ირლანდიასთან ლელოს დადებისას ამას ვერც კი ვიფიქრებდი - ინტერვიუ გელა აფრასიძესთან

AutoSharing Option
გელა აფრასიძე 20 წლის მორაგბეა, რომელმაც ქართველ გულშემატკივართა გულები მალევე მოიგო. მან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში შესანიშნავი ლელო დადო, რომელიც შემდეგში მსოფლიოს 5 საუკეთესო ლელოს შორის მოხვდა.

აფრასიძე ამჟამად "მონპელიში" ასპარეზობს და მისი დებიუტი ჩემპიონთა თასზეც შედგა.

Sportall.ge გელა აფრასიძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- თქვენ "მონპელიეს" ძირითად გუნდში მოხვდით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- ჩემთვის ეს ის მთავარი მიზანი იყო, რაც საფრანგეთში ჩასვლამდეც მინდოდა. მიზნად მქონდა დასახული, რომ პირველ გუნდში მეთამაშა, რაც ამისრულდა კიდეც. ეს ფაქტი ჩემ განვითარებაში ძალიან ბევრ
რამეს შეცვლის.

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თქვენ ერთ-ერთი ლიდერი იყავით. ასევე კარგად წარმოაჩინეთ თავი ეროვნულ ნაკრებში...
- ახალგაზრდულ ნაკრებში თავის გამოჩენაში ალბათ უფრო 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი დამეხმარა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ეს უკვე ის ადგილია, რაც ყველა მორაგბისთვის საოცნებოა და მიხარია, რომ ეს ბედნიერება მეც მერგო წილად.

- თქვენ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ შესანიშნავი ლელო დადეთ. რას გრძნობდით მაშინ? მსოფლიოს 5 საუკეთესო ლელოდან ხომ ერთ-ერთი თქვენი იყო...
- ირლანდიასთან ლელოს დადებისას ვერც კი ვიფიქრებდი, რომ შემდეგში ეს ლელო მსოფლიოს 5 საუკეთესოს შორის მოხვდებოდა, მაგრამ, როდესაც ჩემს ლელოს განმეორებით ვუყურე, მივხვდი, რომ მართლაც ლამაზი მომენტი შევქმენი.

- რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრობა?
- საქართველოს ნაკრების წევრობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჯერ ის, რომ ასახელო შენი ქვეყანა და დაიცვა გუნდის ღირსება. ატარო საქართველოს ნაკრების კვართი - ეს შესანიშნავია.

-  წარმატებას საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში მიაღწიეთ...
- ამაზე საუბარი ცოტა რთულია... რა თქმა უნდა, ალბათ იმიტომ, რომ შრომას ფასი ყოველთვის აქვს და სპორტული გამართლებაც ბევრს ნიშნავს.

- როგორ შეაფასებდით თქვენს დებიუტს "ჩელენჯ კაპზე"?
- ჩემი დებიუტი, თამაშის განხრით, დიდი ვერაფერი იყო, მაგრამ მთლად უკმაყოფილოც არ ვარ. მეგონა, ბევრს ვინერვიულებდი... მქონდა რამდენიმე შეცდომა, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება.

- "მონპელიეს" მთავარმა მწვრთნელმა თქვენი დებიუტის შემდეგ თქვა, რომ ძალიან კარგად ითამაშეთ და გუნდი ორჯერ გარდაუვალი ლელოსგან იხსენით... ის თქვენი მომზადების დონით ძალიან კმაყოფილია...
- მსგავსი რამ მეც წავიკითხე. რაც შეეხება ლელოს გადარჩენას, თამაშის დროს ყოველთვის შეიძლება მოხდეს მსგავსი სიტუაციები.

- ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა. თქვენი აზრით, როდის შეეძლება ჩვენს ეროვნულ ნაკრებს დიდ გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში და გვაქვს თუ არა 6 ერის პერსპექტივა?
- ძალიან სასიხარულოა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელს ჩვენს ნაკრებზე ასეთი წარმოდგენა აქვს. რაც შეეხება 6 ერს, იმედია, ეგ დროც მალე დადგება.

- რა არის გელა აფრასიძის სამომავლო მიზანი?
- სამომავლო მიზანია ვითამაშო "მონპელიეს" ძირითად გუნდში არა ერთი და ორი თამაში, არამედ თავი დავიმკვიდრო.

- დაბოლოს, შეგიძლიათ თქვათ, რაც მოგესურვებათ და მიმართოთ ხალხს...
- მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც საუკეთესო ლელოს გამოვლენაში მხარს მიჭერდა. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.


მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგია,რომ გელა თავმდაბალი ბჭია,მაგრამ სამადლობელი არაფერი აქვს.ეს მართლა ერთერთი საუკეთესო ლელო იყო და ჩვენობა არაფერ შუაშია,თუ გელამ ასეთი ტემპით გააგრძელა ზრდა,მსოფლიო თასზე ვარსკვლავების მარაქაშიც გაერევა,ხოლო თუ სიმაღლეშიც ასეთივე ტემპით გააგრძელებს ზრდას,თავის პოზიციაზე საუკეთესოს პრეტენზიაც გაუჩნდება.სიმაღლეში ზრდა ბუნებაზე და გენებზეა დამოკიდებული,ხოლო ოსტატობის ზრდა შრომაზე.გელას შრომა არ ეზარება,მწვრთნელებიც კარგი ჰყავს.ასე რომ ველოდებით კიდევ უფრო უკეთეს თამაშს და ლელოებს.
სოსო
11:34 25-01-2018
0
გელა, შენს კარიერაში საუკეთესო ლელოები კიდევ წინ გაქვს! ის ლელო უკვე წარსულია! წარმატებები!
ქუთაისელი
10:25 25-01-2018
0

სიახლეები პოპულარული