ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა

AutoSharing Option
ლეგენდარული ზინედინ ზიდანის კარიერა მჭიდროდაა დაკავშირებული ბრაზილიის ნაკრებთან.

ზიზუმ თავისი მდიდარი კარიერის გზაზე, "სელესაოს" წინააღმდეგ ორი დიდებული მატჩი ჩაატარა, რომლებიც სამუდამოდ დარჩება ისტორიაში, როგორც კლასიკა.

ცოტა ხნის წინ ფრანგი ბრაზილიაში სტუმრად იყო და ფიფას ოფიციალურმა საიტმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, ზიდანს გაესაუბრა.

- როგორი გრძნობაა, როდესაც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის ფრაგმენტებს უყურებთ? მაშინ ბრაზილიასთან შეხვედრაში თქვენ გაიბრწყინეთ.
- სასიამოვნოა. სიმართლე ითქვას, ჩემი მატჩების ვიდეოებს ხშირად არ ვუყურებ, მაგრამ კარგი მოგონებები ადვილი გასახსენებელია. ის რაღაც მაგიური დღე იყო
ჩვენთვის, მეც და ჩემი თანაგუნდელებიც ვგრძნობდით ამას. მართლაც გამორჩეული თაობა გვყავდა და განსაკუთრებული პერიოდი გახლდათ.

- ეს თქვენი კარიერის პიკი იყო?
- ასე ამბობენ, მაგრამ სიმართლე თუ გინდათ, მე ასეთი დარწმუნებული არ ვარ. საერთოდ, რა საჭიროა ეს "იარლიყები"? არ მესმის. სხვა მატჩებიც მახსენდება, რომლებიც კარგად მაქვს ჩატარებული და იმ შეხვედრას არ ჩამოუვარდებოდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით.

- თუმცა იმის უარყოფა არ შეიძლება, რომ ბრაზილიასთან განსხვავებული შემართებითა და მოტივაციით გამოგდიოდათ თამაში. 2006 წლის გარდა, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალიც შეგვიძლია გავიხსენოთ. გამოდის, რომ ბრაზილია თქვენთვის ყველაზე მისაღები მეტოქე იყო.
- შესაძლოა. როდესაც სხვა ყოფილ ფეხბურთელებს ვესაუბრები, ისინი ბრაზილიას საუკეთესო საფეხბურთო ქვეყნად თვლიან და ფაქტია, ბრაზილიელები მეც სხვანაირად შთამაგონებდნენ ხოლმე. "სელესაოსთან" თამაშებისას მეც და ჩემი თანაგუნდელებიც ვგრძნობდით, რომ ყველაფერი შეგვეძლო. ფავორიტი ყოველთვის მეტოქე იყო და ხშირად სწორედ ასეთ დროს ახერხებ შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოვლენას.

- იმ შეხვედრებში თქვენ ბრაზილია გაანადგურეთ, მაგრამ აქაურ ხალხს თქვენი საწინააღმდეგო მაინც არაფერი აქვს. ბრაზილიაში თავს ისე გრძნობთ, როგორც სახლში?
- განადგურება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ჩვენ, უბრალოდ, მოვიგეთ. მართალია, ვერანაირ აგრესიას და ნეგატივს ვერ ვხედავ ხოლმე, როდესაც აქ ჩამოვდივარ, ქვებსაც არავინ მესვრის... პირიქით, მეუბნებიან, რომ აფასებენ იმას, რაც მე გავაკეთე მათი ნაკრების წინააღმდეგ და შთაბეჭდილების ქვეშ არიან.

სხვათა შორის, 1998 წლის მუნდიალის ფინალის მეორე დღეს შემთხვევით ბრაზილიელთა მწვრთნელს, მარიო ზაგალოს შევხვდი და მისმა სიტყვებმა ამაღელვა - ზაგალომ მითხრა, რომ მას თავის გუნდში ერთი არაბრაზილიელის ჩასმა რომ შეძლებოდა, მე ამირჩევდა. "პროფესორისგან" ასეთი სიტყვების მოსმენა დიდი კომპლიმენტია.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრაზილიასთან გარკვეული კავშირი ყოველთვის გქონდათ.
- ნამდვილად. პატარა რომ ვიყავი, სამეზობლოსთან ერთად ფეხბურთის თამაშისას ვირტუალურ მსოფლიო ჩემპიონატებს ვაწყობდით და თქვენი აზრით, რომელი ქვეყნის სახელით უნდოდა ყველას გამოსვლა? რასაკვირველია, ბრაზილიის. ასე რომ, ეს ქვეყანა ყოველთვის დაკავშირებული იყო ჩემთან. მერე კი ოცნება ამიხდა, მუნდიალზე რეალურად ვითამაშე და ბრაზილიასთან თამაშის შანსი მომეცა. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: "ესეც ასე! გადი მინდორზე და მიიღე სიამოვნება. ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს? წაგების შემთხვევაშიც, განსაკუთრებით არავინ გაბრაზდება შენზე. დაიხარჯე მაქსიმალურად, გაერთე და ისიამოვნე. ხოლო თუ ბრაზილიის დამარცხებას მოახერხებ, კარიერის ბოლოს რაღაც გექნება გასახსენებელი".

- როგორია პირველი მოგონებები, რომელიც ბრაზილიურ ფეხბურთს უკავშირდება?
- 1982 წლის მუნდიალი. მაშინ 10 წლის ვიყავი და ახლაც ნათლად მახსოვს ყვითელი მაისურით მოთამაშე სოკრატესი, ზიკო, ჟულიო სეზარი... იმ ნაკრებში ძალიან ბევრი ვარსკვლავი იყო.

- რომელმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დატოვა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
- ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, რადგან ბევრია ასეთი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მასთან ერთად თამაშის ბედნიერება მქონდა, რონალდოს დავასახელებ.

- რა სიტყვები მოგდით თავში, როდესაც გესმით - ბრაზილია?
- ზეიმი, სიამოვნება, ბედნიერება, ყვითელი მაისურა! კლასი და დიდება. ასევე, ხალხი, რომელმაც იცის თავისი საქმე და დარწმუნებული ვარ, ბრწყინვალე ტურნირი გამოვა.

- იქ საფრანგეთიც იქნება. რას იტყვით შესარჩევი ეტაპის სირთულეებზე?
- საფრანგეთი გავიდა - ეს კარგი ამბავია. საფრანგეთი ის ნაკრებია, რომელიც უნდა იყოს მსოფლიოს ჩემპიონატზე. საკვალიფიკაციო ეტაპი ახლა უკვე წარსულია, მთავარია, მუნდიალზე ვითამაშებთ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს სირთულეები, რომლებიც ნაკრებს გზად შეხვდა, ფინალურ ეტაპზე დაეხმარება?
- რასაკვირველია. საკვალიფიკაციო ეტაპი ძალიან რთული მონაკვეთია და როდესაც ბარიერებს გადალახავ, საკუთარ თავს ეუბნები: "შენ ეს შეძელი!" თუმცა ფინალური ეტაპი 6 თვის მერე იმართება, რადიკალურად განსხვავებული შეჯიბრებაა და სხვანაირ მომზადებას მოითხოვს. იმედი მაქვს, ივნისში საფრანგეთი ტურნირისთვის ფიზიკურადაც მზად იქნება და ფსიქოლოგიურადაც.

- როგორ აფასებთ "ლურჯების" შანსებს მუნდიალზე?
- ნაკრებს კარგი შანსი აქვს. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ისინი ყოველმხრივ მზად უნდა იყვნენ, როდესაც მომენტი მოვა. თანაც, მსოფლიოს ჩემპიონატამდე დაახლოებით ნახევარი წელია და ჯერ საუბარი ცოტა ნაადრევია. ზოგადად, საფრანგეთს ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კვალის დატოვება შეუძლიათ.

- როგორი შეგრძნებაა მსოფლიოს ჩემპიონობა? რას ნიშნავს ეს პერსონალურ დონეზე?
- ეს ყველაზე ტკბილი ლუკმაა, ეს პიკია, რომლის ზემოთაც ვეღარაფერი იქნება. უამრავი ფეხბურთელი ოცნებობს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე, მაგრამ მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს ამას. როდესაც მუნდიალზე მოხვდები, მერე უკვე გინდა, რომ რაც შეიძლება შორს წახვიდე, ფინალში გახვიდე, მოიგო, გოლი გაიტანო... როდესაც ამ ყველაფერს გააკეთებ, თავი მსოფლიოს სათავეში გგონია! ეს ყველა ფეხბურთელის უდიდესი ოცნებაა.

- და რას ნიშნავს მსოფლიოს თასი ქვეყნისთვის?
- ძალიან ბევრს. ჩვენ ეს 1998 წელს გამოვცადეთ. გვახსოვს, რა ხდებოდა ქუჩებში და გასაოცარია, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთს ხალხის გაერთიანება. ეს სპორტის მეშვეობით მაინც შევძელით.

- ბრაზილიის მუნდიალისგან რას ელით?
- როგორც ყველა, საზეიმო და განსაკუთრებულ ატმოსფეროს. ბრაზილია ფეხბურთის ქვეყანაა. შესაძლოა, ფეხბურთის სამშობლოდ ინგლისი ითვლება, მაგრამ მის განვითარებაში ბრაზილიამ არანაკლები როლი ითამაშა. ეს უდავოდ გამოსარჩევი ჩემპიონატია, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება. არჩევანის წინაშე რომ დაგაყენონ, სწორედ ამ მუნდიალს აირჩევდი.

- ფავორიტად ვინმე მიგაჩნიათ?
- კარგი იქნება, თუ სამხრეთ ამერიკაში ევროპული ნაკრები გაიმარჯვებს, მაგრამ გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ვხედავ. სუსტი გუნდები ამ ეტაპზე აღარ არსებობენ. გამორჩეულ ნაკრებებსა და დანარჩენებს შორის დიდი სხვაობა იყო ხოლმე, მაგრამ ახლა ეს სხვაობა ძალიან შემცირებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზინედინ ზიდანი: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელობაზე ვოცნებობ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული