ოთხი ერი. III ტური: დიდი სენსაცია ახლოს იყო...

AutoSharing Option
ოთხი ერის გათამაშების მესამე ტურში კინაღამ დიდი სენსაცია ვიხილეთ.

ნიუ პლიმუთში არგენტინის ნაკრებმა პირველ ტაიმში თავი დადო. მიუხედავად იმისა, რომ "ოლ ბლექსის" სამ ლელოს, რომელთაგან მასპინძელთა მგეზავმა ბოდენ ბარეტმა ვერც ერთი გარდასახა, მხოლოდ ერთით უპასუხა, "პუმებმა" პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით, 16:15 მოიგეს.

პირველი ტაიმის და, ზოგადად, მატჩის გმირი არგენტინელთა მხრიდან მგეზავი ნიკოლას სანჩესი იყო, გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი აუგუსტინ კრევიც.

"პუმებმა" პირველ ტაიმში დაწყებული მეორეშიც განაგრძეს და 50-ე წუთისთვის უკვე შვიდი ქულის სხვაობით 22:15 იგებდნენ. აი, სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა
ახალზელანდიელთა თავკაცის გადაწყვეტილების სისწორე, როცა ძირითად შემადგენლობაში მესამეხაზელი ვაეა ფიფიტა დააყენა. ზუსტად ერთ წუთში, მას შემდეგ, რაც არგენტინელები დაწინაურდნენ, ფიფიტამ ორმოცმეტრიანი რეიდი მოაწყო და არგენტინელები მარცხენა კუთხეში დაალელოვა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მომენტი გარდამტეხი გამოდგა შეხვედრაში. "ოლ ბლექის" დამრიგებელმა კიდევ ერთი შეცვლა გამოიცნო. მან შუამარბ სონი ბილ უილიამსის ნაცვლად მოედანზე ლიმა სოპოაგა გამოიყვანა და ახალზელანდიელებმა ორი მგეზავით განაგრძეს თამაში. თან, სოპოაგა ბარეტზე უკეთესი დამრტყმელი გამოდგა.

ერთი სიტყვით, სენსაცია არ შედგა. ფიფიტას ლელოს შემდეგ ბარეტმა და დამიენ მაკენზიმ კიდევ თითო ლელო გაიტანეს და "ოლ ბლექსმა" მორიგი გამარჯვება მიითვალა - 39:22.

"პუმებმა" საწადელი ვერ აისრულეს, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. არგენტინელები ტურნირიდან ტურნირამდე, მატჩიდან მატჩამდე უმატებენ.

* * *
არანაკლებ საინტერესო გამოდგა დაპირისპირება პერთში. ავსტრალიის ნაკრები მატჩის მე-60 წუთამდე ანგარიშში წინ იყო, თუმცა სამხრეთაფრიკელებმა 68-ე წუთზე გათანაბრება და წინ გასვლაც შეძლეს. "ვოლაბებმა" ორ წუთში ბოლო ძალების მობილიზება და ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - 23:23.

ოთხი ერი. III ტური
ახ.ზელანდია-არგენტინა 39:22
ახ.ზელანდია: 6ლ - მილნერ-სკადერი, ლინერტ-ბრაუნი, დაგი, ფიფიტა, მაკენზი, ბარეტი. 3გ,ს - სოპოაგა.
სინბინი: ბარეტი.
არგენტინა: ლ,გ,ა - სანჩესი. 4ს: სანჩესი (2), ბოფელი (2)

ავსტრალია-სამ. აფრიკა 23:23
ავსტრალია: 2ლ - ბილი, პოლოტა-ნაუ. 3ს,2გ - ფოლი
სამ. აფრიკა: 2ლ - კრილი, მარქსი. 3ს,2გ - იაინკისი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ახ. ზელანდია 3 3 0 0 +43 14(2)
2. სამ. აფრიკა 3 2 1 0 +40 11(1)
3. ავსტრალია 3 0 1 2 -26 3(1)
4. არგენტინა 3 0 0 3 -57 0(0)

IV ტური
ახ.ზელანდია-სამ.აფრიკა
ავსტრალია-არგენტინა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული