მოლოდონი, შეტევა, ახალგაზრდები, იაპონია - მილტონ ჰეიგის ინტერვიუ

AutoSharing Option
დღეს 16:00 საათზე "ბორჯღალოსნები" 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს კრასნოდარში, რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ, მანამდე კი მილთონ ჰეიგი განვლილ სამ თამაშზე, გუნდში დანერგილ ცვლილებებზე და მსოფლიოს თასისთვის მზადების ამ კონკრეტულ ეტაპზე საუბრობს.

მოლოდინი უფრო მეტის გვაქვს
2018 წელს "ბორჯღალოსნებმა" სამი თამაში მოიგეს - ბელგიასთან 47:0, გერმანიასთან 64:0 და ესპანეთთან 23:10. მიუხედავად ამისა, ჰეიგი ფიქრობს, რომ განვლილ შეხვედრებში უკეთესი თამაშის ჩვენება შეიძლებოდა და ხარისხის გასაუმჯობესებლად მთელი სამწვრთნელო შტაბი და მორაგბეები დიდი მონდომებით მუშაობენ:

"კარგად გვესმის, რომ ქომაგს მეტის მოლოდინი აქვს
და ასე ვართ ჩვენც. ეს კანონზომიერია, რადგან რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევ, მით უფრო მეტი გინდა. გუნდი თანმიმდევრულად ვითარდება და ხარვეზების გამოსწორებაზე ბევრს ვმუშაობთ"

ახალ ზელანდიელი სპეციალისტი ფიქრობს, ხარვეზები იმ ცვლილებებითაა გამოწვეული, რომელიც გუნდის მზადების პროცესში დაინერგა და "ბორჯღალოსნებს" მოტივაცია ყველა გუნდთან ერთნაირი აქვთ - არგენტინასთან, უელსთან, აშშ-სთან, კანადასთან, თუ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებთან:

"არასდროს ვაკეთებთ კონცენტრაციას იმაზე, თუ რომელ კამპანიაში ვმონაწილეობთ - ჩვენ კონცენტრაცია მიმართულია იმისკენ თუ და როგორ ვაკეთებთ. ადრეც არაერთხელ ვთქვი, რომ წელს ჩვენს ვარჯიშებში ბევრი რამ შეიცვალა, რადგან დაიწყო უშუალო მზადება მსოფლიო თასისთვის. ახლა კონკრეტული თამაშისთვის განსხვავებული პროგრამით ვემზადებით და ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა ვის უნდა ვეთამაშოთ, მთავარია გავითავისოთ, თუ რა ვისწავლეთ წინა კამპანიისგან, რა სიახლეები დავნერგეთ ვარჯიშის პროცესში და როგორ ვემზადებით" - ამბობს ჰეიგი და ცვლილებების შესახებ გვიამბობს:

"ძალიან დიდ დროსა და ყურადღებას ვუთმობთ გარკვეულ დეტალებს, რათა თამაშისას მეტი გაუმჯობესება მივიღოთ. ვარჯიშის ტემპი გავზარდეთ და ის მივუახლოვეთ ტიერ1-ის გუნდების თამაშის ტემპს. ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ტიერ1-ის გუნდებთან ხშირად თამაშის შესაძლებლობას, მაგრამ შეგვიძლია ვივარჯიშოთ ისე, როგორც ვარჯიშობენ ამ დონის გუნდები. შესაძლოა ეს ყოველთვის არ გამოგვდიოდეს, მაგრამ მიზანი დასახულია და მისკენ გეგმაზომიერად მივდივართ.

ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ანალიზს. ჩვენ კვირაში 5-6 დღეს ვვარჯიშობთ და ერთ დღეს ვთამაშობთ - ვარჯიში, თამაში, აღდგენა და ისევ ვარჯიში, ასეთია ჩვენი გრაფიკი. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოთამაშეებმაც გაითავისეს. მათ კარგად ესმით, რომ მთავარია ის, თუ როგორ შეასრულებენ დავალებას და არა ის, თუ ვის წინააღმდეგ ითამაშებენ".

