რაგბი. მსოფლიოს თასი 2023: საფრანგეთი ერთი ნაბიჯით წინაა

AutoSharing Option
"მსოფლიოს რაგბის" შეჯიბრებების კომიტეტმა 2023 წლის მსოფლიოს თასის მასპინძლების კანდიდატების მონაცემთა ანალიზი გააკეთა. ამ ტურნირის გამართვისთვის ბრძოლა ბოლო ხანს მაქსიმალურად გამწვავდა. შეგახსენებთ, რომ კანდიდატი სამია: საფრანგეთი, ირლანდია და სამხრეთი აფრიკა.

როგორც ყოველდღიური ფრანგული სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი" იტყობინება, ხუთი კრიტერიუმიდან სამში საფრანგეთი საუკეთესოა, ხოლო ორში მეორე ადგილზეა. ამის მიზეზი უფრო მყარი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაა.

25 სექტემბერს საფრანგეთის, ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის წარმომადგენლები ლონდონში შეიკრიბებიან და საშეჯიბრო კომიტეტში მოხსენებით წარდგებიან, ეცდებიან დაამტკიცონ, რატომ უნდა გაიმართოს მსოფლიოს თასის გათამაშება
სწორედ მათ ქვეყანაში.

31 ოქტომბერს დუბლინში "მსოფლიო რაგბის" დირექტორთა საბჭო შეიკრიბება. ორი კვირის მერე კი ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, სად ჩატარდება 2023 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება.

როგორც ფრანგული გამოცემა ამტკიცებს, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ყველაზე ბოლოს ჩაერთო მარათონში, ის სხვა კანდიდატებზე ერთი ნაბიჯით წინაა. ამაზე ციფრები თავისთავად მეტყველებს.

* 2,4 მილიარდი ევრო: სწორედ ამ ზომის მოგებას ელოდება ქვეყანა მსოფლიოს თასის ჩატარების შედეგად. საფრანგეთის რაგბის ფედერაციას კი იმედი აქვს, რომ 50-დან 80 მილიონამდე ევროს მოგებას ნახავს. 2015 წელს ინგლისში ეს მაჩვენებელი 30 მილიონი იყო.

* 500 მილიონი ევრო: ეს მსოფლიოს თასის ბიუჯეტია.

* 400 მილიონი ევრო: ეს მოგება უნდა ნახოს "მსოფლიოს რაგბიმ". 2015 წელს ეს თანხა 300 მილიონს შეადგენდა. სწორედ ესაა ის საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2019 წლამდე უნდა დაიხარჯოს.

* 236 მილიონი ევრო: ეს არის საგარანტიო თანხა, რომელსაც "სოსიეტე ჟენერალი" გამოვიდა. ის საჭიროა საორგანიზაციო საკითხების გადასაჭრელად. თუ საფრანგეთის რაგბის ფედერაცია ვერ შეძლებს ფინანსური ვალდებულებების შესრულებას, 236 მილიონი ანგარიშზე იდება და პირველი მოთხოვნისთანავე ყველა ვალდებულება გასტუმრებული იქნება.

ცხადია, საფრანგეთი ეკონომიკური თვალსაზრისით მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება. თუმცა, არც სხვა კანდიდატებს აქვთ ნაკლებად მაცდური წინადადება.

საფრანგეთის უპირატესობა მარტო ეკონომიკა არ არის. მას სუპერთანამედროვე ინფრასტრუქტურა აქვს და რომ დაავალონ, ხვალვე ჩაატარებს მსოფლიოს თასს. მატჩები ზუსტად იმ სტადიონებზე ჩატარდება, რომლებზეც ახლახან, 2016 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართა.

საფრანგეთი და სამხრეთი აფრიკა უკვე იყვნენ მსოფლიოს თასის გათამაშების მასპინძლები, შესაბამისად, 2007 და 1995 წლებში. ირლანდიას მსოფლიოს რაგბის უდიდესი ფორუმისთვის არასდროს უმასპინძლია. ახლახან ამ ქვეყანამ მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა ქალთა შორის და, როგორც აღნიშნავენ, ამ ტურნირის ისტორიაში ყველა რეკორდი მოხსნა. ეს საკმაოდ დიდი პლუსია ირლანდიელებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული