გინდათ მუნდიალზე? მაშინ გამოვხიზლდით, სანამ დროა!

AutoSharing Option
ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 150 დღეზე ნაკლებია. ფინალური ეტაპის 32 მონაწილე ნაკრების ათეულობით ფეხბურთელს კიდევ უფრო ცოტა დრო რჩება, ბრაზილიის თვითმფრინავებზე ადგილის დასაჯავშნად.

მათ სწორედ ახლავე უნდა დაუმტკიცონ თავიანთი ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებს, რომ მუნდიალზე თამაშს იმსახურებენ, რომ ეჭვები მათ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.

ჩვენ მათგან გამორჩეულ ათეულს ჩამოვთვლით - ფეხბურთელებს, რომლებიც ეროვნული ნაკრებების წევრები არიან, მაგრამ საკლუბო დონეზე უთამაშებლობა მუნდიალზე მოხვედრის შანსებს უმცირებს.

ხუან მატა (ჩელსი/ესპანეთის ნაკრები)
დღე არ გავა, ხუან მატას შესაძლო ტრანსფერზე ახალი ჭორი არ გავიგოთ. თუ გავითვალისწინებთ, როგორი
ინტენსივობით თამაშობს ესპანელი "ჩელსიში", ადვილად დავასკვნით, რომ ჟოზე მოურინიოს ის კლუბისთვის ზედმეტად მიაჩნია.

ამას წინათ, "განსაკუთრებულმა" თქვა, ასეთ ბრწყინვალე პლეიმეიქერს სკამზე რომ ვტოვებ, გული მიკვდებაო. თქმით კი თქვა, მაგრამ მატას თამაში მაინც არ ეღირსა.

ბოლო თამაშებიდან ვისენტე დელ ბოსკემ მხოლოდ ერთხელ ათამაშა მატა 90 წუთი ნაკრებში და ესეც ამხანაგურ მატჩში ეკვატორული გვინეის წინააღმდეგ! ექსვალენსიელისთვის მდგომარეობა საგანგაშოა და თუკი მას მუნდიალზე მსოფლიოს ჩემპიონთა რიგებში მოხვედრა სურს, სასწრაფოდ უნდა დატოვოს "ჩელსი".

ერიკ ლამელა (ტოტენჰემი/არგენტინა)
ფეხბურთელი, რომელიც 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი ღირს და მისგან ძალიან ბევრს ელიან.

მაგრამ ახალგაზრდა ფორვარდს ჯერჯერობით უჭირს, ინგლისურ ფეხბურთს ფეხს ვერ უწყობს. ანდრე ვილაშ-ბოაშმა ის მალევე დასვა სათადარიგოთა სკამზე და უკეთესი ბედი ლამელას არც ტიმ შერვუდის ხელში ელის.

ამიტომაც სერია A-ში იჯარით დაბრუნება, მის შანსს, მოხვდეს მუნდიალზე, ნამდვილად გადაარჩენდა.

გასტონ რამირესი (საუთჰემპტონი/ურუგვაი)
2012-ში ახალი "საუთჰემპტონის" აწყობას გასტონ რამირესის ირგვლივ აპირებდნენ, მაურისიო პოჩეტინო ამ მოსაზრებას აშკარად არ იზიარებს.

მხოლოდ 1 იანვარს ეღირსა მას სასტარტოში თამაში, ეს კი კატასტროფაა ნაკრების ფეხბურთელისთვის მუნდიალის წელიწადში.

თუკი რამირესი იტალიურ საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდება, სანაკრებო ადგილის გადარჩენის შანსიც გაუჩნდება.

მიკაელ ესიენი (ჩელსი/განა)
ჟოზეს "ჩელსიში" მოღვაწეობის პირველ პერიოდში ესიენი ნამდვილი ვარსკვლავი იყო "ჩელსიში", ამ ორ ადამიანს ერთმანეთის დიდი პატივისცემა აქვს, თუმცა ეს უკვე აღარ არის საკმარისი.

განელმა მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა ამ სეზონში, ხოლო ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ის საერთოდ არ შეუყვანიათ.

31 წლის ესიენი ვეღარ უძლებს კონკურენციას მოედნის შუაში. ესიენს ჯერ კიდევ მყარი პოზიცია აქვს ნაკრებში, მაგრამ თუ ყველაფერი ისევ ასე გაგრძელდა...

ეშლი კოული (ჩელსი/ინგლისი)
ისევ და ისევ "ჩელსის" ფეხბურთელს უჭირს - მსოფლიო კლასის მცველს კლუბში პრობლემები აქვს. თითქმის ცხადია, რომ როი ჰოჯსონი
მას ბრაზილიაში წაიყვანს, მაგრამ ათამაშებს კი?

მარცხენა მცველის პოზიციაზე ახლა მას აშკარად სჯობს ლეიტონ ბეინსი, რომელიც უფრო ახალგაზრდაცაა, უკეთაც აწოდებს ბურთს და, რაც მთავარია, ბევრს თამაშობს.

ფაბიო კვალიარელა (იუვენტუსი/იტალია)
30 წლის ასაკში ფორვარდი კარიერის გზაგასაყარზეა. "იუვენტუსში" მასზე წინ დგანან კარლოს ტევესი და ფერნანდო ლორენტე.

ჩემპიონატის მატჩებში ბოლო 10-15 წუთის თამაში ფაბიოს შანსებს ვერ გაზრდის იტალიის ნაკრებში, სადაც ასევე დიდი კონკურენციაა წინა ხაზზე. სიმართლე ითქვას, ჩეზარე პრანდელი მას არც განიხილავს სანაკრებო კაცად, მაგრამ "იუვეში" რეგულარული თამაში და გოლები მას ამ შანსს ნამდვილად გაუჩენდა.

ამბობენ, კვალიარელა "ტოტენჰემში" მიდისო...

ჟულიო სეზარი (ქუინზ პარკი/ბრაზილია)
ძალიან ცუდ დროს უმუხთლა მას ბედმა. რა თქმა უნდა, ჟულიო სეზარის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარებათ, მაგრამ ის კლუბში, უბრალოდ, არ თამაშობს.

მისთვის კარგი იქნება ტრანსფერი იანვარში, თორემ საბოლოოდ დაკარგავს ბრაზილიის ნაკრების პირველი მეკარის სტატუსს.

კევინ დე ბრუინი (ჩელსი/ბელგია)
ნიჭიერ ბელგიელს სექტემბრის მერე არ უთამაშია პრემიერლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზეც იშვიათად გამოდის.

თუკი "ვოლფსბურგში" იჯარა შედგება, დე ბრუინის ბედს ძაღლი არ დაყეფს, ბუნდესლიგა მისთვის უკვე ნაცნობი და წარმატებული გარემოა.

ლუიშ ფაბიანო (სან პაულო/ბრაზილია)
ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდში რომ კონკურენციაა, ისე მუნდიალის ფინალის მონაწილე არც ერთ ნაკრებშია. ლუიშ ფაბიანო ძალიან ახლოსაა იმ საფრთხესთან, რომ შინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მაყურებლის როლით დაკმაყოფილებამ მოუწიოს.

ამბობენ, "არსენალს" სურს გამოცდილი ფორვარდი იჯარით აიყვანოსო, თუ ეს გამოვიდა, ფაბიანოს შანსებიც გაიზრდება.

ფაბიო ბორინი (სანდერლენდი/იტალია):
ახალგაზრდა ფორვარდი იჯარით თამაშობს "ლივერპულიდან". მის ანგარიშზე მხოლოდ ორი გოლია და ეს ცოტაა. ვფიქრობთ, სჯობდა ბორინი იჯარით იტალიაში წასული ყო.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული