დიდი 10 დაბრუნდა: "ლოკომოტივმა" "ხარები" დაამარცხა

AutoSharing Option
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

ზამთრის შესვენების შემდეგ დიდი 10 "ავჭალაზე", მე-11 ტურის სანახაობრივი მატჩით განახლდა. თამაშს მოწყურებულმა მორაგბეებმა ტექნიკური არსენალი სრულად გამოიყენეს, გუნდებმა კი აქცენტი სწრაფ, ხელდახელ თამაშზე გააკეთეს და მაყურებელი 7 ლელოთი ასიამოვნეს.

თბილისის "ლოკომოტივმა" დასკვნით 10 წუთში სამი ლელო გაიტანა, რუსთავის "ხარებს" ბონუს-ქულით, 33:15 აჯობა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდა.

"ლოკომოტივის" რიგებში გამოჩნდა საფრანგეთიდან დაბრუნებული "ბორჯღალოსანი" კვაჭი შალვა მამუკაშვილი, რომელმაც რკინიგზელთა შერკინებას დამატებითი სიმძლავრე შესძინა. მის გარდა მოედანზე კიდევ ხუთი "ბორჯღალოსანი" იყო - გიორგი ბეგაძე, ბექა წიკლაური და გიორგი აფციაური
თბილისელთა, ხოლო გიორგი კოშაძე და ვაჟა ხუციშვილი რუსთაველთა შემადგენლობაში.

მასპინძლებმა ანგარიში მე-5 წუთზე, სწრაფი და ლამაზი შეტევის შედეგად გახსნეს. მათ მეტოქის 22-ში, დერეფანში მოიგეს ბურთი და შეტევა მარცხენა ფლანგზე კარგად გაშალეს, ლევან გოგოლაშვილს ლელომდე 5 მეტრი დააკლდა, თუმცა ბურთი თამაშში დატოვა, ის საპირისპირო ფლანგზე ბოლომდე ჩათამაშდა, წიკლაურმა კაცის გამოტოვებით ნიკა ჩიღვინიძეს უპასა და მცველებმა მისი შეჩერება ვეღარ მოახერხეს.

გარდასახვა არაზუსტი იყო და ტემპს "ხარებმაც" მოუმატა, რომელთა რიგებში განსაკუთრებული სიმწვავით ფულბეკი ლევან ნარიმანიძე გამოირჩეოდა. მე-16 წუთზე სტუმართა შერკინებამ კარის წინ ჯარიმა გამოიმუშავა და გიორგი ბასილაიამ კარის წინიდან ნაღდი 3 ქულა აიღო - 5:3. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გუნდებმა ჯარიმა კარში დაარტყეს.

25-ე წუთზე "ლოკომოტივმა" 5-მეტრა დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშა, ბოლოსწინა კაცზე მოგებული ბურთი ბურჯმა ვახტანგ ქვათაძემ მიიღო, რომლის მოულოდნელ შეტევას მცველები მოუმზადებელი დახვდნენ და ამჯერად წიკლაურის გარდასახვაც ზუსტი იყო. "ხარებმა" სწრაფი შეტევით უპასუხა, რომელიც ნარიმანიძემ თავისი ნახევრიდან წამოიწყო, მეტოქის 22-ში ბასილაიამ სიბრტყეზე გაკეთებული პასით ხაზი ნიკა ბერძულს გააჭრევინა და გიგა ქვლივიძემ მისი ოფლოუდის შემდეგ ლელო გაიტანა, ხოლო ბასილაიამ გარდასახა და ტაიმი მასპინძლებმა 12:10 მოიგეს.

მეორე ტაიმი კიდევ უფრო მაღალ ტემპში დაიწყო. პირველი ხიფათი "ლოკომოტივმა" შექმნა, მაგრამ მერე რუსთაველებმა ააჩქარეს თამაში და მარცხენა ფრთაზე ორჯერ შექმნეს უპირატესობა. მეორე შემთხვევას ჩიღვინაძე მაღალი ბოჭვისთვის 10 წუთით შეეწირა, "ხარებმა" 5-მეტრა დერეფნიდან მოლი დააყენა და ვიდეო-რეფერიმ ლელო დააფიქსირა. გარდასახვა არაზუსტი იყო. სტუმრებმა უპირატესობა დიდი ხნით კი შეინარჩუნეს, მაგრამ დასკვნით მეოთხედში პრობლემები შეექმნათ.

66-ე წუთზე, შერკინებაში მორიგი ჯარიმის შემდეგ გიორგი გოგოლაძე, ხოლო 5 წუთში თორნიკე აქუბარდია სინბინით დაისაჯნენ. "ლოკომოტივმა" 2-კაც ნაკლულ მეტოქეს 5-მეტრა შერკინებიდან შეუტია და ვახტანგ ამირანაშვილის ლელო წიკლაურმა გარდასახა. 76-ე წუთზე თბილისელებმა მეტობა ერთხელაც გამოიყენეს, გოგოლაშვილის მორიგი ოფლოუდის შემდეგ შეტევამ სიმწვავე შეინარჩუნა, გურამ გოგიჩაშვილმა რაქიდან შეუტია და ოფლოუდით ლელოში ლაშა გედეხაური შეუშვა.

უკვე გაწითლებულ დროზე ვახტანგ კავთიძემ ხაზი გაჭრა, ბოჭვის შემდეგ ფეხზე იმდენ ხანს დარჩა, სანამ დავით გულიტაშვილი არ დაეხმარა და "ხარების" აღზრდილმა გარემარბმა ყოფილი გუნდი დაალელოვა, რითაც ამჟამინდელ გუნდს ბონუსი მოუტანა. წიკლაურმა ბოლო ორი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და "ლოკომოტივმა" 33:15 იმარჯვა.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული