ბრაზილიაში ვერმოხვედრილნი - ეს გუნდი მუნდიალის მოსაგებად იბრძოლებდა!

AutoSharing Option
ივნისში მსოფლიო ფეხბურთის ზეიმი იწყება. იქ კი ნამდვილი ვარსკვლავების ნაწილი ვერ ითამაშებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ნაკრებები მუნდიალზე ვერ მოხვდნენ.

ზოგის გუნდი მეტისმეტად სუსტია იმისთვის, რომ ასეთი მაღალი მიზანი დაისახოს, ხოლო ზოგის ეროვნული ნაკრები სულ ბოლო წამს ჩამოსვეს ბრაზილიის თვითმფრინავიდან.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა 2014 წლის მუნდიალზე ვერ მოხვედრილთა ნაკრები, 11-ეული და 12 სათადარიგო.

მეკარე
პეტრ ჩეხი (ჩეხეთი)
31 წლის, ჩელსი (ინგლისი)
რა უნდა ითქვას ახალი ჩეხზე? 2004 წლიდან ის ლონდონის "ჩელსის" კარს საიმედოდ იცავს, ჩეხეთის ნაკრებში კი ასზე მეტი კეპი
მოიხვეჭა. ჩეხი დღესაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიიჩნევა.

მცველები
ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთი)
29 წლის, ჩელსი (ინგლისი)
სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპალიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი - "ჩელსის" მცველი საუკეთესო ფორმაშია. ასეთი მაღალი დონის მცველი უთუოდ დააკლდება მუნდიალს.

დანიელ აგერი (დანია)
29 წლის, ლივერპული (ინგლისი)
ტატუების მოყვარულ დანიელ მცველს ბოლო დროს ნაკლებად ენდობა "ლივერპულის" თავკაცი ბრენდან როჯერსი, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს - აგერის გადაბირება ბევრ იტალიურ კლუბს სურს. სხვათა შორის, აგერმა პირველი სანაკრებო გოლი კარიერაში ჩვენი ნაკრების კარში გაიტანა 8 წლის წინათ.

დავიდ ალაბა (ავსტრია)
21 წლის, ბაიერნი (გერმანია)
ავსტრიელი რეკორდმაისტერთან ერთად ტიტულს ტიტულზე იგებს. ნახევარდაცვიდან დაცვის მარცხენა ფლანგზე გადაყვანილი ალაბა, "ბაიერნში" უკონკურენტოა, ეს კი ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით მისი ასაკის გათვალისწინებით.

ნახევარმცველები
მარეკ ჰამშიკი (სლოვაკეთი)
26 წლის, ნაპოლი (იტალია)
სერია A-ში მარეკ ჰამშიკი ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. ის ახლა კარიერისთვის საუკეთესო ასაკშია, თუმცა მისი ნაკრები სლოვაკეთი იმდენად ძლიერი ვერ არის, რომ ზედიზედ მეორედ მოიპოვოს მუნდიალის საგზური.

კრისტიან ერიქსენი (დანია)
21 წლის, ტოტენჰემი (ინგლისი)
დანიელის ინგლისური კარიერა ჯერ ისე ვერ აეწყო, როგორც თავად სურს და მის ტალანტს შეეფერება, თუმცა ეს შეფერხება მაინც დროებითია. მომავალი მისია, შრომისმოყვარე, დაუღალავი და ტექნიკური ერიქსენი დანიური ფეხბურთის დღევანდელი მარგალიტია. ბუნებრივია, ის წელს დანიის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს (მეორედ).

აარონ რემზი (უელსი)
22 წლის, არსენალი (ინგლისი)
მას მერე, რაც სესკ ფაბრეგასი მშობლიურ "ბარსელონას" დაუბრუნდა, რემზის კარიერა მაღლა და მაღლა წავიდა. ამ სეზონში კი "არსენალის" ნახევარმცველი სასწაულებრივ ფორმაშია. მიუხედავად იმისა, რომ სიღრმიდან უტევს, მის ანგარიშზე ძალიან ბევრი გოლია.

არდა თურანი (თურქეთი)
26 წლის, ატლეტიკო (ესპანეთი)
დიდხანს გაგვიჭირდა არჩევანის გაკეთება სომეხ ჰენრიხ მხითარიანსა და თურქ არდა თურანს შორის, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა მაინც ამ უკანასკნელს მივანიჭეთ. "ატლეტიკოს" წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი უაღრესად ტექნიკური არდა თურანიცაა.

ფორვარდები
გარეთ ბეილი (უელსი)
24 წლის, რეალი (ესპანეთი)
მუნდიალი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე დარჩა. რას ვიზამთ. უელსის ნაკრები მეტისმეტად სუსტია.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)
32 წლის, პსჟ (საფრანგეთი)
წლეულს "ოქროს ბურთის" მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატი იყო, თუმცა სამ ნომინანტში ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, იბრა ალბათ საუკეთესო ცენტრფორვარდია მსოფლიოში და დასანანია, რომ მუნდიალი მის გარეშე ჩაივლის.

რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)
25 წლის, დორტმუნდი (გერმანია)
მომავალი სეზონიდან ალბათ "ბაიერნში" ვიხილავთ, პოლონელი ფორვარდი ძალზე პროდუქტიულია საკლუბო დონეზე. მუნდიალზე ნაკრებს 23 ფეხბურთელის წაყვანის უფლება აქვს. ამიტომაც ამ თერთმეტეულთან ერთად გთავაზობთ 12 სათადარიგოსაც. მით უფრო, რომ ამ სიაშიც ბევრ საინტერესო ფეხბურთელს აღმოაჩენთ.

სათადარიგოები
12. სამირ ჰანდანოვიჩი (სლოვენია), 29 წლის, ინტერი (იტალია), მეკარე
13. ვოიცეხ შჩესნი (პოლონეთი), 23 წლის, არსენალი (ინგლისი), მეკარე
14. მარტინ შკრტელი (სლოვაკეთი), 29 წლის, ლივერპული (ინგლისი), მცველი
15. ალექსანდარ კოლაროვი (სერბეთი), 28 წლის, მანჩესტერ სიტი (ინგლისი), მცველი
16. მატია ნასტასიჩი (სერბეთი), 20 წლის, მანჩესტერ სიტი (ინგლისი), მცველი
17. ჰენრიკ მხითარიანი (სომხეთი), 24 წლის, დორტმუნდი (გერმანია), ნახევარმცველი
18. რუსლან როტანი (უკრაინა), 32 წლის, დნიპრო (უკრაინა), ნახევარმცველი
19. ბალაშ ჯუჯაკი (უნგრეთი), 27 წლის, დინამო მ (რუსეთი), ნახევარმცველი
20. პიერ ემერიკ ობამეიანგი (გაბონი), 24 წლის, დორტმუნდი (გერმანია), ფორვარდი
21. მირკო ვუჩინიჩი (ჩერნოგორია), 30 წლის, იუვენტუსი (იტალია), ფორვარდი
22. გორან პანდევი (მაკედონია), 30 წლის, ნაპოლი (იტალია), ფორვარდი
23. ემანუელ ადებაიორი (ტოგო), 29 წლის, ტოტენჰემი (ინგლისი), ფორვარდი

ფეხბურთელები, რომელთა მოხსენიება ასევე შეიძლება:

ანდრეას ისაკსონი (შვედეთი), ლუკაშ პიშჩეკი (პოლონეთი), ნური შაჰინი (თურქეთი), მეჰდი ბენატია (მაროკო), გილფი სიგურდსონი (ისლანდია), ევგენი კონოპლიანკა (უკრაინა), ჩარლი ადამი (შოტლანდია), ხუან არანგო (ვენესუელა), პაპის სისე (სენეგალი), რობი კინი (ირლანდია), ჯეფერსონ ფარფანი (პერუ), ფილიპ ჯორჯევიჩი (სერბეთი), ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი) და დემბა ბა (სენეგალი).

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მწვრთნელი - ქეცბაია :D
გოგა
10:03 05-01-2014
0
კაშოსაც ჩასვამდა კაცი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული