და მეორე ეტაპს შორის ერთთვიანი შესვენებაა და მეორე, საფრანგეთის ეტაპი ივნისის ბოლოს, ხოლო ექსეთერის (ინგლისი) ივლისის დასაწყისში გაიმართება. მანამდე გუნდი 10-დღიან შეკრებას საქართველოში გაივლის. ევროპის გრან პრის მეოთხე, პოლონეთის ეტაპი სექტემბრის დასაწყისშია ჩანიშნული და გუნდი მანამდე სამხრეთ აფრიკაში კიდევ ერთ შეკრებას გაივლის, შესაძლოა, 18-წლამდელთა 7-კაცასთან ერთად, რომელსაც ასევე სექტემბერში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი ელის.

დუბაიში განახლებული შემადგენლობით
სამომავლო გეგმების განხორციელება 1-ლი დეკემბრიდან იწყება. ამ დღეს საქართველოს 7-კაცა დუბაის საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება. გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ახალი სახეა: ქუთაისის "აიას" გარემარბი ოთარ ძაგნიძე და "ჩოხოსნების" უნივერსალი უანახაზელი კონსტანტინე მარჯანიშვილი 18-წლამდელთა 7-კაცადან დაწინაურდნენ. 7-კაცა ნაკრებში პირველად უხმეს "ლელო-სარასენსის" მეორეხაზელ ბექა საღინაძეს, რომელმაც წელს "უმცროსი ბორჯღალოსნების" რიგებში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშა.

დუბაიში რამდენიმე "ბორჯღალოსანიც" მიდის. ესენი არიან "ჯიქის" ფლანკერი გიორგი მჭედლიშვილი და უკანახაზელი ირაკლი სვანიძე, ასევე, "აკადემიის" ფლანკერი საბა შუბითიძე.

"დუბაიში წამსვლელთა 12-კაციანი სია 21 მორაგბიდან შეირჩა. გვსურს, რომ საქმეში ახალი ბიჭები ვნახოთ და ექსპერიმენტული შემადგენლობით მივდივართ. მინდა აღვნიშნო, რომ თავის გამოჩენის შანსი ყველას მიეცემა. იანვარში ვგეგმავთ ტესტებს ყველა მიმართულებით და მისი გავლა 7-კაცას ყველა კანდიდატს მოუწევს. მიმაჩნია, რომ თუ 15-კაცა რაგბიში საქართველო რეიტინგში მე-12 ადგილზეა, ნაკლები შედეგი არც შვიდკაცას უნდა ჰქონდეს" - ამბობს ლეჟავა და სათითაოდ ახასიათებს იმ 12 მოთამაშეს, რომლებიც დუბაიში მიჰყავს:

"ნიკო აფციაური რამდენიმე წელია 7-კაცას თამაშობს და შესამჩნევი პროგრესი აქვს. მას ტექნიკურ პარამეტრებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა მათ აღმოფხვრაზე ძალიან ბევრს მუშაობს და შესანიშნავი მოშვიდკაცეა.

ლევან გოგოლაშვილიც კარგი მოშვიდკაცეა, მაგრამ სტაბილურობის პრობლემები აქვს და ჩვენი მიზანია, მისი თამაში სტაბილური გავხადოთ.

აკაკი ტაბუცაძე ახალგაზრდაა და 7-კაცაში 20-წლამდელთა ნაკრებიდან წელს დაწინაურდა. სწრაფი ბიჭია და იმ ტურნირებზე, რომლებშიც ითამაშა, კარგი შედეგი ჰქონდა.

ოთარ ძაგნიძე 18-წლამდელთა 7-კაცას ევროპის ჩემპიონატზე გუნდის ლიდერი იყო. ის ამბიციურია, სერიოზული მიზნები აქვს, რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში და უფროსებში დაწინაურება დაიმსახურა.

კონსტანტინე მარჯანიშვილიც 18 წლისაა და ქართველ მორაგბეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოთამაშეა. მას თამაშიდან თამაშამდე კონცენტრაციის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ჯერ ახალგაზრდაა და ამ ნაკლის გამოსწორება შეუძლია.

გიორგი აბრამიძე დიდი 10-ის ერთ-ერთი საუკეთესო მელელოვეა. მოკლე მანძილზე მას სისწრაფეში ვერავინ ჯობნის და მცირე სივრცეში ორთაბრძოლებს საუკეთესოდ იგებს. საინტერესო მოთამაშეა და ჩავთვალეთ, რომ შანსს იმსახურებდა.

ნიკა ბიწაძესაც კარგი სალელოვე ალღო აქვს და ჩამოყალიბებული სპორტსმენია. სიჩქარის გამძლეობით გამოირჩევა, შეუძლია 2 პოზიციის დაფარვა და აუცილებლად უნდა ვნახოთ.

გურამ ქანდაურაშვილი ახალგაზრდა და ძლიერ მონდომებულია. გამძლეობაში ის ძალიან კარგია, გააჩნია თამაშის წაკითხვის უნარი, ხოლო ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე მეტი მუშაობა მოუწევს. მას შანსი ეძლევა და თავის თავს უნდა დაუმტკიცოს, რომ მეტი შეუძლია".

