მექსიკის ნაკრებს ტრაპი მიხედავს?

AutoSharing Option
ჯოვანი ტრაპატონი თავისას მაინც არ იშლის! 74 წლის ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი, რომელიც ამას წინათ ირლანდიის ნაკრებიდან გაათავისუფლეს, "ლა რეპუბლიკის" ინფორმაციით, მექსიკის ფეხბურთის ფედერაციასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და დიდი შანსია, მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

მექსიკას, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზეც იასპარეზებს, ახლა მიგელ ერერა წვრთნის, რომელსაც ეს ინფორმაცია გააოცებდა...

ტრაპატონი ირლანდიის ნაკრებიდან მას მერე გაათავისუფლეს, რაც მუნდიალის შესარჩევ ციკლში, C ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, ჩამორჩა რა გერმანიას, შვედეთსა და ავსტრიას. მექსიკის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთდროულად ოთხი დამრიგებელი გამოიცვალა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ჯგუფში
ბრაზილიასთან, ხორვატიასთან და კამერუნთან ერთად მოხვდა.

ახალ ზელანდიასთან გამართულ საპლეიოფო შეხვედრებში (4:2, 5:1) მექსიკის ნაკრებს მიგელ ერერა ხელმძღვანელობდა და მუნდიალის საგზურის მოპოვების შემდეგ მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის პასუხისმგებელმა დირექტორმა ექტორ გონსალეს ინარიტუმ განაცხადა, რომ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზეც ეს სპეციალისტი წაიყვანდა და 2018 წლის მუნდიალისთვისაც მოამზადებდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ვითარება ისევ შეიცვალა. ერერამდე მექსიკის ნაკრებს ვიქტორ მანუელ ვუკეტიჩი თავკაცობდა - გუნდი პლეი ოფამდე სწორედ მან მიიყვანა და მიუხედავად ამისა, მაინც შეცვალეს.

განვლილ ციკლში, ამ ორი სპეციალისტის გარდა, მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობა ხოსე მანუელ დე ლა ტორემ და ლუის ფერნანდო ტენამაც მოასწრეს. როგორ ფიქრობთ, თუ დაინიშნა, რამდენ ხანს გაძლებს მექსიკაში უბერებელი ტრაპი?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული