დიდი 10: "ბათუმმა" "არმაზი" 26:19 დაამარცხა

AutoSharing Option
‘ბათუმმა’ რიცხობრივი უპირატესობა 19 ქულაში ასახა, ‘არმაზს’ 26:19 სძლია და დიდი 10-ის მე-10 ტურის პირველ მატჩში ბონუსით იმარჯვა.

სტუმრები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ მხოლოდ ერთი ლელოს გატანა მოახერხეს. რევაზ ჯინჭველაშვილმა მარნეულელებს 4 ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით 19-ივე ქულა შესძინა, თუმცა ბორჯღალოსანთა მგეზავს დღეს ფეხით თამაში არ წაუვიდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც სამი ჯარიმა გაუცუდდა და რამდენჯერმე ტაქტიკური დარტყმისას შეცდა.

ანგარიში მე-3 წუთზე სწორედ ჯინჭველაშვილის არეკნით გაიხსნა. მერე მას ბურთის მოგერიებისას ორჯერ დაუფარეს, პირველ შემთხვევაში ბახვა კობახიძემ ოვალის
დამორჩილება ვერ მოახერხა, მეორე შემთხვევაში დაფარებას არეულობა მოყვა და მე-10 წუთზე ლელო ირაკლი კვანტიძემ გაიტანა, ხოლო კობახიძემ გარდასახვა შეასრულა.

‘არმაზს’ პასუხის გაცემა მალევე შეეძლო, სანდრო სვანიძემ ხაზი გაჭრა და ცრუმოძრაობებით უპირატესობა შექმნა, თუმცა ბურთს ვერ შეელია, ლელოზე თავად წავიდა და დამიწების საშუალება მცველებმა არ მისცეს. შემდგომ 10 წუთში ჯინჭველაშვილს სამჯერ შეეძლო სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა, მაგრამ საპირისპირო ფლანგებიდან ორჯერ ბურთი ძელმა აისხლიტა, 22-ე წუთზე კი თითქმის კარის წინიდან ზუსტი იყო და ანგარიში 7:6 გახდა. 29-ე წუთზე რეზიმ შორიდან სცადა მორიგი 3 ქულის აღება, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა.

ტაიმის დასკვნითმა წუთებმა ზღვისპირელების იერიშებში ჩაიარა. მათი სწრაფი შეტევა 5-მეტრიან წყვეტილთან წინ თამაშის გამო ჩაიშალა, თუმცა ‘ბათუმის’ შერკინებამ მეტოქისა ზედიზედ 4-ჯერ დააჯარიმა: პირველ ჯერზე მეტოქეს ბურთი ჩამოართვა, მესამეზე დავით ფხაკაძე სინბინში გაისტუმრა, ხოლო მეოთხეზე სულხან ჩიხლაძემ საჯარიმო ლელო ჩასტვინა.

პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში ‘ბათუმმა’ რიცხობრივი უპირატესობა ორჯერ გამოიყენა, ლელოები დავით ტრაპაიძემ და ბექა ურჯუკაშვილმა გაიტანეს, კობახიძემ ერთი გარდასახა და ანგარიში 26:6 გახდა.

‘არმაზს’ სინბინიდან მოთამაშე რომ დაუბრუნდა ინიციატივა კვლავ დაიბრუნა. მარნეულელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს, ტერიტორიას დაეუფლნენ და 13 უპასუხო ქულა აიღს. 57-ე წუთზე ჯინჭველაშვილის გადაწყვეტილება, ჯარიმა კარში დაერტყა, შესაძლოა უცნაურად ჩანდა, მაგრამ ორიოდე წუთში მან ხაზი გაჭრა, ბოლო მცველს დაუსხლტა და ლელოს გარდასახვა მიაყოლა. 73-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ‘არმაზს’ თამაშის გადასარჩენად ერთი გარდასახული ლელოღა ჭირდებოდა.

მაგრამ მასპინძლებმა მეტი ქულა აღარ გაუშვეს, საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს და 5 სატურნირო ქულა (ლელოებით 4:1) მოიპოვეს. ახლა ისინი იტალიაში გაემგზავრებიან, სადაც ევროპული რაგბის ‘კონტინენტის ფარის’ მესამე ტურში ‘ვიადანას’ შეხვდებიან, ხოლო 16 დეკემბერს დასკვნით ტურში რუმინეთის ჩემპიონ ‘ტიმიშოარა-სარასენსს’ მიიღებენ. ‘ბათუმს’ წლის ბოლომდე დიდი 10-ის კიდევ ერთი შეხვედრა ელის და 23 დეკემბერს ‘ლოკომოტივთან’ გადადებულ მატჩს გამართავს.

რაც შეეხება ‘არმაზს’, მარნეულელები ბათუმიდან 1 ქულით ბრუნდებიან (7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის). მათ 15 სატურნირო ქულა აქვთ და წელი მე-8 ადგილზე დაასრულეს.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული