რაგბი

ეროვნული ნაკრები

სიახლე ქართულ რაგბიში და მილტონ ჰეიგის კომენტარი არგამოძახებულებზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე სამ მატჩს გამართავს.

აქედან ორზე, 11 ნოემბერს კანადასთან და 25 ნოემბერს აშშ-ის ნაკრებთან შეფობას საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური სპონსორი იკისრებს - მატჩების ამ სერიას ოფიციალურად "თიბისი ბანკის" სერია ეწოდება.

სარაგბო სამყაროში საერთაშორისო მატჩების სერიებისთვის კორპორატიული სახელწოდების მინიჭება მიღებული პრაქტიკაა, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება. ამ მოვლენის პრეზენტაცია 24 ოქტომბერს გაიმართა.

ნიკოლოზ ქურდიანი, "თიბისი" ბანკის ვიცე-პრეზიდენტი:

"ნოემბერში "ბორჯღალოსნებს" ორი საინტერესო საშინაო ტესტმატჩი ელის კანადისა და აშშ-ის ნაკრებებთან. ორივე ძლიერი გუნდია, საინტერესო თამაშები იქნება და მას ჩვენი ბანკი სიახლით
ხვდება.

გვსურს, რომ სერიას თავისი სახელი ერქვას, რაც საქართველოსთვის ახალი პრაქტიკაა და, რადგან ამ შემთხვევაში, ინიციატორები ჩვენ ვიყავით, ნოემბრის ტესტმატჩებს "თიბისი რაგბის სერია" ერქმევა.

ამ ინიციატივით გვსურს, რომ ბაზარზე დავნერგოთ ახალი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის კერძო კომპანია კონკრეტულ სპორტულ მოვლენას დაუდგება მხარში.

გვაქვს იმედი, რომ რაგბის და ზოგადად, სპორტს, კერძო სექტორიდან მეტი თანადგომა ექნება და დიდი სასპონსორო თანადგომის პარალელურად, კონკრეტულ თამაშებსაც ეყოლება პარტნიორები".

გოჩა სვანიძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"სანაკრებო თამაშების პაუზა ცოტა გაგვიგრძელდა და ძალიან მიხარია, ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრები რომ ახლოვდება. სიახლის ინიციატორი, რომელიც წელს დაინერგა, კერძო სექტორიდან ჩვენი მთავარი პარტნიორისა და მეგობარი კომპანიისგან მოდის.

რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ამ ინიციატივას სხვა კომპანიებიც აიტაცებენ. რაგბი მარტო ჩვენი არაა და მის სივრცეში ყველასთვის მოიძებნება ადგილი, თან ისე, რომ ეს დიდ დანახარჯებთან არ იქნება დაკავშირებული".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"ეს ბანკი ქართული რაგბის არა მხოლოდ სპონსორი, არამედ მეგობარია და ეს მეგობრობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, სასიხარულოა, მომავალ ტესტებს სპონსორის სახელი რომ ერქმევა.

ნოემბრის მატჩებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ვემზადებით. ოფიციალურ შეკრებას კი 29 ოქტომბერს ვიწყებთ. 30-ში 3-დღიანი შეკრებით საფრანგეთში მივემგზავრებით, 2 ნოემბერს შინ დავბრუნდებით და თბილისში განვაგრძობთ მზადებას".

მილტონ ჰეიგს ჩვენთვის და რაგბის ქომაგებისთვისაც საინტერესო თემაზეც დავეკითხეთ - რატომ ვერ მოხვდნენ გაფართოებულ შემადგენლობაში უკანახაზელები თამაზ მჭედლიძე და გიორგი ფრუიძე.

მილტონ ჰეიგი:

"თამაზ მჭედლიძის თამაშს საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებში ვაკვირდებოდით. ის სასურველ ფორმაში არ არის. ამიტომ ამ ეტაპზე მისი ნაკრებში გამოძახებისგან თავი შევიკავეთ. მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე დიდი დროა. თუ მოუმატებს და სათანადო ფორმაში იქნება, ცხადია, ნაკრებში გამოვიძახებთ.

გიორგი ფრუიძის გამოძახება არ ჩავთვალეთ საჭიროდ. ნაკრებში სამ-სამი გარემარბი, შუამარბი და ფულბეკი გვყავს გამოძახებული. ამათგან, მაგალითად, სოსო მათიაშვილს, რომელსაც გარემარბად მოვიაზრებთ, ფულბეკის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. მირიან მოდებაძე ფულბეკია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, გარემარბადაც შეუძლია ითამაშოს. ალექსანდრე თოდუა ნაკრებში გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ მისი შუამარბად გამოყენებაც შეიძლება.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ფრუიძე ამ ეტაპზე გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით 30 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში შეიკრიბება და სამდღიან წვრთნებს გამართავს.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), კარლენ ასეიშვილი (ბრივი), ჯაბა ბრეგვაძე (კრასნი იარი), შალვა მამუკაშვილი (კარკასონი), ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე), სოსო ბეკოშვილი (ბრივი);
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (დომონი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), ვახტანგ მაისურაძე (ვანი);
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ლაშა ლომიძე (ლონდონ აირიში), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), ბექა ბიწაძე (ნარბონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი);
#9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ლოკომოტივი), გელა აფრასიძე (მონპელიე);
#10: ლაშა ხმალაძე (ბათუმი), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი (არმაზი);
#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), გიორგი კოშაძე (ხარები);
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), სოსო მათიაშვილი (აკადემია), გიორგი კვესელაძე (არმაზი);
#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), მირიან მოდებაძე (აია)

11 ნოემბერი
საქართველო-კანადა

18 ნოემბერი
უელსი-საქართველო

25 ნოემბერი
საქართველო-აშშ

ბილეთები დღეიდან გაიყიდება
2017 წლის "თიბისი რაგბის სერიის" ბილეთების ონლაინგაყიდვა 25 ოქტომბერს TKT.GE-ს პლატფორმაზე 18:00 საათიდან დაიწყება. სალაროებში გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეეძლებათ.

"ნოემბრის სერიას კანადასთან მატჩით ვიწყებთ. მერე მივდივართ უელსში და წლის ბოლო თამაშს 25 ნოემბერს, აშშ-სთან გავმართავთ. საშინაო შეხვედრებისთვის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან იწყება. გვაქვს იმედი, რომ "დინამო არენა" გაივსება, ისე, როგორც ბოლო წლებში არაერთხელ მოხდა და გულშემატკივარი ისეთ რაგბის იხილავს, რისთვისაც ეს თამაში და ჩვენი გუნდი შეიყვარა" - თქვა გოჩა სვანიძემ.

სავსე ტრიბუნების მნიშვნელობაზე ნიკოლოზ ქურდიანმაც ისაუბრა:

"მნიშვნელოვანია, რომ ამ თამაშებზე დიდი დასწრება იყოს. ქვეყნის მასშტაბით რაგბი ერთ-ერთი საუკეთესო სპორტია, რეგიონში პირველ ადგილზე ვართ. ფართო მასებს უნდა ვაჩვენოთ, როგორი პოპულარულია ის საქართველოში. სწორედ ამიტომ სტადიონზე რაც შეიძლება მეტი მაყურებელი უნდა მივიდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