ირაკლი სვანიძეს ეროვნულშიც უთამაშია და მასთან ძალიან ახლოსაა. ის ახალგაზრდა კადრია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და მოტივაცია შევძინოთ. 7-კაცა მას ყოველმხრივ განვითარების საშუალებას მისცემს. ვფიქრობ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი მონაცემების ბიჭი დავკარგოთ.

გიორგი მჭედლიშვილი ძალიან კარგი ტექნიკის მქონე მესამეხაზელია. ძლიერია ჰაერში, კითხულობს თამაშს და გამოირჩევა პასის ტექნიკით. ის ნამდვილი სპორტსმენია და თუ პრობლემაზე მიუთითებ, მის გამოსწორებაზე ბოლომდე იმუშავებს. 7-კაცაში მოხვედრა მისთვის იქნება შანსი, რომ 15-კაცა ნაკრებში დაბრუნდეს.

საბა შუბითიძე, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ნამდვილი ლიდერია. მას გუნდის შეკვრა კარგად ეხერხება, პოზიტიურია ვარჯიშებზე და მის გარეთ. გარდა ამისა, ის ძალიან კარგი მოთამაშეა და 20-წლამდელთა თუ ეროვნულ ნაკრებში თამაშით დიდი გამოცდილება დააგროვა.

ბექა საღინაძე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს გაისადაც ითამაშებს, თუმცა ახლა მისი ნახვის საშუალება გვაქვს. მას აუცილებლად დავუთმობთ 20-წლამდელებს, ივნისის შემდეგ კი, კვლავ ჩვენთან დაბრუნდება. ახლა ბექას ჩვენს მონახაზს გავაცნობთ. მას ყველა მონაცემი აქვს იმისათვის, რომ 7-კაცა ნაკრებში ითამაშოს და სამომავლოდ ეროვნულ გუნდსაც გამოადგება".

დუბაიში ჩვენი გუნდი 1-ელ დეკემბერს სამ თამაშს გამართავს. მეტოქეები ფრანგული "ფროგისი", გერმანიის ნაკრები და კომპანია "კუკრის" ნაკრები, "კუკრი კობრა" იქნებიან. ლეჟავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე მთავარი თამაშის ხარისხი და დავალებების შესრულებაა:

"მიზანი ყოველთვის კონკრეტული თამაშის და ტურნირის მოგებაა. თუ ჩვენ შევძელით სასურველი ხარისხის ჩვენება, შედეგიც თავისთავად იქნება, მაგრამ გასათვალისწინებელია შემადგენლობა და მეტოქეების სიძლიერე. "ფროგისი", ფაქტობრივად, საფრანგეთის მეორე ნაკრებია. ისინი ყველა დიდ ტურნირზე ორ-ორი შემადგენლობით დადიან და საჭიროების შემთხვევაში შევსებას "ფროგისგან" იღებენ. გერმანია მუდმივად პროგრესირებს, თუმცა ჯერ არ ვიცით, მათ რა შემადგენლობა ეყოლებათ, თუმცა ვფიქრობ, ჩვენზე უფრო შეკრული გუნდი ეყოლებათ. "კუკრი კობრა" ერთგვარი ნაკრებია და მის სიძლიერეზე ვერაფერს ვიტყვი.

რთული თამაშები გველოდება, მაგრამ 7-კაცა ისეთი სპორტია, სადაც შეიძლება ნებისმიერ გუნდს მოუგო და ასევე, ნებისმიერთან დამარცხდე. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, ვიყოთ სოლიდურები დაცვაში, კარგად ვიმუშაოთ აღდგენაზე თამაშებს შორის და ბოლომდე ვიბრძოლოთ ნებისმიერ შემთხვევაში. 7-კაცა ერთგვარად ფორმულა1-ს ჰგავს: ესაა მაღალ სიჩქარეზე აწყობილი გუნდი, რომლის გამართულად მუშაობისთვის მცირე დეტალებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამ დეტალებს დუბაიში დიდი ყურადღება მიექცევა".

საქართველოს 7-კაცა დუბაიში: ნიკო აფციაური (არმია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ოთარ ძაგნიძე (აია), კონსტანტინე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), გიორგი აბრამიძე (აია), ნიკა ბიწაძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო-სარასენსი), საბა შუბითიძე (აკადემია).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა
მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე
ექიმი: ვახტანგ წიკლაური
მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ დაჯდება ძვირი, რომ მცირე მოედნები,ელემენტარული პირობებით გაკეთდეს პატარა ქალაქებშიც: მესტია, ამბროლაური, ყაზბეგი, ლაგოდეხი, ბორჯომი, შუახევი და ა.შ.
რაგბი უნდა გახდეს მასობრივი. დარწმუნებული ვარ რეგიონებიდან უამრავი ტალანტი წამოვა.
პრომეთე
09:32 30-11-2017
1
გამარჯვებული დაგვიბრუნდით!
გუჯა კახაძე
19:52 29-11-2017
0

სიახლეები პოპულარული