ჩვენი შეტევა იცვლება
მთავარ მწვრთნელად დანიშვნის დღიდან, ჰეიგმა მიზნად გუნდის სათამაშო სტილის შეცვლა დაისახა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ახლა "ბორჯღალოსნები" სიბრტყეზე უფრო ხშირად თამაშობენ, ვიდრე თუნდაც 2015 წლის მსოფლიო თასზე და ჰეიგი ფიქრობს, რომ ეს ცვლილებები ერთ დღეს ტიერ1-ის გუნდის დამარცხებაში დაგვეხმარება:

"დიახ, ჩვენ ვცდილობთ სიბრტყეზე თამაშს და როდესაც ეს უკეთ გამოგვივა, მეტოქის დამარცხების მეტი შანსი გვექნება. თუ გვსურს, რომ უახლოეს პერიოდში ტიერ1-ის გუნდის დამარცხება მოვახერხოთ, თამაშის ასეთი სტილი უფრო მეტად უნდა შევისისხლხორცოთ"

როდესაც ამ სტილს შეჩვეული არ ხარ და მისი დანერგვა ახალი დაწყებული გაქვს, მეტოქე შეეცდება შენს ჩაკეტვას, სივრცეების შეზღუდვას, შეცდომების გამოყენებას. ჩვენ ზუსტად ვიცით რა გვინდა, რისკენ ვისწრაფით, მაგრამ ჯერ მხოლოდ სწავლის პროცესში ვართ და როდესაც მეტოქე წნეხის ქვეშ გვამყოფებს, ვიღებთ სიღრმეებს. ვარჯიშებისას მწვრთნელები ბიჭებს ამის შესახებ ბევრს ესაუბრებიან: რა დროს როგორ მოიქცნენ, როგორ მოახდინონ ადაპტირება იმის მიხედვით, რასაც მეტოქე შემოგვთავაზებს.

მოთამაშეები უყურებენ სიბრტყეზე თამაშის მაგალითებს, ეს მათაც მოსწონთ, ხედავენ, რომ ასე უფრო მეტი შანსია ხაზის გაჭრის, ლელოს გატანის და პროგრესიც გვაქვს, ნელ-ნელა უკეთესები ვხდებით. ეს არის ის, რისკენაც მივისწრაფით და მჯერა, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი შეტევა სხვანაირი გახდება".

ჰეიგის აზრით სიბრტყეზე თამაში ერთადერთი არაა, რაც ჩვენს გუნდს გასაუმჯობესებელი აქვს და 2019 წლის მსოფლიო თასამდე ყველა მიმართულებითაა სამუშაო:

"ვერ ვიტყვით ერთ კონკრეტულს, რისი გაუმჯობესებაც გვჭირდება, რადგან ჩვენი თამაში, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა გუნდის, კომპლექსურ გაუმჯობესებას საჭიროებს. სამუშაოა ყველა მიმართულებით, თუნდაც იმავე შერკინებაში, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ, თუმცა ზოგი მიმართულებით უფრო მეტია სამუშაო".

ახალგაზრდებმა მეტი ენერგია შეგვმატეს
ბოლო ორ წელიწადში ნაკრებში რამდენიმე ახალგაზრდა, ახალი მორაგბე გამოჩნდა, განსაკუთრებით ხაზში და მწვრთნელი ფიქრობს, რომ ახალ სათამაშო სტილს ისინი მარტივად აუღებენ ალღოს:

"ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების გამოჩენამ ჩვენი ხაზის თამაში შედარებით უკეთესი გახადა და ეს ხელშესახებია. ერთ-ერთი და არა ერთადერთი, რაც ამ ბიჭებმა შეგვმატეს, ენთუზიაზმი და ენერგიაა. უნარები - წნეხის ქვეშ მივიღოთ და გავუშვათ პასი, ბოლო წლებში აშკარად გაუმჯობესდა. მათ შედარებით უფრო უადვილდებათ სიახლეების ათვისება, ვიდრე უფროსი ასაკის მორაგბეებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სხვა სტილით თამაშს იყვნენ მიჩვეული, თუმცა ისინიც სწავლობენ და თავს არ ზოგავენ. ახალგაზრდობას, ასევე გამოცდილებას, თავისი დადებითი და უარყოფითი ფაქტორები აქვს".

ჰეიგი კმაყოფილია ყველა იმ ახალგაზრდით, რომლებიც ეროვნულში ბოლო წლებში დაწინაურდნენ და ძირითადში ადგილი საკუთარი შრომით დაიმსახურეს:

"მათიაშვილი ძალიან სწრაფი, კრეატიული მოთამაშეა და ამას ძალიან კარგად იყენებს. ჩვენ უფრო მეტი ასეთი მოთამაშე გვჭირდება, რათა შევავსოთ ის სივრცეები, რაც 2015 წლის მსოფლიო თასზე გვქონდა.

ყველამ, ვინც ბოლო დროს ნაკრებში გამოჩნდა, ეს ვარჯიშით დაიმსახურა. მაგალითად, სიჭინავას, დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით და უკანასკნელ 4-5 თვეში განსაკუთრებული მონდომებით ვარჯიშობდა. მისთვის შანსის მიცემას ნოემბერშიც ვფიქრობდით, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა სამუშაო. ის მთელი ახალი წლები თავდაუზოგავად შრომობდა, კარგად იაზრებდა რა ჰქონდა გასაკეთებელი და შედეგად, ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს".

იაპონიის ბილეთის დასაჯავშნად
მაგრამ მხოლოდ ამ ეტაპზე თავის გამოჩენა იმის გარანტი არავისთვის იქნება, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე მოხვდება. წინაა 18 თვე და ყველა მოთამაშემ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა დაამტკიცოს, რომ იაპონიაში გამგზავრებას იმსახურებს:

"წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მსოფლიო თასისთვის მზადების უშუალო პროცესი დაიწყო. 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, გვქონდა გარკვეული მონახაზები, ახლა კი კონკრეტული საქმეებია საკეთებელი. წინ გვაქვს 18 თვე, რაც არც ისე დიდი დროა და ყველამ უნდა დაამტკიცოს რა შეუძლია. მორაგბეებმაც იციან, რომ "ბილეთის დასაჯავშნად" 18 თვე აქვთ და მხოლოდ დღევანდელი გარჯა საკმარისი არ იქნება.

ახლა გაფართოებული შემადგენლობა შესაძლოა 60 კაცისგან შედგებოდეს, რომელიც 1 წლის შემდეგ 40 მორაგბემდე შემცირდება, კიდევ 3 თვის შემდეგ 36-მდე და საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით 31 მოთამაშეზე, რომლებიც იაპონიაში წავლენ. პროცესი დაწყებულია, ის 18 თვე გაგრძელდება "ბილეთის დაჯავშნაზე" ყველამ უნდა იზრუნოს. მორაგბეები იაზრებენ, რომ ეს მათი შესაძლებლობაა, იყვნენ თანმიმდევრულად კარგები, ყველა ჯერზე - ვარჯიშით, დამოკიდებულებით, თამაშით დაგვანახონ, რომ იმსახურებენ და ბოლოს ისინი მიიღებენ ბილეთს, რომლებიც ამ პროცესს შეუჩერებლად გაივლიან".

კიდევ ერთხელ ინგლისელებთან ვარჯიშზე
თებერვალში "ბორჯღალოსნები" ინგლისელების მიწვევით ბრიტანეთს ეწვივნენ და მსოფლიოს მეორე საუკეთესო გუნდთან, ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონთან სამდღიანი ერთობლივი ვარჯიშები გამართეს. ჰეიგმა კიდევ ერთხელ შეაფასა ის დადებითი მომენტები, რაც ამ ერთობლივმა წვრთნებმა შეგვძინა:

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამ შემოთავაზებას დავთანხმდით იყო ის, რომ მორაგბეებს ევარჯიშათ მსოფლიოს მეორე საუკეთესო გუნდთან, გაცნობოდნენ მათ გარემოს. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ დაენახათ - მათგან დიდად არ განსხვავდებიან. ინგლისელებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ და ამ ვარჯიშებმა ბიჭებს თავდაჯერებულობა შემატა.

ჩვენმა ხაზის მოთამაშეებმა ივარჯიშეს მსოფლიოს საუკეთესო ბექების წინააღმდეგ და გაიაზრეს, რომ ისინი ისეთს არაფერს აკეთებენ, რისი გაკეთება მათაც არ შეუძლიათ. დარწმუნებული ვიყავი, რომ შერკინებაში მეტოქეს ბოლომდე მივაწვებოდით და ასეც მოხდა, რითაც ყველა კმაყოფილი დავრჩით. ამავდროულად, ვნახეთ როგორ მუშაობენ ინგლისელები დერეფანში და მოლში.

გვსურდა გვენახა იმ გუნდის მენეჯმენტი და გარემო, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვს და აღმოვაჩინეთ, რომ ორგანიზაციული თვალსაზრისით მათგან არც ისე შორს ვართ"

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია იცის ამ კაცმა როგო პატივს ვცემთ და ვუმადლით მის შრომას ;)
ioane
00:59 15-03-2018
0
მადლობა ბატონო მილტონ!!!!!
გოგი
09:17 11-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული