რაგბი

ლეგიონერები

ირლანდიასთან ლელოს დადებისას ამას ვერც კი ვიფიქრებდი - ინტერვიუ გელა აფრასიძესთან

AutoSharing Option
გელა აფრასიძე 20 წლის მორაგბეა, რომელმაც ქართველ გულშემატკივართა გულები მალევე მოიგო. მან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში შესანიშნავი ლელო დადო, რომელიც შემდეგში მსოფლიოს 5 საუკეთესო ლელოს შორის მოხვდა.

აფრასიძე ამჟამად "მონპელიში" ასპარეზობს და მისი დებიუტი ჩემპიონთა თასზეც შედგა.

Sportall.ge გელა აფრასიძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- თქვენ "მონპელიეს" ძირითად გუნდში მოხვდით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- ჩემთვის ეს ის მთავარი მიზანი იყო, რაც საფრანგეთში ჩასვლამდეც მინდოდა. მიზნად მქონდა დასახული, რომ პირველ გუნდში მეთამაშა, რაც ამისრულდა კიდეც. ეს ფაქტი ჩემ განვითარებაში ძალიან ბევრ
რამეს შეცვლის.

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თქვენ ერთ-ერთი ლიდერი იყავით. ასევე კარგად წარმოაჩინეთ თავი ეროვნულ ნაკრებში...
- ახალგაზრდულ ნაკრებში თავის გამოჩენაში ალბათ უფრო 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი დამეხმარა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ეს უკვე ის ადგილია, რაც ყველა მორაგბისთვის საოცნებოა და მიხარია, რომ ეს ბედნიერება მეც მერგო წილად.

- თქვენ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ შესანიშნავი ლელო დადეთ. რას გრძნობდით მაშინ? მსოფლიოს 5 საუკეთესო ლელოდან ხომ ერთ-ერთი თქვენი იყო...
- ირლანდიასთან ლელოს დადებისას ვერც კი ვიფიქრებდი, რომ შემდეგში ეს ლელო მსოფლიოს 5 საუკეთესოს შორის მოხვდებოდა, მაგრამ, როდესაც ჩემს ლელოს განმეორებით ვუყურე, მივხვდი, რომ მართლაც ლამაზი მომენტი შევქმენი.

- რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრობა?
- საქართველოს ნაკრების წევრობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჯერ ის, რომ ასახელო შენი ქვეყანა და დაიცვა გუნდის ღირსება. ატარო საქართველოს ნაკრების კვართი - ეს შესანიშნავია.

-  წარმატებას საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში მიაღწიეთ...
- ამაზე საუბარი ცოტა რთულია... რა თქმა უნდა, ალბათ იმიტომ, რომ შრომას ფასი ყოველთვის აქვს და სპორტული გამართლებაც ბევრს ნიშნავს.

- როგორ შეაფასებდით თქვენს დებიუტს "ჩელენჯ კაპზე"?
- ჩემი დებიუტი, თამაშის განხრით, დიდი ვერაფერი იყო, მაგრამ მთლად უკმაყოფილოც არ ვარ. მეგონა, ბევრს ვინერვიულებდი... მქონდა რამდენიმე შეცდომა, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება.

- "მონპელიეს" მთავარმა მწვრთნელმა თქვენი დებიუტის შემდეგ თქვა, რომ ძალიან კარგად ითამაშეთ და გუნდი ორჯერ გარდაუვალი ლელოსგან იხსენით... ის თქვენი მომზადების დონით ძალიან კმაყოფილია...
- მსგავსი რამ მეც წავიკითხე. რაც შეეხება ლელოს გადარჩენას, თამაშის დროს ყოველთვის შეიძლება მოხდეს მსგავსი სიტუაციები.

- ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა. თქვენი აზრით, როდის შეეძლება ჩვენს ეროვნულ ნაკრებს დიდ გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში და გვაქვს თუ არა 6 ერის პერსპექტივა?
- ძალიან სასიხარულოა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელს ჩვენს ნაკრებზე ასეთი წარმოდგენა აქვს. რაც შეეხება 6 ერს, იმედია, ეგ დროც მალე დადგება.

- რა არის გელა აფრასიძის სამომავლო მიზანი?
- სამომავლო მიზანია ვითამაშო "მონპელიეს" ძირითად გუნდში არა ერთი და ორი თამაში, არამედ თავი დავიმკვიდრო.

- დაბოლოს, შეგიძლიათ თქვათ, რაც მოგესურვებათ და მიმართოთ ხალხს...
- მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც საუკეთესო ლელოს გამოვლენაში მხარს მიჭერდა. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.