რაგბი. ლეგიონერები: 19 ქულა პარიზიდან

AutoSharing Option
გასულ კვირას ევროპის სტადიონებზე ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. აღებული ქულებით თავი ორმა "ბორჯღალოსანმა" გამოიჩინა - გიორგი ფრუიძემ ლელო გაიტანა, ხოლო ლაშა მალაღურაძემ 14 ქულა მოიპოვა.

ჩემპიონთა თასი

ჩემპიონთა თასის მესამე ჯგუფში პირველი გამარჯვება იზეიმა "მონპელიემ". ფრანგები "გლაზგო უორიორსს" შოტლანდიაში ეწვივნენ და 23-ე წუთისთვის 5:17 ჩამორჩნენ, თუმცა ტაიმი 19:17 მოიგეს, შესვენების შემდეგ მეოთხე, ბონუს-ლელოც დადეს და 29:22 იმარჯვეს. "მონპელიეს" რიგებში სრულად ითამაშა ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა, ხოლო მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე შეცვლაზე 74-ე წუთზე შევიდა. ფრანგებს 3 ტურის
შემდეგ 8 ქულა აქვთ და ინგლისურ "ექსეთერთან" მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.

მეოთხე ჯგუფში ფრანგული დერბი შედგა და "კასტრმა" "რასინგს" 16:13 აჯობა. პარიზელები 74-ე წუთამდე 13:6 იგებდნენ, თუმცა დარჩენილ დროში 10 უპასუხო ქულა მიიღეს. სტუმართა შორის შეცვლაზე 66-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ვასილ კაკოვინმა.

მეხუთე ჯგუფში ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 12 ქულით ლიდერობს "ტულონი", რომელმაც ინგლისურ "ბათს" 24:20 სძლია. დაძაბული მატჩის დებიუტში სტუმრები 10:0 დაწინაურდნენ.

ფრანგებმა ლიდერობა მეორე ტაიმში მოიპოვეს, მაგრამ 61-ე წუთზე დაშვებული უხეში შეცდომის შემდეგ კვლავ ჩამორჩნენ - 14:20. ტულონელმა ენტონი ბელუმ 77-ე წუთზე შეძლო გადამწყვეტი ლელოს გატანა და მასპინძლებს 24:20 მოაგებინა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30 წუთი ითამაშა "ტულონის" ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ.

მეორე ჯგუფში უამინდობის გამო გადაიდო ცენტრალური შეხვედრა. "სარასენსი" ინგლისში "კლერმონს" უნდა დახვედროდა, ფრანგთა განაცხადში იყო 22 წლის ბექა კაკაბაძე, რომელმაც ახლახან კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჩელენჯ ქაფი
ჩელენჯ ქაფის პირველ ჯგუფში რუსეთის ჩემპიონმა "ენისეიმ" უელსში "ნიუპორტისგან" სამი უპასუხო ლელო გაუშვა და 0:15 დამარცხდა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა დავით კაჭარავამ, ხოლო მიხეილ გაჩეჩილაძემ მოედანზე 61 წუთი გაატარა. ქართველ ლეგიონერებს "ენისეის" რიგებში გამორჩეული პირადი მაჩვენებლები ჰქონდათ. კაჭარავამ 11 შეტევით 29 მეტრი მოიგო და გზად სამი მბოჭავი ჩამოიცილა, ხოლო დაცვაში 12 ბოჭვა შეასრულა. ყველაზე მეტი, 14 ბოჭვა გაჩეჩილაძემ მოაგროვა, ბურთი 16-ჯერ მიიღო და ის წინ 23 მეტრით წასწია.

მეორე ჯგუფის ფრანგულ დერბიში "ტულუზამ" "ლიონს" უმასპინძლა და 30:23 მოუგო. ლიონელთა შორის შეცვლაზე 15 წუთი ითამაშა გურამ პაპიძემ და 3 შეტევით 9 მეტრი მოიგო.

ამავე ჯგუფში "კარდიფი" "სეილს" ინგლისში ეწვია და 0:24 დამარცხდა. ანტონ ფეიქრიშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა.

მესამე ჯგუფში "აჟენმა" "პოს" უმასპინძლა და 21:40 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ვახტანგ ახობაძე (ითამაშა 64 წუთი) და გიორგი თეთრაშვილი (ითამაშა 55 წუთი).

მეოთხე ჯგუფში "კრასნი იარი" "სტად ფრანსეს" პარიზში ეწვია და 24:39 დამარცხდა. სტუმართა 24 ქულიდან 19 ქართველების ანგარიშზეა - გიორგი ფრუიძემ ლელო, ხოლო ლაშა მალაღურაძემ 1 არეკნი, 3 ჯარიმა და 1 გარდასახვა გაიტანა. მალაღურაძემ ჯარიმები და არეკნი პირველ ტაიმში გაიტანა, ფრუიძემ 46-ე წუთზე დაცვის ხაზი გაგლიჯა და ლელომდე ირბინა, ხოლო ლაშას გარდასახვის შემდეგ "კრასნი იარი" 19:17 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. "ბორჯღალოსნებმა" სრულად ითამაშეს. "სტად ფრანსეს" რიგებში 67-ე წუთიდან ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

ამავე ჯგუფში "ლონდონ აირიში" შოტლანდიაში "ედინბურგს" ეწვია და 20:50 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47 წუთი ითამაშა ლაშა ლომიძემ.

მეხუთე ჯგუფში "ოიონა" ინგლისში "ვუსტერთან" 14:35 დამარცხდა. ფრანგთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა ირაკლი მირცხულავამ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩელენჯ ქაფზე ასპარეზობა თანხებთანაა დაკავშირებული? ან ჩემპიონთათასზე ასპარეზობა?
giorgi
12:08 12-12-2017
0
გამოდის ქართული კლუბები საგრძნობლად ჩამორჩება რუსულ კლუბებს და აქ არ იგულისხმება ფინანსები,შემადგენლობა თვალი გადავავლე ორივე რუსული კლუბების შემადგენლობას და 90% მეტი ადგილობრივი მორაგბები არიან ე.ი. არასწორი პრიორიტეტები არასწორი სელექცია არაკვალიფიციური მწვრთნელები და ეს ყველაფერი ახალი ინფრასტრუქტურის მომრავლების ფონზე ფედერაციაა ამაზე პასუხისმგებელი. P.S.ვისურვებდი არგუმენტირებული პასუხების მოსმენას ხოლო გამოხტომებზე არ ვრიაგირებ რაგბი კავების თამაშია და არა კაცუნების!
კახა
18:12 11-12-2017
0

სიახლეები პოპულარული