უკრაინა-ინგლისი 0:0 - ლონდონელი ცენტურიონი

AutoSharing Option
უკრაინა-ინგლისის შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ლოგიკურად აღნიშნა, რომ შედეგი კანონზომიერი იყო.

უგოლო დაპირისპირების მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. საეჭვო იყო არბიტრის გადაწყვეტილება მატჩის დებიუტში, როცა პედრო პროენშამ ჯო ჰარტის მიერ რომან ზოზულიას წაქცევისთვის 11-მეტრიანი არ დანიშნა. ჩვენი აზრით, პორტუგალიელს აუცილებლად უნდა დაესტვინა. ზოგადი სურათი ასეთი იყო: უკრაინა მეტს უტევდა და უფრო მონდომებული ჩანდა, თუმცა არც მასპინძელთა კარის დარაჯი ანდრეი პიატოვი მდგარა უსაქმოდ.

სტუმრებმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოახერხეს ქულის მოპოვება, რამაც მათ ჯგუფში ლიდერის
პოზიცია შეუნარჩუნა. ჰოჯსონის გუნდს ოქტომბერში ჩერნოგორიასა და პოლონეთთან დარჩა სათამაშო, თანაც ორივე საკუთარ მოედანზე. ასე რომ, თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატი ინგლისის გარეშე არ ჩაივლის.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფრენკ ლემპარდის იუბილე. მან ეროვნულ გუნდში მე-100 თამაში ჩაატარა. აქედან 99 - "ჩელსის" ფეხბურთელის რანგში. ინგლისურმა პრესამ ფეხბურთელს ნაკრების ცენტურიონი უწოდა. გეტყვით, რომ რომის იმპერიაში ეს უკანასკნელი 100 კაცის მეთაურს ნიშნავდა.

მატჩის შემდგომ
როი ჰოჯსონი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი):
"ვფიქრობ, რომ შეხვედრა სამართლიანი შედეგით დასრულდა. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. მოგებაც კი შეგვეძლო, ბოლო წუთებზე ლემპარდს უფრო ზუსტად რომ დაერტყა.

ძირითადში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი მყავდა, რომელიც 70 ათასი ადამიანის წინაშე თამაშს შეჩვეული არ არის. მათთვის უცხო იყო ტრიბუნების მხრიდან ამხელა ზეწოლა. ამიტომაც მგონია, რომ მიღწეულით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. დღეს რუნი ან სტარიჯი რომ გვყოლოდა, შესაძლოა, მეტის პრეტენზიაც გაგვჩენოდა
".

ფრენკ ლემპარდი (ინგლისი): "უკრაინამ ჩვენზე უკეთ ითამაშა. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ პირველ ტაიმში. უოლკოტსა და ჯერარდს კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ არ გაგვიმართლა. მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა საკუთარ ნახევარზე გამოგვამწყვდიეს. ასეთ ძლიერ გუნდთან გასვლაზე ქულის აღება მშვენიერი შედეგია.

ჩემს მიღწევას რაც შეეხება, ცხადია, განსაკუთრებული საღამო იყო. წარსულს როცა ვიხსენებ, ვხვდები, რომ აქამდე ძალიან დიდი გზა გამოვიარე და ვამაყობ ამით
".

ევგენი კონოპლიანკა (უკრაინა): "ვფიქრობ, ფრე უფრო მეტად ინგლისს აძლევდა ხელს. ერთი მხრივ, ამას ვაცნობიერებდით, მაგრამ მეორე მხრივ, თუკი აქცენტს შეტევაზე გავაკეთებდით, სტუმარს სწრაფი ფეხბურთელების წყალობით კონტრშეტევაზე მეტი შანსი მიეცემოდა. ცოტა ალბათ ბედმაც გვიმუხთლა, თორემ სტანდარტულებიდან შანსი რამდენჯერმე შეგვექმნა".

ანდრეი იარმოლენკო (უკრაინა): "ლოგიკური შედეგი მივიღეთ, თუმცა ქულამ უფრო მეტად ინგლისი დააკმაყოფილა, რადგან ჯგუფში ზუსტად რომ ერთი ქულით გვისწრებს. წინ კიდევ ორი თამაში გვაქვს. პირველ ადგილზე გასვლის შანსს ვინარჩუნებთ. ვნახოთ, როგორ ითამაშებს ჩვენი დღევანდელი მეტოქე პოლონეთსა და ჩერნოგორიასთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: ჰოლანდიამ და იტალიამ ბრაზილია გაინაღდეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული