მუნდიალი 2014: რა, სად, როდის

AutoSharing Option
6 დეკემბერს ბრაზილიურ კურორტ კოსტა დო საუიპეზე 2014 წლის მუნდიალის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება და მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ფორუმის 32 მონაწილე მეტოქეთა ვინაობას შეიტყობს. მოდი, ვნახოთ, რას უნდა ველოდეთ ამ კენჭისყრისგან.

როდის არის კენჭისყრა
მუნდიალის დასრულებამდე 200 დღეც არ დარჩა და მსოფლიო ნელ-ნელა მსოფლიოს ჩემპიონატით "იქოქება". პარასკევს კი 32 რჩეული ნაკრების მწვრთნელები, ფეხბურთელები და ფანები ჯგუფებში მეტოქეების ვინაობას შეიტყობენ.

კოსტა დო საუიპე ბაიას შტატის კურორტია. სწორედ იქ, ადგილობრივი დროით 13 საათზე (ჩვენი დროით - 19 საათზე) გაიმართება მუნდიალის ჯგუფური ეტაპის
კენჭისყრა.

შოუს ბრაზილიელი მსახიობები, ფერნანდა ლიმა და როდრიგო ილბერტი წაიყვანენ. კიდევ ბევრი ბრაზილიელი მსახიობი თუ "სელებრითი" მიიღებს შოუში მონაწილეობას, რომელთა გვარები შესაძლოა, ჩვენ ბევრს არაფერს გვეუბნება, მაგრამ ლათინურ ამერიკაში ერთობ პოპულარულია. მათ გარდა, ცერემონიაში მონაწილეობას კაფუ, ფაბიო კანავარო, მარიო კემპესი, ლოთარ მათეუსი, ზინედინ ზიდანი და ჯეფ ჰერსტი მიიღებენ.

როდის არის თავად მუნდიალი
ზაფხულში, 12 ივნისს, სან პაულოს სტადიონი გახსნის მატჩს უმასპინძლებს. ერთ-ერთი მონაწილე უკვე ცნობილია - მასპინძელი ბრაზილია. ჯგუფური ეტაპი 26 ივნისს დასრულდება, ორიოდ დღეში კი პლეი ოფი დაიწყება. 8 და 9 ივლისს ორი ნახევარფინალია, 13 ივლისს კი რიო დე ჟანეიროში ტურნირის მშვენება - ფინალი გველის!

რომელი ნაკრები რომელ კალათშია
ფიფას (ოღონდ ოქტომბრის თვის) რეიტინგის მიხედვით, 7 საუკეთესო ნაკრები განთესილია. ესენია: ესპანეთი, გერმანია, არგენტინა, კოლუმბია, ბელგია, ურუგვაი და შვეიცარია. ამათ ემატება ბრაზილია.

მე-2 კალათში არიან: 4 ჩრდილოამერიკული ნაკრები (აშშ, მექსიკა, კოსტა რიკა და ჰონდურასი) და 4 აზიურ/ოკეანეთური (იაპონია, კორეა, ირანი და ავსტრალია).

მე-3 კალათში არიან: 5 აფრიკული გუნდი (კოტ დივუარი, განა, ალჟირი, ნიგერია და კამერუნი), 2 სამხრეთამერიკული (ჩილე და ეკვადორი) და 1 ევროპული, რომელიც რეიტინგით ყველაზე სუსტია, ანუ საფრანგეთის ნაკრები.

მე-4 კალათში არიან სხვა ევროპული გუნდები (ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, პორტუგალია, ბოსნია, საბერძნეთი, რუსეთი და ხორვატია).

აქვე ერთი წესიც - ევროპიდან ჯგუფში მხოლოდ 2 ნაკრებია დაშვებული.

ასე რომ, ჩვენ შეიძლება ასეთი "სიკვდილის ჯგუფი" მივიღოთ: ბრაზილია, აშშ, საფრანგეთი და პორტუგალია. ანაც - ასეთი "სიცოცხლის ჯგუფი": შვეიცარია, ჰონდურასი, ალჟირი და ბოსნია.

ბილეთები
10 ოქტომბერს მუნდიალის დასასწრებ ბილეთებზე პირველი შეკვეთები დასრულდა და სულ 6,2 მილიონი ბილეთის მოთხოვნაა მისული საორგანიზაციო კომიტეტში. ეს შეკვეთები მსოფლიოს 203 ქვეყნიდან დაიგზავნა, მათ შორის, საქართველოდანაც.

ყველაზე მეტი შეკვეთა 13 ივლისს "მარაკანაზე" გასამართ ფინალზეა - 752 ათასი ბილეთი. ბუნებრივია, მომთხოვნთა აბსოლუტური უმრავლესობა ხელცარიელი დარჩება. როდესაც ბილეთების გაყიდვა დაიწყო, პირველ 7 საათში 1,1 მილიონი ბილეთი უკვე გაიყიდა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული