დიდი 10. VIII ტური: ქუთაისელებმა ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვეს

AutoSharing Option
ფოტოს ავტორი: ანი რეხვიაშვილი

ქუთაისის "აიამ" დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო და პირველ წრეს ნებისმიერ შემთხვევაში ლიდერის რანგში დაასრულებს. ქუთაისელები "ავჭალაზე" თბილისის "არმიას" ეწვივნენ და 50 წუთში ისეთი უპირატესობა მოიპოვეს, ბონუს-ქულაზე დაფიქრდნენ, თუმცა ორი სწრაფი ლელო გაუშვეს და საბოლოოდ დამაჯერებელ გამარჯვებას დასჯერდნენ.

პირველმა ნახევარმა საათმა სტუმრების დომინირებით ჩაიარა და ეს შედეგზეც აისახა. გიორგი ბაბუნაშვილმა ანგარიში მე-9 წუთზე ჯარიმით გახსნა. მე-15 წუთზე "აიამ" კარის წინ დაარტყა და მანძილი მოიგო, ბურთი ფლანგზე გაიშალა, იქ წარმოქმნილი რაქიდან ზურაბ ძნელაძემ მოულოდნელად შეუტია და გოდერძი
ჭინჭარაულის ბოჭვის მიუხედავად ლელოს მიწვდა. ბაბუნაშვილი გარდასახვიდან ზუსტი იყო.

"არმიას" თავისუფლად შეეძლო კარის წინიდან 3 ქულის აღება, მაგრამ ცდუნებას ვერ ძლია, დერეფანში ბურთი დაკარგა და უქულოდ დარჩა. 22-ე წუთზე ძნელაძემ დუბლი შეასრულა: არსენ მაჩალაძემ ხაზი კარის წინ გაჭრა, მას კარგად მიყვა ბადრი დანგაძე, რომელმაც ბურთი კიდევ უფრო წინ წაწია და თანაგუნდელს, რომლის წინაც აღარავინ იყო ოფლოუდი ამოუგდო. ბაბუნაშვილმა იოლი დარტყმა 2 ქულად აქცია - 17:0.

31-ე წუთზე შავლეგ მახარაშვილმა თავის ნახევარზე სწრაფად გაათამაშა ჯარიმა, სანდრო ნახუცრიშვილმა შეტევის დინამიკა შეინარჩუნა, გოდერძი ჭინჭარაულმა გაწელილი დაცვის ხაზი სუფთად გაჭრა და ლელომდე 40 მეტრი ირბინა. მახარაშვილმა გარდასახა და სხვაობა შეამცირა. შესვენებამდე ბაბუნაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი "აიამ" 20:7 მოიგო.

მეორე ტაიმის დებიუტში ძნელაძემ მესამე ლელო გაიტანა. მცველებს მარჯვენა ფლანგზე ოთარ ძაგნიძის გაჩერება გაუჭირდათ, მათ დაცვაში ინტერვალი გაჩნდა და ქუთაისელთა შუამარბმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. 4 წუთში კიდევ ერთი ლამაზი ლელო გავიდა და ამჯერადაც თავი ძაგნიძემ გამოიჩინა. მან ზურგსუკან პასით ბურთი თამაშში დატოვა, რამაც მცველები დააბნია, ბაბუნაშვილმა თედო აბჟანდაძეს გადაცემა არ დაუგვიანა და ისიც ორ მცველს შორის გაძვრა - 34:7.

"აიას" პრემიის აღების რეალური შანსი გაუჩნდა, მაგრამ 6 წუთის ინტერვალით 2 ლელო მიიღო. 53-ე წუთზე "არმიამ" მეტოქის 22-ში ფაზების გადაბმა მოახერხა, გიორგი ხარშილაძემ შებრუნებული პასი კარის წინ მიიღო, მასზე ორი ბოჭვა გაცუდდა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. მასპინძლებმა წნეხი გააძლიერეს და მართალია შეცდომის გამო 40 მეტრამდე მოუწიათ უკან დახევა და იქ დერეფანშიც ცუდად ააგდეს ბურთი, მაგრამ ჭინჭარაულმა სიტუაცია გამოასწორა, ხაზი სისწრაფეზე გაჭრა და ლელომდე ირბინა. შავლეგ მახარაშვილმა ორივე გარდასახვა გამოიყენა და შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ანგარიში 21:34 გახდა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდმა შეცდომები დაუშვა, ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში, რომელშიც 7-ვე ლელო უკანახაზელებმა გაიტანეს, "აიას" ზედიზედ მე-8 გამარჯვებით დასრულდა. 

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული